არღვევს თუ არა პრემიერ-მინისტრი კანონს

არღვევს თუ არა პრემიერ-მინისტრი კანონს

   ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კანონმდებლობა დაარღვია, როდესაც მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის რეიტინგი 6%-ია. ამასთან დაკავშირებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უწყებათაშორის კომისიას მიმართა. როგორც 24 აპრილს დათარიღებულ წერილში წერია, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ამომრჩეველთა მხოლოდ 6%-ის მხარდაჭერა აქვს და ამის თქმის საფუძველს არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები აძლევს.

   "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ მცდარი ინფორმაციის გავრცელების თანადროულად, საზოგადოებას საჯაროდ არ მიაწოდა გამოკითხვის დამკვეთი პირი, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, დამფინანსებელი, კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა, კვლევის ჩატარების დრო, გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი, რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა, ეფუძნებოდა თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა, შერჩევის ზომა, ცდომილების ფარგლები. ამ მიმართებით საგულისხმოა, რომ საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, "არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი, გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები", - აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და აღნიშნავს, რომ იმავეს ითხოვს საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-11 პუნქტი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: