არჩევნების გასაშუქებლად მედიასაშუალებების რეგისტრაცია 12 ივნისს 18 საათამდე იქნება შესაძლებელი

არჩევნების გასაშუქებლად მედიასაშუალებების რეგისტრაცია 12 ივნისს 18 საათამდე იქნება შესაძლებელი

   საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 2014 წლის თვითმართველობის არჩევნების გასაშუქებლად მედიასაშუალებების რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის გავლა 12 ივნისს 18 საათამდე იქნება შესაძლებელი.

   აკრედიტაციის მისაღებად მედიაორგანიზაციების წარმოამდგენლებმა ცესკოში, ან საოლქო საარჩევნო კომისიებში განცხადება უნდა წარადგინონ, რომელშიც რეგისტრაციის მსურველი ჟურნალისტების სახელები, გვარები და პირადობის მოწმობის ასლები იქნება თანდართული.

აკრედიტირებულ მედიასაშუალებებს უფლება აქვთ დაესწრონ საარჩევნო კომისიების სხდომებს, კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იყვნენ კენჭისყრის შენობაში და დააკვირდნენ კენჭისყრისპროცესის ყველა ეტაპს. კენჭისყრის დღეს ერთსა და იმავე მედიაორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლი.

   არსებული რეგულაციებით, კენჭისყრის დღეს შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ. დაუშვებელია - კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის კაბინის, ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია. გარდა ამისა, მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო უბანზე მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში შეუძლია აწარამოოს თავისუფალი ფოტო-ვიდეო გადაღება, შემდეგ კი მისთვის გამოყოფილ ადგილი უნდა დაიკავოს. 

   განსაზღვრული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია, ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას პირის კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: