5 დევნილი სტუდენტისათვის ერთი წლის დაფინანსება იქნა გამოყოფილი

5 დევნილი სტუდენტისათვის  ერთი წლის დაფინანსება იქნა გამოყოფილი

   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კომპანია "გალფთან",  კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობისათვის,  თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 

   სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა მინისტრის მოადგილე  მამუკა ცოტნიაშვილმა, ხოლო "გალფის" მხრიდან გენერალურმა დირექტორმა გიორგი დევაძემ.  თანამშრომლობა  ითვალისწინებს  უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დევნილ სტუდენტთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობას.  

   მემორანდუმის ფარგლებში  სამინიტრომ კომპანიას შესთავაზა  100 დევნილი  სტუდენტის სია, რომელთაგან კომპანიამ საკუთარი კრიტერიუმების საფუძველზე 5 სტუდენტი შეარჩია და სწავლის ერთი წლის საფასური  დაუფინანსა. 

   მინისტრის მოადგილის მამუკა ცოტნიაშვილის განცხადებით,  სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს დევნილი სტუდენტების განათლების ხელშეწყობას. 

   "5 დევნილი სტუდენტისათვის  ერთი წლის დაფინანსება იქნა გამოყოფილი, იმისათვის რომ მათ მოახერხონ სწავლის გაგრძელება.  დევნილ სტუდენტებს არ აქვთ საშუალება  განათლების ხარჯები გაწიონ და როდესაც გამოჩნდება ქველმოქმედი ამ ბავშვებს იმედი უჩნდებათ, რომ მარტოები აღარ არიან,"- განაცხადა  მამუკა ცოტნიაშვილმა.

   შერჩეული სტუდენტები ხუთი  უმაღლესი  სასწვლებელის  სხვადასხვა სპეციალობას წარმოადგენენ.  დაფინანსებულთა შორის  არიან იურიდიული, ბიოტექნოლოგიური, ბიზნეს ადმინისტრირების და  ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები. 

   დევნილთა და განსახლების სამინისტრო მომავალშიც  გააგრძელებს  დევნილ სტუდენტთა სწავლის ხელშეწყობისათვის გზების ძიებას. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: