ვაჟა ბერიძე: ხელისუფლებამ ჯერ ხალხს უნდა მოუსმინოს და მერე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება!

ვაჟა ბერიძე: ხელისუფლებამ ჯერ ხალხს უნდა მოუსმინოს და მერე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება!

რა გახდა  ანტიდისკრიმინაციული კანონის აუცილებელი და სასწრაფო წესით პარლამენტში ,,შემოგდების" მიზეზი და დააჩქარებს თუ არა მისი მიღება ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის ხელმოწერას, გვესაუბრება პოლიტიკური ექსპერტი ბ-ნი ვაჟა ბერიძე
– ამ კანონის სასწრაფო წესით განხილვა პარლმენტში, ბუნებრივია, დაკავშირებულია ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტის ხელმოწერასთან, რომელიც, სავარაუდოდ,  ივნისში შედგება. უფრო მეტად, ვფიქრობ, ამ ხელშკრულებაზე ხელმოწერა ვერ დაჩქარდება. აქ გაუგებარი არაფერია. ევროკავშირი, უკრაინის მოვლენების გათვალისწინებით, ჩქარობს, თან გამოცდას უწყობს ქართულ საზოგადოებას – მას აინტერესებს, რამდენად მზად ვართ ჩვენ კომპრომისებისთვის - ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული ღირებულებების გაზიარებისთვის.
– მე არ მგონია, რომ ამ კანონის მიღება – არმიღების საკითხი ევროკავშირთან დაახლოების ხელმშეშლელი ფაქტორი იყოს. აი, ხორვატიამ არ დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება და მისთვის ევროკავშირთან მიმართებაში არაფერი შეცვლილა - იგი არავის დაუსჯია. ჩვენმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც ხალხმა ნდობა გამოუცხადა, იმისდა მიხედვით კი არ უნდა მართონ საქართველო, თუ რას იტყვიან ვაშინგტონში, ბრიუსელში, ან მოსკოვში, არამედ, მოუსმინონ ხალხს და მერე მიიღონ დამოუკიდებელი, პრინციპული და შესაბამისი გადაწყვეტილებები. თუ თვლიან, რომ ამ კანონის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, მიიღონ იგი და მათ ამ ნაბიჯს საზოგადოება შეაფასებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. თუ რეპუტაციის გადარჩენა უნდათ, ყურად იღონ კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა და გადადონ ამ კანონის მიღება, ან პირდაპირ თქვან უარი მის მიღებაზე. ესეც მათგან გაბედულებას და პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს მოითხოვს. ხომ ცხადია, რომ ანტიდისიკრიმინაციული კანონის სადაო ნაწილს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს. ესე იგი რა გამოდის, – თუ პარლამენტი ამ კანონს ამ სახით მაინც მიიღებს, პარლამენტი, მისი უმრავლესობა და უმცირესობა - "ოცნება" და "ნაციონალები" წავლენ ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების წინააღმდეგ. აი ეს არის სულ გასათვალისწინებელი იმ აურზაურში, რომელიც ამ საკითხის განხილვას ახლავს თან. მე მგონი, თუ კითხვას პირდაპირ ვუპასუხებ, შევნიშნავ, რომ უმცირესობათა უფლებები საქართველოში კონსტიტუციითაა გარანტირებული, ხოლო ქართული საზოგადოების ევროპასთან დაპირისპირების პროვოცირებას, ჩემის აზრით, ანტიქართული ძალები ახდენენ!..
- თუ ამ კანონის მიღება დავალება არ არის, რატომ ქმნიან ასეთ აურზაურს ქვეყანაში და რა დივიდენდს მიიღებს ამით ხელისუფლება?!
– ამ კანონის მიღება დავალება ანმდვილად არ არის - ის გამომდინარეობს ევროპასთან დაახლოების კონტექსტიდან. ჩვენი პოლიტიკოსები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან; მათ ან უნდა მიიღონ კანონი, ან უარი თქვან მის მიღებაზე. ორივე შემთხვევაში, გარკვეული პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, ამ კანონის მიღებით ვინ მიიღებს დივიდენტებს გიპასუხებთ:
ამ კანონის მიღებით დივიდენდს მიიღებენ ევროკავშირთან დაახლოების დაჩქარების მომხრეები.
დააკვირდით: ამ კანონს, ჯერ–ჯერობით, მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა, უმცირესობა და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების დამცველები იცავენ!..
-    ...და რას მიიღებს ამით საქართველო?
– ევროპას თუ ვასიამოვნებთ, ჩვენი მისწრაფებები ევროინტეგრაციის მიმართულებით მათგან მეტად იქნება მხარდაჭერილი. ქვეყანა ამ კანონის მიღებით ვერაფერს მიიღებს. სჯობს, შესაბამისმა სტრუქტურებმა ყურად იღონ პატრიარქისა და საზოგადოების მოწოდებები და უარი თქვან, ან გადადონ ამ კანონის მიღება. ვიდრე ქართული საზოგადოება არ იქნება მზად ამდაგვარი კანონების მისაღებად, საკანონმდებლო ორგანომ და ხელისუფლებამ მას იგი თავზე არ უნდა მოახვიოს. ეს უმცირესობების მდგომარეობას, ჩემი აზრით, გააუარესებს კიდეც.
რაც შეეხება ხელისუფლებას, მან დროულად უნდა გააკეთოს არჩევანი პოპულიზმსა და ჭეშმარიტ ეროვნულ ფასეულობებს შორის და გაარკვიოს, რა სჯობს საქართველოსთვის. მხოლოდ ამ გზით მივალთ ჩვენ უმოკლეს ხანში ევროპამდე,

ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: