"საქართველოში არ მახსოვს ისეთი მთავრობა, რამე თქვა და მერე ის შეასრულა"

"საქართველოში არ მახსოვს ისეთი მთავრობა, რამე თქვა და მერე ის შეასრულა"

    ბოლო დღეების განმავლობაში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ უამრავი შეფასება გაკეთდა პოლიტიკოსების თუ არასამთავრობო სექტორის მიერ, ეს ის საკითხია, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს. საინტერესოა რას ფიქრობენ ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ საკითხს პოლიტიკურ ჭრილში არ ხედავენ. ჩვენ ქველმოქმედთა სახლ "მომავლის გზის" ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს დავუკავშირდით.

   _თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც დროის უმეტესი ნაწილის გატარება ბავშვებთან, ჩვენს მომავალ თაობასთან გიწევთ, სწორედ ამიტომ საინტერესოა რას ფიქრობთ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე და რამდენად აისახება ამ სახით მისი მიღება მომავალზე?

   _პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არავის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ გვაქვს, შეიძლება მხოლოდ რჩევა მივცეთ ადამიანს, როცა ის ცუდ საქციელს  სჩადის, თუ გაითვალისწინებს კარგი იქნება, მაგრამ არც მან უნდა მოახვიოს სხვას მისი პირადული თავზე. საქართველო არის ქრისტიანული, მართლმადიდებლური ქვეყანა. უძველესი ისტორიის მქონე ერი ვართ, მებრძოლი და ქართული ტრადიციების მატარებელი ხალხი, ჩვენი სიწმინდე სწორედ ის ტრადიცია და კულტურაა, რაც განსხვავდება მსოფლიოს ყველა ერისგან. ჩვენ განსაკუთრებული ერი ვართ. არავის პირად ცხოვრებაში არ მინდა შევიჭრა და ამას ვასწავლი ჩემს პატარა ბენეფიციარებსაც, მაგრამ მიუღებლად მიმაჩნია ჩვენს ქვეყანაში გზა გავუხსნათ და დავაკანონოთ არატრადიციულობა. ამ კანონის მიღება ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარეთ და მივეცით უფლება ღიად, საზოგადოდ გაუკეთონ პროპაგანდა ამ მიმართულებას, დააარსონ კლუბები თუ სხვა დაწესებულებები და მათი ძირითადი მიზანი იქნება რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეუერთდეს მათ. დღეს ახალგაზრდობაში, მოზარდ თაობაში ისედაც ბევრი პრობლემაა. ახალ თაობაში თანამედროვეობა ისე სწრაფად შემოიჭრა, რომ ბევრმა ვერ განასხვავა კარგი და ცუდი, სამწუხაროდ აირია ერი და გაურკვევლობაშია მომავალი თაობა, ამიტომ ამ კანონის არსებული სახით მიღება კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას.

 _მაგრამ მთავრობა ამბობს, რომ საზოგადოებამ არასწორად გაიგო ამ კანონის არსი და მსგავსი არაფერი ემუქრება ქვეყანას, მათი თქმით ეს კანონი არაფრის დაკანონებას არ ახდენს, უბრალოდ იცავს უმცირესობის წარმომადგენლებს.

   _გასაგებია, დღეს ამბობს მთავრობა, რომ გაუგებრობა არასწორი ინტერპრეტაციის გამო მოხდა, მაგრამ საქართველოში ჯერ არც ერთი მთავრობა არ მახსოვს, რამე თქვა და მერე ის შეასრულა. ამბობენ კანონი მხოლოდ მათ უფლებებს იცავსო. კი, ბატონო, მაგრამ იქამდე მათ ვინმე ერჩოდა, სანამ ქუჩებში არ გამოეფინენ და აღლუმის ჩატარება არ მოინდომეს? ხომ იყვნენ ადრეც ეს ადამიანები, ახლა ხომ არ დაბადებულან. სანამ სადღაც იატაკქვეშ იყვნენ და ხმამაღლა არ მოითხოვეს რაღაც გაუგებარის დაკანონება, მათ არავინ არაფერს უზღუდავდა. აშკარად საზოგადოების გაღიზიანებას ცდილობენ მავანნი ამ საკითხით. ნუ გვიტარებენ აღლუმებს და პიარ-კამპანიებს, სწორედ მათი უფლებების დაცვას მოჰყვება მანიფესტაციები, მათი დღესასწაულის აღნიშვნები, რასაც ქართველი საზოგადოება ვერასდროს შეეგუება.  

   _პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქო და მღვდლები არ უნდა ჩაერიონ ამ საკითხის გადაწყვეტაში.

   _პარტიარქს უნდა ვუსმინოთ და მოვყვეთ მის რჩევებს, სხვანაირად ერი ვერ გადარჩება. საპატრიარქო ვეღარ ერევა ამდენ პრობლემას, რადგან საზოგადოება არეულია, რადგან საქართველოში ამ პოლიტიკურმა გაურკვევლობამ ხალხი დაღალა. 

   _თქვენ "იმედის გმირების" ერთ-ერთი მონაწილე იყავით და ყველამ კარგად იცის, რომ წლებია მომავალი თაობების აღზრდასა და მათზე არუნვაში ატარებთ. დღის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ბავშვებთან გიწევთ ყოფნა, როგორ ფიქრობთ საზოგადოების შეშფოთება აღნიშნული კანონის ამ სახით მიღების თაობაზე რა გავლენას მოახდენს მომავალზე?

  _ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია. მე სერიოზულად ვშიშობ მოზარდ თაობაზე, ბავშვებზე. ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული მენტალიტეტით და ტრადიციების პატივისცემით იცხოვრა, რა პროპაგანდაც არ უნდა გასწიონ გარკვეულმა ჯგუფებმა, არ მოექცევა მათი გავლენის ქვეშ და ძნელია წლების მანძილზე ჩამოყალიბებული შეხედულება უცებ შეიცვალო, მაგრამ სხვა საფრთხის მატარებელია ეს ყველაფერი, როცა საქმე ეხება მოზარდებს. მე თავად შვილების პატრონი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ისე აქვთ ძვალსა და რბილში ქართული ტრადიციები გამჯდარი, რომ არანაირ ფულს და სანახაობას არ დახარბდებიან და საფრთხე ამ მხრივ არ ემუქრებათ, მაგრამ იცით რისი მეშინია? ჩემი შვილი არ გახდეს მოძალადე, მათი უფლებების დამრღვეველი, რადგან ის ქართულად გაიზარდა. მარტო ჩემს შვილებზე არ მაქვს საუბარი. ჩვენს სახლთან ფუნქციონირებს ახალგაზრდული თეატრი, რომლის დასისი წევრები ახალგაზრდა გოგო-ბიჭები არიან, მე ხშირად მიწევს მათთან ყოფნა, კარგად ვიცნობ მათ სულს, შეხედულებებს, მისწრაფებებს, აზრებს და ვიცი, რომ თითოეული მათგანი ერს და ტრადიციებს დიდ პატივს სცემს და ვიცი, რომ არც ერთი მათგანი არ მიიღებს მის ქვეყანაში უმცირესობების აღლუმებს და ვერ შეეგუებიან მათი უფლებების დაკანონებას, რომელიც აუცილებლად შეარხევს ამ ახალგაზრდების უფლებებს. აი, ამიტომ მეშინია არ გახდნენ მოძალადეები თავიანთი უფლებების დასაცავად. მეშინია ამ დაპირისპირებამ არ გამოიწვიოს ქართველი ვაჟკაცებით ციხეების ავსება.  წეღანაც გითხარით და ახლაც ვიმეორებ, არავის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ გვაქვს, მე და ჩემნაირი ადამიანები, რომლებსაც ასე თუ ისე უკვე წლებია გვიცხოვრია, თავს არ მივცემთ უფლებას საკუთარი უფლებების დასაცავად სხვისი უფლებები დავარღვიოთ, მაგრამ ახალგაზრდები უფრო სხვანაირად ფიქრობენ და საშიშია ძალადობის ფორმები არ გამოიყენენ-არ მიაყენენ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უმცირესობის წარმომადგენლებს და ამის გამო ციხეში არ აღმოჩნდნენ.  ბევრი რამ საზოგადოებაზეც არის დამოკიდებული,

   _რა უნდა ქნას საზოგადოებამ?

  _საზოგადოება უნდა ეცადოს ქვეყანას შიდა დაპირისპირება ააცილოს თავიდან, რაც ამ კანონით შესაძლებელია წინ გველოდება. თუ არ იქნა პატრიარქის და საზოგადოების აზრი გათვალისწინებული, არეულობის მომსწრენი გავხდებით, რაც ისევ ჩვენი შვილების მომავლისთვის არის ცუდი. არ უნდა შევუწყოთ ხელი უმცირესობების პროპაგანდის გზით უმრავლესობის გაღიზიანებას. ის, რაც ტელევიზიით მოვისმინეთ გადაცემა "არჩევანში" საგანგაშოა. სირცხვილია ჩვენს ქვეყანაში კაცს კაცი ცოლად გაჰყვეს, ხომ ამოტრიალდებიან ჩვენი წინაპრები საფლავებში. დანაშაულია ვიღაც საჯაროდ ამბობდეს, რომ მისივე სქესის ადამიანს მოიყვანს ცოლად და ბავშვსაც გაზრდიან. 

   _ჩვენ ხომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამ ადამიანმა გამოიყენა თავისი უფლება და  აზრი გამოთქვა საჯაროდ. ეს დანაშაულია თუ სიტყვის თავისუფლება?

_თავისთავად საკუთარი აზრის დაფიქსირება არ არის დანაშაული, მაგრამ მეორე მხრიდან შეხედეთ-დანაშაულია იმ ბავშვის უფლებების დარღვევა, რომელსაც ასეთი ოჯახები იშვილებენ, იქნებ სულაც არ უნდა ამ ბავშვს ასეთ ოჯახში ცხოვრება...ბავშვების შვილების უფლება რომ მიეცემათ ესეც ერთი დიდი უბედურებაა. როგორ ფიქრობთ, რომელ ბავშვებს მიაშვილებენ? აი იმ ბავშვებს, რომლებიც მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ და დედ-მამა არ ჰყავთ. მერე? სად არის გარანტია, რომ ეს ბავშვიც უმცირესობის წარმომადგენელი არ გახდება? პრობლემა საკმაოდ მაშტაბური და შორს მიმავალია, ასე რომ, ღმერთმა ნუ ქნას საქართველოში ერთი სქესის წარმომადგენლების ქორწინება დაკანონდეს! ქართველი არავის მისცემს იმის უფლებას, რომ ერი გაუთახსიროს!

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: