ვის ვირჩევთ, რატომ ვირჩევთ და რას ველოდებით?!

ვის ვირჩევთ, რატომ ვირჩევთ და რას ველოდებით?!

რატომ ხდება, რომ წინასაარჩევნო დღეებში ყველა პოტენციური კანდიდატი ბრილიანტად გადაიქცევა - ღიმილს, შენთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო დაპირებებს არ იშურებს და ისეთ შთაბეჭდილებას შეგიქმნის, რომ თუ იმას აირჩევ, ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება.
როგორც კი შენი რჩეული თავისას გაინაღდებს, უცებ შენსა და მას შორის ყრუ კედელი აღიმართება, ადრინდელი ყალბი ღიმილი პირველი თოვლივით გაქრება, დაპირებებიც ფიქციად იქცევა და პირში ჩალაგამოვლებული საკუთარ თავს საყვედურობ - რატომ მოტყუვდი?!
მიუხედავად იმისა, რომ ასე გრძელდება დაუსრულებლად, შენ მაინც რაღაცას ეპოტინები - ასე გგონია, რომ "ის" "იმაზე" უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, ისევ ვტყუვდებით!..
ადამიანი თავისი ბუნებით ეგოისტია, ყოველთვის ცდილობს შენზე გამორჩეული მდგომარეობა ჰქონდეს - თავისი ქვენა გრძნობები დაიკმაყოფილოს. იმდენად დიდია პატივმოყვარეობის ჭია, რომ... ხშირად გაოცებული რჩები, როგორ შეიძლება ადმიანის ასე გარდასახვა - გუშინდელი ღიმილიანი, "მოწყალე" და ქვეყანაზე შეყვარებული დღეს გულქვა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილად წარმოგიდგეს.
მართალია, საკუთარი უსუსურობის გამო ბოღმა გახრჩობს, მაგრამ ვერაფერს შველი - ის უკვე შენი ნდობის მანდატითაა აღჭურვილი და მოსწრებაზეა - მყარი გარანტია არა აქვს, რომ ისევ აირჩევ! ამიტომ, ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს იყენებს, კარგი ცხოვრება მოიწყოს - ფული დააგროვოს, ბიზნესი გაიჩალიჩოს, თუ მერე დრო დარჩა, ცდილობს რაღაცით დაგამახსოვროს თავი - ყოველ შემთხვევაში ხელში მიკროფონს მაინც დაიჭერს!
კარს მოგვადგა არჩევნები - ქვეყანა მორიგი ფარსისთვის ემზადება. მართალია, ჩვენს სასიკეთოდ არავინ არაფერს არ გააკეთებს, მაგრამ, ვისაც "რჩეულის" მანდატს ვუფეშქაშებთ საკუთარ საქმეს მაინც აიწყობს - ჩვენთვის კი შეიცვლება მხოლოდ სახელები და გვარები. ისინი კი ისევ გულგრილნი და მიუკარებლები იქნებიან.
სრულიად საქართველოზე არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ თბილისის მასშტაბით დასახელებულ კანდიდატებს რომ გადავხედე, არაფერი ახალი და განსაკუთრებული!.. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს - ჩვენ კიდევ ერთხელ მოვტყუვდებით! ვიღაცას ისევ ვენდობით, ვიღაცას ისევ ანგარიშს გავუწევთ, არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდება და ყველაფერი ისევ ძველი გზით წაგრიხინდება!..
მართალია, წინასაარჩევნო დაპირებებს არავინ შეასრულებს, მაგრამ მათ ამის გამო არც არავინ დასჯის - ამის "ტრადიცია" არ არსებობს. საზოგადოება მიეჩვია იმას, რომ მას ანგარიშს არასდროს უწევდნენ და არც მომავალში გაუწევენ.
სწორედ ასეთი დამოკიდებულება განსაზღვრავს იმ რეალობას, რა რეალობაშიც იმყოფება დღეს საქართველო!
ერთი რამ უდავოა: ვიდრე საზოგადოება თავის წარმომადგენელთა შერჩევის კრიტერიუმებს არ დაადგენს და შემდეგ მათ წინასაარჩევნო დაპირებებზე მონიტორინგის მექანიზმს არ შეიმუშავებს, არც არავინ აიტკიებს თავს ქვეყნისა და ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვით და ყველაფერი ისევ ძველი, "ნაცადი" სცენარით გაგრძელდება!
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არაფერს ახალს არ ველოდები ამ არჩევნებისგან.
ვემზადოთ ახალი არჩევნებისთვის, ოღონდ ნებისმიერ არჩევნებს მაშინ ექნება აზრი, თუ ჩვენც შევიცვლებით და ჩვენს უფლებებს ბოლომდე გამოვიყენებთ. შევიცვლებით კი? საკითხავი აი, ეს არის.

 

საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: