ლია მუხაშავრია: შეიძლება სიტუაცია გართულდეს , რადგან წინასაარჩევნოდ ყველა მოინდომებს ანტიდისკრიმინაციული კანონით სპეკულირებას!

ლია მუხაშავრია:  შეიძლება სიტუაცია გართულდეს , რადგან წინასაარჩევნოდ ყველა მოინდომებს ანტიდისკრიმინაციული კანონით სპეკულირებას!

საზოგადოებაში არ ცხრება ანტისაპარლამენტო განწყობა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გამო. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ ,,ივერიონი’ იურისტ  ლია მუხაშავრიას  დაუკავშირდა.

ქალბატონო ლია, პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის უკვე ძალაშია. თქვენ, როგორ იურისტი, როგორ ფიქრობთ, გაართულებს თუ არა მისი ამოქმედება პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოში?

შეიძლება გაართულოს იმდენად, რამდენადაც წინასაარჩევნო პერიოდია და ყველა მოინდომებს ამით სპეკულირებას. ეს კანონი ბევრისთვის იქნება საჯილდაო ქვა.

საზოგადოება ელოდა, რომ პრეზიდენტი ამ კანონს ვეტოს დაადებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

მე არც ველოდი, რომ ვეტოს დაადებდა.  ჩვენი პრეზიდენტი იმდენს შრომობს საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომისთვის, რომ ამ კანონის მიღება უფრო გაუადვილებს ამ მიზნისკენ სვლას. ბევრი ამბობს, რომ ეს კანონი აგრესიული და რეგრესის მომტანია, მაგრამ ასე არ არის, რაც მეტია ქვეყანაში მარეგულირებელი კანონი, მით უკეთესადაა მიღებული უსაფრთხოების ნორმები.

მართალია, საზოგადოებისა და ეკლესიის ვნებათაღელვის შემდეგ, კანონპროექტი ჩასწორდა, მაგრამ, უმრავლესობისთვის ის მაინც მიუღებელია. პატრიარქმა ამას უკანონობის დაკანონება უწოდა. ეს კანონი ხომ არ გახდება მიზეზი ეკლესიასა და ხელისუფლებას  შორის გაჩენილი უფსკრულის გაღრმავებისა?

ეს უთანხმოების საბაბი უფრო მგონია. ეკლესია ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოებრივ სიმშვიდეს, უთანხმოებასა და აგრესიას უნდა ანელებდეს. მე არ გავბედავ ეკლესიის კრიტიკას,  მაგრამ  უთანხმოება ეკლესის პოზიცია უფრო იყო. მას უფრო პროგრესულად უნდა ემოქმედა. ამ კანონის არსი ტოლეტანტობა და სოლიდარობაა, რასაც თვით ეკლესია უნდა ემსახურებოდეს. ,,გიყვარდეს მოყვასი შენი!“ - ამას ქადაგებს ეს კანონი. ეკლესიის პოზიცია ამ მხრივ ჩემთვის გაუგებარია! ერთ-ერთ შეხვედრაზე საეკლესიო პირებმა ვერ დაგვისაბუთეს, რატომ  უნდა შეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს, რომლის იდეებსაც ვატიკანიც ქადაგებს.

ერთია ამ კანონის იურიდიული შეფასება, მეორეა ის ტენდენცია, რაც ასახულია ამ კანონში, რამაც საზოგადოება  ააღელვა. იქნება თუ არა ეს კანონი ინცესტისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინაპირობა?

ინცესტი მსოფლიოს ყველა საზოგადოებაში ხდება, თუმცა ამაზე ღიად არ საუბრობენ. ასეთი შემთხვევები სხვა კანონებითა და მუხლებით  განიმარტება. ინცესტი, რომელსაც ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ, როგორც უსასტიკეს დანაშაულს,  არ ჩაწერილა ამ კანონში (ესაა ახლო ნათესავებს შორის სექსუალური კავშირი).  ერთსქესიანთა ქორწინება ესაა კერძო პირთა კერძო საქმე. ამაში  ეკლესია, მე და თქვენ არ უნდა ჩავერიოთ. მათ ასე სურთ ცხოვრება და ეს არ არის ჩვენი საქმე. 

ე.ი. თქვენ ეთანხმებიოდით  ამ კანონპროექტის დამტკიცებას?

მე  20  წლის ქალიშვილი მყავს. სულაც არ მინდა, მისი მეუღლე ისეთი გეი იყოს, რომელმაც თავისი ორიენტაციის  ,,შესანიღბად“  შეირთო ჩემი ქალიშვილი. ეს უფრო დიდი უბედურებაა თუ ის, რომ მას არ ეშინოდეს საზოგადოებაში თავის წარდგენის?  შვილიშვილი რომ მეყოლოს ,,ასეთი“,  ოჯახიდან ხომ ვერ მოვკვეთ,  ,,ამისგან“  დაზღვეული ვინაა?!

 როგორ ფიქრობთ,  ,,ეს“  მოდაა თუ ავადმყოფობა?

არც ერთი! ასეთად იბადებიან და ხელშეწყობა სჭირდებათ, რათა არ გაირიყონ. 70-იანი წლების გერმანიის ფსიქოლოგიურ კლინიკებში ასეთ ადამიანებს ,,მკურნალობდნენ“  მაგრამ ვერ ,,გამოასწორეს“ .  „ეს“  არ იკურნება!

რას ელოდებით 17 მაისს?

მე ვფიქრობ, რომ  ,,უმცირესობა“  აქციას არ გამართავს, მაგრამ თუ მათი მოწინააღმდეგები გამართავენ, ეს იქნება უბედურება!.

რატომ გახდა აუცილებელი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, როცა  საქართველოს კონსტიტუვცია ისედაც არეგულირებს ადამიანთა უფლებებს?

2013 წლის საერთაშორისო ანგარიშში თომას ჰამერბერგმა თქვა, რომ ჩვენი ერი განსაკუთრებით შეუწყნარებელი და აგრესიულია ,,უმცირესობათა“  მიმართ, თუმცა ამაზე კამათი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ადგილობრივი თვითმმაერთველობის არჩევნები ისევ ძველი სიებით ჩატარდება. შეუწყობს თუ არა ეს ხელს გაყალბებას?

თუ ეს სიები ადრე არ იყო სანდო, ახლა როგორ გახდა?!

შემაშფოთებელია ის, რომ აბ ბოლო ხანს, ეს სიები გაიზარდა, არადა, მოსახლეობის ზრდა შემცირდა.  გამოსავალი იყო არჩევნებში ხმის ბიომეტრული პასპორტებით მიცემა, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა, არადა ოპოზიციაში ყოფნისას ამაზე ყველაზე მეტს გაჰყვიროდნენ, ახლა დუმან. ეს მათ ხელს აძლევთ, არჩევნები გააყალბონ.

რატომ ვერ მოახერხა ოპოზიციურმა სპექტრმა  საერთო  მერობის კანდიდატის დასახელება?

მათ ჭკუა ვერ ისწავლეს და, საერთოდ, პოლიტიკური კულტურა საქართველოში ძალიან დაბალია!

                                                                                         ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: