ანზორ საკანდელიძე: „თბილისი სეისმოუბედურების ზონად უნდა გამოცხადდეს!“

ანზორ საკანდელიძე: „თბილისი სეისმოუბედურების ზონად უნდა გამოცხადდეს!“

გვესაუბრება ასოციაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე

 

- ბატონო ანზორ, მრავალი წელი ხმალამოღებული იბრძოდით  და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდით თბილისის ურბანულ ვითარებას. დღეს რა ვითარებაა  ამ მხრივ  დედაქალაქში?

 

- ეჰ, არაფერი შეცვლილა! რბილად თუ ვიტყვი, თბილისელებს ძალადობრივად ავიწროებენ.  აქ ისეთი რამეები ხდება, რომ ვყვები, არ მიჯერებენ!  ის ვითარება, რაც დღეს დედაქალაქშია,  გიგი უგულავას მერობისდროინდელი ნაოინბაზარია. მშენებლობის უფლების გაცემის დღევანდელი პრინციპი მხოლოდ იმ ვითომ ინვესტორთა საამებლადაა მოგონილი, რომელთა წინაშე თბილისის მოსახლეობა აღმოჩნდა უფლებააყრილი. ამ უკანასკნელი წლების ყველა ახალი შენობა თბილისში უპროექტოდ  აშენდა.

ასეთივე ვითარებაა ზაქარიაძის ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ - ყოფილი ფსიქიატრიულის შენობა გაყიდეს, ოთხი ჰექტარი უნიკალური ტყე-პარკი გაჩეხეს და უპროექტოდ აშენებენ რაღაცას. წელიწადზე მეტია ვითხოვ მისი მშენებლობის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს და არ მაძლევენ. როგორც შევიტყვე, სამშენებლო საქმიანობას TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე  ორგანიზაცია ,,ახალ სამშენებლო კომპანიასთან“ ერთად ეწევა. დედაქალაქის სეისმომდგომარეობის გამო, აქ 12-სართულიანი მშენებლობები აკრძალულია.ამგვარი უსამართლო მშენებლობების კასკადი დაგროვდა უგულავას პერიოდიდან, რომლის მსგავსიც ისტორიას არ ახსოვს.

 

- თქვენ სარისკო განცადებას ავრცელებთ, როცა თბილისის  სეისმობედურების ზონად გამოცხადებას მოითხოვთ. კონკრეტულად რას გულისხმობთ ამაში?

 

- ამას კარგა ხანია ვამბობ! თბილისი უნდა გამოცხადდეს სეისმოუბედურების ზონად, რადგან მიწისძვრების კატასტროფული შედეგებია მოსალოდნელი. ეს ვითარება მსოფლიოსთვისაც ცნობილია, ჩვენთან მხოლოდ ქაღალდზე გამოცხადებულად დარჩა.

 საბჭოთადროინდელი სახლები 7-ბალიან მიძისძვრაზეა გათვლილი, 90-იანი წლების შენობები 7-8-ბალზე,  9-ბალიან მიწისძვრას ვერც ერთი ვერ გაუძლებს, რადგან თბილისში ყველა შენობა, ძველი თუ ახალი,  ამორტიზებულია.

 

- თქვენი აზრით, რატომ არ არსებობს საქართველოში მშენებლობის სამინისტრო. იმიტომ ხომ არა, რომ მშენებლობაზე უკანონო ნებართვა ადვილად მოსაპოვებელ-გასაცემი გახდეს?

 

- ასეთი სამინისტრო არსებობდა საქართველოში და გაუქმდა. იუშენკომაც გააუქმა უკრაინაში, მაგრამ იქ მალევე აღადგინეს. ინგრევა, ხალხო, თბილისში ელიავას ,,შაბაშნიკების“  აგებული შენობები  და პატრონი არავინ ჩანს!

 

- უკანონო მშენებლობების გამო თქვენ ხშირად აკრიტიკებდით  ,,ნაციონალურ მოძრაობას“. დღევანდელ ხელისუფლებას თუ მოუმართავს თქვენთვის ან თქვენ თუ გაგჩენიათ მასთან თანამშრომლობის სურვილი?

 

- გაუქმდა თუ არა მშენებლობის სამინისტრო, ჩვენ მაშინვე შევქმენით  ასოციაცია ,,მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“, მე ვხელმძღვანელობ... ასოციაციის წევრები ცნობილი მშენებლები არიან.

 ჩვენ  რამდენჯერმე მართლაც  მივმართეთ ახალ ხელისუფლებას, 200-მდე წერილში აღვუნიშნეთ, რომ დედაქალაქი არა მხოლოდ სეისმურად, არამედ ეკოლოგიურად დაბინძურებული სამშენებლო მასალებით შენდება, მაგრამ ამ მხრივ დღემდე ვერაფერს მივაღწიეთ. ჩვენი ურთიერთობა იმით დასრულდა, რომ სამშენებლო კოდექსის დასამუშავებლად მიგვიწვიეს. ბოლოს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამაზეც ჯახირობდნენ  და მუშაობას  ვერასდროს დაასრულებდნენ. არადა იმდენი თანხა დაიხარჯა მონიტორინგზე...  ჩვენ რომ დავესვით, უკეთ დავწერდით იმ კოდექსს.

 

- თქვენმა განხცადებამ დედაქალაქში შეიძლება პანიკა გამოიწვიოს.

 

- ზოგი მაფრთხილებს, გაჩუმდიო. მე კი მინდა ჩავაფიქრო მაინც ხელისუფლება. 200-კაციანი მშენებლობის სამინისტრო 7-8-კაციან დეპარტამენტად გადაკეთდა და  ეკონომიკის სამინისტროს დაუქვემდებარეს, რომელსაც ჟურნალისტი თავმჯდომარეობს. ამასწინათ კონფერენციაზე ეკონომიკის მინისტრი ვერ მობრძანდა და ეგ ჟურნალისტი გამოცხადდა. ისიც უხერხულად იყო, მშენებლობაზე ვწერდი ხოლმე, თორემ მშენებლობის რა მესმისო, ამბობდა.

 სააკაშვილის დროს ხალხი შიშით ხმას ვერ იღებდა და ახლაც ეშინიათ ჩემს მეგობრებს გვერდში რომ დამიდგნენ - ისე,  კი მიცხადებენ მხარდაჭერას.

 

- საინტერესოა,  რა ხდება კავკასიონის ქედზე და ხიფათის შემცველია თუ არა ეს ჩვენი ქვეყნისთვის?

 

- ცნობილი გეოფიზიკოსი თამაზ ჭელიძე აცხადებს, რომ კავკასიონის ქედზე მიმდინარებს ქანების რღვევა და მოსალოდნელია 9-იანი დამანგრეველი მიწისძვრა. ქედზე ერთდროულად იღვიძებს რამდენიმე ვულკანი, რაც საგანგაშოა მსოფლიოსთვისაც და ამაზე იწერება. ამის შესახებ მხოლოდ საქართველოში არ იციან. არ ვიცი რამდენად სერიოაულად აღიქვამთ, მაგრამ, მიხეილ ცაგარელმაც აღნიშნა, რომ 2010-2011 წლის დამანგრეველი მიწისძვრისგან  ქართველი ბერების გულმხურვალე ლოცვამ გვიხსნაო. როგორც ჩანს, კვლავ მათ იმედად უნდა ვიყოთ!

 

                                                          ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: