დემურ გიორხელიძე: ,,ვის სჭირდება „მეგრელი ერის“ ავტონომიური რესპუბლიკა?!“

დემურ გიორხელიძე: ,,ვის სჭირდება „მეგრელი ერის“ ავტონომიური რესპუბლიკა?!“

 "ივერიონს"  სადღეისოდ პრობლემატურ საკითხებზე ესაუბრება ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე
-სოციალურ ქსელში თითქმის ყოველდღე ვრცელდება ტექსტური თუ ვიდეოინფორმაციები ზოგიერთ სასულიერო პირთა უზრუნველი და ფუფუნების საგნებით თავმომწონეობის შესახებ. თქვენი აზრით, რა სახსრებს ფლობს დღეს ეკლესია და ე.წ. კომფორტული ცხოვრება მრევლის თვალში ხომ არ აკნინებთ სასულიერო პირებს?
-ცალკეული სასულიერო პირის ცუდი და უპასუხისმგებლო ქმედება, რაგინდ მაღალი სასულიერო ჩინი გააჩნდეს მას, ვერაფერს უნდა აკლებდეს სარწმუნოებას და ეკლესიას, თუმცა ვნებს ამ უკანასკნელს...
ქართულ ეკლესიაში სერიოზული პრობლემებია, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჯანსაღი და რწმენის ერთგული ხალხი ეკლესიის შიგნით დაძლევს ამ სირთულეებს!
მე უფრო  სხვა რამ მაშინებს: ქვეყანაში გაჩნდნენ პროვოკაციული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ეკლესიის დღევანდელ პრობლემებს მისი დაკნინებისთვის იყენებენ...
უფრო მეტიც,  გარედან კარგად დაფინანსებულნი და საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედნი-მათი მარიონეტული ბუნების გამო, ცდილობენ დააკნინონ სარწმუნოება, მისი როლი ქვეყანაში და ამით გზა გაუხსნან ყველა სახის დამანგრეველ და ცნობიერების მაკორექტირებელ ტექნოლოგიებს...
ამ უბადრუკებს არ ესმით, რომ მართლმადიდებლობა ქართული კულტურის სისტემოწარმომქმნელი ფაქტორია და მისი დაკნინება-განადგურება ქართველის , როგორც ერის, განადგურებას გამოიწვევს!..
ცხადია, რაღაც ,,ახალი ქართველი“,  დეგრადირებული, ახალი იდეოლოგიისა და ახალი ბელადების მონა, დარჩება, მაგრამ სხვა გარემოსა და სხვა პატრონაჟის ქვეშ!
აი, ამისკენ მიჰყავთ ამ უბადრუკებს საქმე და სარგებლობენ ეკლესიის ზოგიერთი მესვეურის უპასუხისმგებლობითა და ადამიანური სიხარბით.
-ვრცელდება ინფორმაცია, რომ გალში ,,მეგრელი ერის" ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა იგეგმება. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
-საქართველოში პოლიტიკური აზროვნება სრული კრახის წინაშე დგას! ყალბ იდეა-ფიქსებს და გარედან კარნახსა და მართვას მიჩვეული "პოლიტიკურ ელიტა" არ აქცევს ყურადღებას იმ გამანადგურებელ სოციალურ-ეკონომიკურ ფონს და სრულ უპერსპექტივობას, რაც ქვეყანაში სუფევს... ასეთ გარემოში არაკეთილმოსურნე ძალას შეუძლია ქვეყანაში ყველაფრის პროვოცირება...
,,მეგრელი ერის" ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის  იდეა და რაღაც მოძრაობები არის არა მეგრელების სეპარატიზმის მიმანიშნებელი, არამედ იმ საშინელი პოლიტიკური სიტუაციის ანარეკლი, როცა პოლიტიკური მმართველობა და რეალური მდგომარეობა შეუსაბამოა ერთმანეთთან და აქედან გამომდინარე,  საფრთხეები იზრდება...
თუ ასე გაგრძელდება, ჩვენს არაკეთილმოსურნეებს საშუალებას მივცემთ, დაუმტკიცონ მსოფლიოს ის, რასაც უწევენ პედალირებას, რომ... საქართველო თვითდაშლადი არშემდგარი სახელმწიფოა და ა.შ.
ასევე მალე სხვა პროცესებიც  გაძლიერდება... საქართველოს დეზინტეგრაციისა და დაშლის მომხრე-მოსურნე მხოლოდ ჩვენი ერთი მეზობელი არ არის, რომელზეც აქცენტი ხელოვნურად კეთდება, რომ ამით შეინიღბოს სხვა დამანგრეველი პროცესები... პროვოკატორ პოლიტიკურ ძალებს გაცილებით ღრმად მიმავალი მიზნები აქვთ და ეს საფრთხე რეალურია... მით უფრო, ქართველი ხალხი არ ავლენს სიფხიზლეს და, სანამ საერთოდ არ გართულდება მდგომარეობა, მანამ რეაქცია არ აქვს... ამის თქმის საფუძველს 22-წლიანი გამოცდილება მაძლევს.
-ჟურნალისტებთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ მოხდება. რას ნიშნავს ეს, პრემიერი და პარლამენტის წევრები სხვადასხვაგვარად ფიქრობენ?
-მარიხუანას ლეგალიზება, პროსტიტუციის ლეგალიზება, სწორედ ის ტექნოლოგიებია, პროვოკატორი პოლიტიკური ძალები რომ ცდილობენ და სწორედ იმ გეგმას ახორციელებენ, რაც ზემოთ მოგახსენეთ...
მარიხუანას ლეგალიზება, ნარკოტიკებისადმი ასე მძლავრად მიძალებულ ქვეყანაში, დასასრულის დასაწყისია... სიღარიბე,უმშევრობა, უპერსპექტივობა, კლანურობა, არაეფექტური მმართველობა - ხელს უწყობს ამ სენის გაძლიერებას... მხოლოდ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და პერსპექტივის გაჩენას შეუძლია ამ მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესება...
მარიხუანას ლეგალიზაცია იოლია - თან, ძირგამომთრელი... აი, წარმატებული სახელმწიფოს აგება, სადაც ადამიანს არსებობისთვის ღირსეული გარემო ექნება და განავითარებს საკუთარ ნიჭსa და უნარს - ეს რთულია. ამიტომ, პროვოკატორებმა იციან, რასაც აკეთებენ... პრემიერი მართალია , რომ არანაირი ლეგალიზაცია არ შეიძლება და არ იქნება!
-არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქე" TWD-სთან ერთად საქართველოში მედიაგარემოს შესწავლას იწყებს. რა ხდება ამ მხრივ ქვეყანაში, რატომ გახდა ასეთი გამოკვლევა აუცილებელი?
-ეს გაუგებარი არასამთავრობო "მოქალაქე" რა შუაშია? რაც უნდა ის აკეთოს... მედია რომ მძიმე მდგომარეობაშია და ნაწილობრივ თავისუფალია, - ეს ცხადია... ამის მიზეზი ისაა, რომ მცირე რაოდენობითაა დამოუკიდებელი მედია-საშუალებები...დამოუკიდებელში მე ვგულისხმობ პოლიტიკურად არაანგაჟირებულ პირებს  და ორგანიზაციებს, რომლებიც ფლობენ დღეს მედიასაშუალებებს...
მედია თავისუფალი იქნება მაშინ, როცა მისი მფლობელები, ამბიციური (საუკეთესო გაგებით!), თავისუფალი და დამოუკიდებელი შეხედულების შეძლებული მოქალაქენი ჩვენი ქვეყნისა , პასუხისმგებლობის მქონენი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მომავლის წინაშე, გახდებიან მედიასაშუალებების მფლობელები და საკუთარი მსოფლმხედველობის ფარგლებში, ხელისუფლებისგან და პოლიტიკური ძალებისგან დისტანცირებულნი, თავისუფლად, კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებენ...
სწორედ ასეთ მფლობელებს დასჭირდებათ პრინციპული და თავისუფალი აზროვნების  ჟურნალისტები, რომლებსაც მხოლოდ კანონი და მედიასაშუალების მფლობელის მსოფლმხედველობრივი ჩარჩოები გაუკეთებს გარკვეული საზღვრების მონიშვნას...

ესაუბრა ია ჯღარკავა


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: