"არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა"

"არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა"

   არასამთავრობო ორგანიზაციამ "გადაარჩინე სიცოცხლე" ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში" საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგზე სპეციალური განცხადებით  გიორგი მარგველაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და დავით უსუფაშვილს მიმართეს. მიმართვას,  უცვლელად გთავაზობთ. 

 

"საქართველოს პრეზიდენტს

ბატონ გიორგი მარგველაშვილს

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ დავით უსუფაშვილს

 

არასამთავრობო ორგანიზაცია "გადაარჩინე სიცოცხლე", საზოგადოებასთან ერთად, მუდმივად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებში, საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას იწვევს წარსულში ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობა.

 

სამოქალაქო საზოგადოებამ გააანალიზა რა, ქვეყანაში დღეს მიმდინარე მოვლენები, მიიღო გადაწყვეტილება თქვენთვის მოგვემართა, არსებული პრობლემების შესახებ.

 

მოგეხსენებათ, რომ ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა, უზრუნველყოს ადამიანისათვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების  უფლების დაცვა, შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსებობის პირობები. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ (ან არ) აკეთებს, საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის ჩარჩოებს მიღმა.

 

მოგეხსენებათ  ცნობილი ჭეშმარიტება - "არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა" - სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოებაში მშვიდობის დამკვიდრების უპირველეს და აუცილებელ მოთხოვნას. სამართლიანობის შეგრძნების გარეშე, ვერც ერთი მოქალაქე ვერ იქნება კანონმორჩილი, დაცული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენიმე წელია ვითხოვთ საქართველოში განვითარებული ნეგატიური პროცესების აღმოფხვრას, დამნაშავე პირების გამოვლენას და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.

 

ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაზე, არამედ უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობის დამკვიდრებაზე, რომლის არარსებობასაც მრავალი წელია განვიცდით.

 

გასაგებია, რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში, 1  ან 2 წელიწადში, შეუძლებელი იყო არსებული პრობლემების რადიკალურად შეცვლა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენისათვის, ყოველ შემთხვევაში, ამ პროცესის დაწყებისათვის, საკმარისზე მეტი დრო გავიდა.

 

სწორედ სამართლიანობის აღდგენა და დამკვიდრება იყო თქვენი მთავარი დაპირება ხელისუფლებაში მოსვლამდე, რის გამოც მოსახლეობამ, რომელმაც დიდი მოთმინებით მოიტანა საქართველო დღემდე, უპირობოდ დაგიჭირათ მხარი.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე:

 

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაიწყოს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისა და დამკვიდრების პროცესი.

 

1. სასწრაფოდ უნდა გაეცეს პასუხი ქუჩაში უკანონოდ დახვრეტილი შვილების მშობლებს, განხორციელდეს პოლიტპატიმრების რეაბილიტაცია და რეჟიმის დროს ათასობით უკანონო პატიმრის საქმეების გადახედვა. დაუბრუნდეს უკანონოდ წართმეული ქონება მის კანონიერ მფლობელებს, მოტყუებულ ბინათმშენებლებს, ომის ვეტერანებს დაუბრუნდეს წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული კანონით მინიჭებული უფლებები და შეღავათები, სამსახურებში აღადგენილ იქნენ, წინა რეჟიმის პერიოდში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირები, სოციალურად უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ათასობით დაუსაქმებელ ადამიანს მიეცეს ღირსეული დახმარება.

 

2. ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნილების არ ან ვერ შესრულების შემთხვევაში, გაითვალისწინეთ, რომ წინა რეჟიმის მიერ დაჩაგრული, გაწამებული და ღირსებაშელახული ადამიანები, რომლებმაც დღემდე სამართლიანობის აღდგენის დაპირებით  მოსული ახალი ხელისუფლების პრობებში არა თუ ვერ ნახეს სამართალი, უფრო მეტიც, მოწმენი გახდნენ იმ ყოვლად გაუმართლებელი ფაქტის, როდესაც ყოფილი ხელისუფლების რიგებიდან, ე.წ. ყოფილი ზონდერები კვლავ თანამდებობებზე რჩებიან, ან კიდევ უფრო მაღალ თანამდებობებზე არიან დაწინაურებული, რის გამოც არსებობს რეალური საფრთხე ,რომ რეჟიმის მიერ ღირსებააყრილი და შეურაცხყოფილი მოსახლეობა გადავიდეს ლინჩის წესით დამნაშავეთა დასჯა-გასამართლებაზე, რაც ქვეყნისთვის კატასტროფის მომტანია, ხოლო ამ ცხრაწლიანი რეჟიმის მიერ უკანონოდ დასჯილთ, კვლავ საპყრობილის კედლებში მოუწევთ ყოფნა, ამჯერად, შურისძიების გამო. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში თქვენ მიიყვანთ, შეპირებული სამართლიანობის აღდგენის და დამკვიდრების არშესრულების გამო.

 

3. ამასთანავე გაცნობებთ, რომ ვიზიარებთ მოსახლეობის უმრავლესობის აზრს, პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შესახებ, კანონში შეფარული უზნეობის დამკვიდრების მცდელობის გამო, სადაც უგულვებელყოფილია ჩვენი რელიგიური პრინციპები და ადათ-წესები. რის გამოც ჩვენ ვემიჯნებით კანონს და მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი.

 

4. სამოქალაქო საზოგადოება, კატეგორიულად მოითხოვს, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილე ყველა პირი, დაუყოვნებლივ იქნას თანამდებობიდან განთავისუფლებული და მიეცეს პასუხისგებაში, მიუხედავად ქვეყნის გარედან მომდინარე რეკომენდაციებისა.

 

ხალხის აზრის კიდევ ერთხელ უგულველყოფის შემთხვევაში, ჩვენი უფლებაა გავაგრძელოთ ბრძოლა სამართლებრივი გზით. სამართლიანობის აღდგენისა და დამკვიდრებისათვის. აღნიშნულ საქმეში ხელისუფლების მიერ, დღემდე არსებულ გულგრილი დამოკიდებულების კვლავ გამოჩენის შემთხვევაში, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა, ქვეყანაში უმართავი პროცესების დაწყებაზე.

 

არავის არ აქვს უფლება,  დანაშაულს დანაშაულით უპასუხოს, წარსულში ჩადენილი ხილვადი დანაშაულებების დაუსჯელობით, თქვენი უმოქმედობით და უსუსურობით ხდება დანაშაულის პროვოცირება, რისი მაგალითები უკვე ვლინდება და რაც საზოგადოებას აიძულებს, აღადგინოს სამართლიანობა მისთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით.

 

ვიმედოვნებთ, ჩვენი მომართვისადმი თქვენ გულისხმიერებას და თანადგომას, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას."- აღნიშნულია განცხადებაში. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: