ჯემალ ქირია: ,,ლტოლვილების ახალ ტალღას საქართველო ვერ გაუძლებს!“

ჯემალ ქირია: ,,ლტოლვილების ახალ ტალღას  საქართველო ვერ გაუძლებს!“

,,ივერიონს“ ესაუბრასოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის დრამატული თეატრის დირექტორი ჯემალ ქირია.

-ბატონო ჯემალ, რა ვითარებაა დღეს სოხუმის თეატრში და რა შეიცვალა იქ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ?

-იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა, სოხუმის თეატრშიც სასიამოვნო სიახლეებია.

რაც მთავარია, აღარ არსებობს სააკაშვილის რეჟიმი...

ამას იმიტომ ვამბობ, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პირობეში, ჩვენ, ფაქტობრივად, გაჩერებული ვიყავით...  მე, დიმა ჯაიანი და უამრავი მსახიობი მიზანმიმართულად ჩამოგვაშორეს სცენას. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჩვენ ყველანი დავბრუნდით თეატრში, დიმა ჯაიანი კი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გახდა.

სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით საყვარელიძეა, ვისთან ერთადაც ახალ-ახალი სპექტაკლები იდგმება. მათ შორის, ძალიან საინტერესოა ლადო ასათიანის ,,ირმის უკანასკნელი ბღავილი“, რომელშიც ასათიანს დიმა ჯაიანი ასახიერებს. წარმატებულ პროექტად მიმაჩნია მერაბ თოლორაიას ,,სხვა საქართველო სად არის?“, მალე იხილავს მაყურებელი ლაშა ბუღაძის ,,ნავიგატორსაც“.

-ბატონო ჯემალ, გიცდიათ თუ არა , აფხაზებთან  ქართულ-აფხაზურ პრობლემებზე თეატრის ენით გესაუბრათ?

-რა თქმა უნდა! ჩვენ ამას თემურ ჩხეიძის სპექტაკლ ,,ზღვა რომელიც შორიათი“ ვეცადეთ. ჩვენ აფხაზეთის მიწის შემოერთებაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ მხოლოდ, არამედ აფხაზი ხალხის შემორიგებაზეც.

სოხუმის თეატრი შავი ზღვისპირეთის ქვეყნების თეატრალურ ფესტივალზე იყო მიწვეული აფხაზურ თეატრთან ერთად. იქ სააკაშვილმა და გია ბარამიძემ არ გაგვიშვეს. ისინი ცდილობდნენ, რომ ყველანაირად შეეშალათ ხელი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენისთვის. რაც შეეხება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, ვახტანგ ყოლბაიას, ის თავის დიდი კავშირებს ამ ორი ერის გაერთიანებას მოახმარს.

...მოხდა სასწაული და დიმა ჯაიანმა მაინც შეძლო ამ ფესტივალზე ჩასვლა, თუმცა აფხაზური თეატრი იქ არ დაგვიხვდა.

-ვრცელდება ინფორმაცია გალში ,,მეგრელი ერის“ ავტონომიური რესპუბლიკის ჩამოყალიბები შესახებ. თქვენი კომენტარი.

-მე ამის შესახებ ადრეც ვიცოდი, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან კოლხი, მეგრელი კაცი, ბუნებით სეპარატისტი არ არის. ასეთი ინფორმაციის გავრცელება ვიღაცებს აძლევთ ხელს, რასაც ჩვენ ფეხი არ უნდა ავუწყოთ.

-როგორ ფიქრობთ, აფხაზეთში არსებული მდგომარეობა რა გავლენას იქონიებს ქართულ სახელმწიფოებრიობაზე?

-იქ ძალიან ცუდი რამ ხდება! უფრო ცუდი იქნება ჩვენთვის ანქვაბი რომ ხაჯიმბამ ჩაანაცვლოს. ანქვაბი ქართველებშია გაზრდილი, მისი დისშვილები და ჩემი შვილები ერთად გაიზარდნენ და ვიცი, ის საქართველოს მტერი არის. მის დროს იქ ქართული წიგნები შედიოდა და ქართული სკოლებიც არსებობდა, რაც, ხაჯინბას მოსვლის შემდეგ, არ მოხდება...

-როგორც ცნობილია, იქაურ ქართველებს აყრა ემუქრებათ. უნდა ელოდოს თუ არა საქართველო ლტოლვილების ახალ ტალღას?

-ღმერთმა დაგვიფაროს! ლტოლვილების ახალ ტალღას საქართველო ვერ გაუძლებს!..

 ეს რომ არ მოხდეს, სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ რუსეთთან მოლაპარაკება!

 

                                                                                                     ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: