რას მოუწოდებენ მთავრობას არასამთავრობოები "იმედის ფესტივალთან" დაკავშირებით

რას მოუწოდებენ მთავრობას არასამთავრობოები "იმედის ფესტივალთან" დაკავშირებით

   საზოგადოების ერთი ნაწილი "იმედის საერთაშორისო ფესტივალი" -ს ჩატარების გამო პროტესტს გამოთქვამს, დღეს კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფესტივალთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.

   განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ); ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (თDI); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; მედიის განვითარების ფონდი (MDF); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI).

   "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2014 წლის 6-8 ივნისს, დაგეგმილი იყო "იმედის საერთაშორისო ფესტივალის" გამართვა, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო ქრისტიანულ-ევანგელური გაერთიანებები და მრავალი სხვა სტუმარი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებას, ფესტივალის ორგანიზატორები, ერთი წლის განმავლობაში უწევდნენ ორგანიზებას. ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო სამი დღის მანძილზე, სპორტის სასახლეში, რომლის დირექციასთან ორგანიზატორებმა, დიდი ხნით ადრე, გააფორმეს ხელშეკრულება და გადაიხადეს მომსახურების თანხა. მომსახურების ანაზღაურება ფესტივალის თაობაზე რეკლამის განთავსების მიზნითაც  განხორციელდა. 

   შეთანხმებების მიუხედავად, კონტრაქტორებთან ორგანიზატორები წააწყდნენ არაერთ ბარიერს ფესტივალის ორგანიზების პროცესში. შექმნილი წინააღმდეგობების გამო, ამ დროისთვის, ფესტივალის გამართვა ღია საჯარო სივრცეში საერთოდ შეუძლებელი გახდა. 

   გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში, ყველა მსგავს საჯარო ღონისძიებას მუდმივად ექმნებოდა წინააღმდეგობა, ამასთან, ბოლო პერიოდში რელიგიის თავისუფლების  შეზღუდვის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა, საჯარო სივრცეების ინდოქტრინაციის ტენდენცია და სხვადასხვა ექსტრემისტული ჯგუფის გაძლიერება აჩენს კითხვებსა და ეჭვს, რომ ის ბარიერები, რასაც "იმედის ფესტივალი" წააწყდა, რელიგიური შეუწყნარებლობითაა მოტივირებული და ხელოვნურადაა წარმოქმნილი. 

   ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ "იმედის ფესტივალის" გამართვის ხელშეშლასთან დაკავშირებული ფაქტები სავარაუდოდ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს და საჭიროებს სათანადო შეფასებას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონით გათვალისწინებული მანდატის  ფარგლებში, სახალხო დამცველისა და ასევე, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. 

   მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დახმარება აღმოუჩინოს ორგანიზატორებს ფესტივალის დარჩენილი დღეების განმავლობაში მაინც ღია, საჯარო სივრცეში ღონისძიების გამართვისთვის და ამით აჩვენოს მისი ნება და მზაობა დაიცვას რელიგიის თავისუფლება და მრავალფეროვნება ქვეყანაში. 

ხელმომწერი ორგანიზაციები მხარდაჭერას ვუცხადებთ "იმედის საერთაშორისო ფესტივალის" ორგანიზატორებსა და ყველა მონაწილეს, ისარგებლონ კონსტიტუციით აღიარებული რწმენისა და აღმასრებლობის თავისუფლებით და ჩვენი რესურსების გათვალისწინებით, მათ მიმართ სამართლებრივ და სამოქალაქო მხარდაჭერას გამოვხატავთ. განცხადება ღიაა ხელმოწერისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: