"ვროცლავის გლობალური ფორუმი"

"ვროცლავის გლობალური ფორუმი"

   პოლონეთის რესპუბლიკაში ყოველწლიური კონფერენცია "ვროცლავის გლობალური ფორუმი" გაიმართა. ფორუმში მონაწილე  მაღალი რანგის სტუმრებმა  მომავალი 25 წლის განმავლობაში ახალ ტრანსატლანტიკურ ღირებულებებზე იმსჯელეს.

   კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიიღო. პანელში "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი" სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ დარჩიაშვილმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე მათ გავლენაზე გაამახვილა ყურადღება. მან ასევე, ისაუბრა თუ როგორი უნდა იყოს დასავლეთის პასუხი რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე, რათა  აღმოსავლეთ ევროპისა და მთლიანად ევროპის სტაბილური და დემოკრატიული განვითარება იყოს უზრუნველყოფილი. მიხეილ დარჩიაშვილმა საქართველოში  განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე გაამახვილა ყურადღება.

   მაღალი რანგის გამომსვლელებს შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯონ მაკკეინი, ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ფრედერიკ კემპი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ. სამი დღის განმავლობაში ფორუმში მონაწილეებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა უსაფრთხოება ტრანსატლანტიკურ სივრცეში ყირიმის მოვლენების შემდეგ, ვაჭრობა ტრანსატლანტიკურ სივრცეში, ევროკავშირის მომავალი 2014 წლის არჩევნების შემდეგ, ცენტრალური ევროპის ეკონომიკა, მასობრივი დანაშაულების აღმოფხვრა, ტრანს-ატლანტიკური კავშირისა და უკრაინის მომავალი.

   "ვროცლავის გლობალური ფორუმი" აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, ვროცლავის მუნიციპალიტეტისა და პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (PIშM) ორგანიზებით, ყოველწლიურად იმართება.

   ფორუმის ფარგლებში,  მიხეილ დარჩიაშვილმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, რობერტ კუპიეცკისთან და ღონისძიებაზე დამსწრე სხვა სტუმრებთან გამართა შეხვედრები. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: