გიორგი ლილუაშვილი:-"თანასწორობა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ჩვენი მოსახლეობის ოცნებად დარჩა"

გიორგი ლილუაშვილი:-"თანასწორობა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით  ჩვენი მოსახლეობის ოცნებად დარჩა"

   "მერაბ კოსტავას საზოგადოების" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე აცხადებს, რომ თანასწორობა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით კვლავ ჩვენი მოსახლეობის ოცნებად დარჩა.

   -"სამწუხაროა, მაგრამ ამ 5 დღეში საარჩევნო კოდექსს  არავინ შეცვლის და შესაბამისად, რაც აქამდე იყო, კვლავ ის პროცესები გაგრძელდება, ის თანასწორობა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით კვლავ ჩვენი მოსახლეობის ოცნებად დარჩა, თუმცა მეც და "მერაბ კოსტავას საზოგადოებაც"  ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოსახლეობამდე მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენი პროგრამები და მოსახლეობას ავუხსნათ სოციალური თუ  ქვეყნისათვის სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროგრამების განხორციელება.

   -ამომრჩეველთა რაოდენობა ამ არჩევნებზე  43,024-ით შემცირებულია, ეს რა გავლენას მოახდენს შედეგებზე?

   -რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობის შემცირებას ან გაზრდას თავისთავად ეს გავლენას ახდენს არჩევნებზე, ჯერ წინა ხელისუფლება თავის სასარგებლოდ მანიპულირებდა საარჩევნო სიებით, ახლა ახალი კვლავ აგრძელებს იგივე მეთოდებით და უფრო მეტიც, გაყალბების ტექნოლოგიებს უფრო ხვეწავს, არ დაგვავიწყდეს პრემიერ მინისტრის მუქარაც, როდესაც პირდაპირ განაცხადა არ დავუშვებთ სხვა რომელიმე პოლიტიკური ძალის გამარჯვებას რომელიმე საარჩევნო უბანზეო. ეს პირდაპირ მოწოდებაა არჩევნების გაყალბებისაკენ, მითუმეტეს ბიულეტინების დათვლას თავად ანხორციელებენ და ამის გაკონტროლების მეთოდი ფაქტიურად არ არსებობს. ასეთ უმძიმეს საარჩევნო გარემოში გვიწევს ბრძოლა.

   -რას იზამთ დამარცხების შემთხვევაში? შეუერთდებით არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციას, რომელიც ამბობს, რომ ქუჩაში გავა?

   -ჩვენ გამარჯვებისთვის ვიბრძვით, წინასაარჩევნოდ არ მსურს ვისაუბრო იმაზე, თუ რას მოვიმოქმედებთ თუ არჩევნები წავაგეთ, მაგრამ ერთს ვიტყვი-ასეთ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებაც გამარჯვების ტოლფასია.

   -რას ეტყვით მოსახლეობას არჩევნებამდე 5 დღით ადრე?

   -მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მოსახლეობას მოვუწოდებ აუცილებლად მოვიდნენ საარჩევნო ყუთებთან, რამეთუ თქვენი მისვლით მაქსიმალურად შეეწინააღმდეგებით არჩევნების გაყალბებას და ჩვენც მოგვცემთ შანს მაქსიმალურად დავიცვათ თქვენი უფლებები გააკეთოთ თქვენი სწორი არჩევანი და ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, რასაც "ქართული ოცნება" ჰქვია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: