რა იაღლიში მოუვიდა „Timer“-ს, ანუ კოკას ეუბნებიან და ლიტრავ, შენც გესმოდესო!

რა იაღლიში მოუვიდა „Timer“-ს, ანუ კოკას ეუბნებიან და ლიტრავ, შენც გესმოდესო!

გუშინ „ივერიონმა“ სვეტიცხოვლის დეკანოზის მამა პეტრე კვარაცხელიას მიერ ექსკლუზიურად გამოგზავნილი მასალა გამოაქვეყნა სათაურით: „ცხვრის ქურქიდან გამოშიგნული რელიგია!“ თემა იმდენად აქტუალური აღმოჩნდა, მკითხველთა რაოდენობამ ერთი დღის მანძილზე 10000-ს გადააჭარბა.
თვალს არ ვუჯერებდით, როცა იგივე ექსკლუზივი, მხოლოდ სათაურშეცვლილი  საინფორმაციო სააგენტო „Timer“-ის ვებ-გვერდზე ვიხილეთ.
ეტყობა, მასალის აქტუალობამ და მკითხველთა სიმრავლემ გული აუჩქროლა „Timer“-ელებს და ისე, თავი დიდად რომ არ შეუწუხებიათ, მხოლოდ სათაური („ტაძრის კედელზე სისხლი, იატაკზე სისხლი, მრევლის გაქონილი ხელები, ყველაფერი გარდა რწმენისა“) და სურათი შეცვალეს და სიტყვასიტყვით საკუთარ ვებ-გვერდზე გამოჭიმეს.
ღმერთო მომკალი, შესავალიც იგივე დატოვეს: „ეს წერილი სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა მამა პეტრე კვარაცხელიამ „ექსკლუზიურად“ ივერიონს“ მიაწოდა. მას უცვლელად გთავაზობთ.“
თქვე კაი დედ-მამისშვილებო, თუ ეს „ივერიონის“ ექსკლუზივია, თავაზიანად მაინც გეთხოვათ  თქვენს ვებ-გვერდზე მისი გამოქვეყნების უფლება, იქნებ ჩვენც დაგთანხმებულიყავით. კოლეგიალობას რომ თავი დავანებოთ, ამას ჟურნალისტური ეთიკის ელემენტარული ნორმებიც ითვალისწინებს!
ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, მედია-საშუალებებმა როგორც წყარო, ჩვენი ინფორმაციები გამოიყენონ, მაგრამ, როცა საქმე ექსკლუზივს ეხება, უცერემონიოდ, ავტორის (ამ შემთხვევაში „ივერიონის“) თანხმობის გარეშე მისი მითვისება რბილად რომ ვთქვათ, ქურდობის ტოლფასია!
ამას ასეთი მწარე რეაგირება არ ექნებოდა, სხვა სააგენტოებიც ასე ურცხვად რომ არ გვექცეოდეს. დიახ, ანალოგიურად მოიქცნენ თავის დროზე საინფორმაციო სააგენტოები „პირველი“ და საქართველო და მსოფლიო“. მართალია, მათ წყარო მიუთითეს, მაგრამ „Timer“-ისგან განსხვავებით, სათაურიც არ შეუცვლიათ.
სწორედ ამაზეა ნათქვამი: კოკას ეუბნებიან და ლიტრავ, შენც გესმოდესო!

P.S. კატეგორიულად მოვითხოვთ „Timer“-მა დაუყოვნებლივ მოხსნას თავისი ვებ-გვერდიდან „ივერიონის“ ექსკლუზივი!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: