შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

   შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილისთვის ჩარიცხულ თანხასთან დაკავშირებით, გიორგი ზედელაშვილს პრემია არ აუღია, მას ერთჯერადად 20 000 ლარის ოდენობის თანხა 7 მაისს ჩაერიცხა მკურნალობისთვის.

   მინისტრის მოადგილეს დიაგნოზის (სპონდილოართროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, სპინალური არხის შევიწროვება) დაზუსტების მიზნით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დასჭირდა საზღვარგარეთ დამატებითი გადაუდებელი კვლევა.

   აქვე აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახური ყოველდღიურად აფინანსებს თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა მკურნალობის ხარჯებს, როგორც საქართველოში, ასევე საჭიროების შემთხვევაში, მის ფარგლებს გარეთ.

   2014 წლის 5 თვის განმავლობაში სამინისტროს თანამშრომელთა მკურნალობაზე 1 მილიონ 75 ათასი ლარი დაიხარჯა.

   შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება სამინისტროს თანამშრომლებისთვის ყოველთვიური დანამატების შესახებ. სამინისტროს მრავალშვილიან თანამშრომლებს ყოველთვიური დანამატი დაუწესდათ: ოთხი შვილის მშობელი ყოველთვიურად – 200 ლარს, ხუთი შვილის მშობელი - 300 ლარს, ექვსი შვილის მშობელი - 400 ლარს, შვიდი და მეტი შვილის მშობელი - 500 ლარს იღებს.

   ასევე მოქმედებს მინისტრის ბრძანება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების შესახებ. 1000 ლარიან დახმარებას სამინისტროს თანამშრომელი ერთჯერადად იღებს დაქორწინების, შვილის შეძენის და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.

   ყოველთვიურ დანამატს და ერთჯერად დახმარებას შს სამინისტროს ყველა თანამშრომელი იღებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: