მამა პეტრე კვარაცხელია: ,,პროტესტი იმდენად დიდია, რომ ხშირად ხმამაღლაც ვღიზიანდები!“

მამა პეტრე კვარაცხელია: ,,პროტესტი იმდენად დიდია, რომ ხშირად ხმამაღლაც ვღიზიანდები!“

,,ივერიონს“ ესაუბრა სხვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი მამა  პეტრე  კვარაცხელია

-თქვენმა წერილმა სააგენტოსთვის დამახასიათებელი ყოველგვარი რეკორდი მოხსნა. თქვენ იაზრით, რას უკავშირდება ასეთი ინტერესი?

-რეკორდი არ ვიცი, მაგრამ ასეთი გამოხმაურება რომ არ მოჰყოლოდა, ჩავთვლიდი, რომ საქართველო ერთი დიდი სასაკლაოა.

ძალიან მტკივნეული და დასაგმობია, რაც ლომისობის დღესასწაულზე ხდება. იშვიათად, იმ დღეს ლომისაში რომ არ ჩავიდე. მიყვარს, როცა ერი და ბერი ერთად აღნიშნავენ საეკლესიო თუ საერო დღეებს. გიორგობა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობისთვის.

დალოცვაც არსებობს - ლომისის წმინდა გიორგი შეგეწიოსო. მსხვერპლშეწირვა კი არა მგონია ღმერთის სურვილი იყოს... ძველი აღთქმის გადმონაშთები დღემდე არსებობს და ასე მტკიცედ მართლმადიდებლურ სწავლებას რომ ვიცავდეთ, ჩვენი საქმე ბევრად უკეთესად იქნებოდა...

უფალი ბრძანებს, წყალობა მნებავს და არა მსხვერპლიო. დროა დავფიქრდეთ ჩვეულებებზე და სწორად განვსაჯოთ, რა არის სარწმუნოებრივი და რა ცრურწმენის მახასიათებელი ნიშნები. ვისაც გულით უნდა ლოცვა, უფალი უმნიშვნელოსაც შეუწირავს. სხვათა მობაძვით კი მთელი ცხვრის ფარა რომ ამოვწვიტოთ, არ შეიწირება...

-თუ მკითხველთა კომენტარებით ვიმსჯელებთ, წარმართული წეს-ჩვეულებებისადმი მრევლის დამოკიდებულება არა ერთგვაროვანია. ამის შესახებ განსხვავებულად ასწავლიან მათ მოძღვრები?

-არსებობს გამონათქვამი - ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. ეს საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ტრადიციებია, რაც მართლმადიდებლობას შეერწყა თუ ვერ შეერწყა. განსაკუთრებით მთაში იცავენ წინაპართა ნაკვალევს. როგორც აღვნიშნე, ყოველწლიურად დავდივარ და ამდენი სისხლის თუ ცხვრის ტყავის დანახვისას გურამ რჩეულისშვილის ,, ალავერდობა" მახსენდება. ჩვენს წარმოსახვაში  სარწმუნოებრივს უთანასწოროდ ებრძვის სახალხო რელიგიაც, საბოლოოდ კი ქრისტეს გზა უნდა ავირჩიოთ და დიონისოს კულტი დავთრგუნოთ...

-საზოგადოებაში სხვადასხვა გვარი დამოკიდებულებაა თანამედროვე მოძღვრების მიმართ. თქვენც არაორდინალურ მოძღვრად მოგიხსენიებენ. მაინც, რას ეფუძნება თქვენი შინაგანი პროტესტი?

-პროტესტი დიდია. იმდენად დიდი, რომ ხშირად ხმამაღლაც ვღიზიანდები. არაფერი შეგვრჩენია შინაგანი და მხოლოდ გარეგნულზე ვაკეთებთ აქცენტს. სულიერების საზომი არც ერთ ჩვენგანს არ გაგვაჩნია და დასკვნების არასწორი ინტერპრეტირება არანაკლებ დანაშაულია, ვიდრე იმ ადამიანის მდგომარეობა, ვისი ქმედებაც გვაბრკოლებს.

 მართლმადიდებლობა შინაგანი რელიგიაა, რომელიც არ ჩანს, მაგრამ იგრძნობა. ყველამ საკუთარი თავი გამოვასწოროთ, ვილოცოთ, ვიმარხულოთ. ეს მოგვეთხოვება უპირველესად. დავუტევოთ უფალსა ზრუნვაი...

-ხშირად საუბრობენ საეკლესიო რეფორმების აუცილებლობაზე. რამდენად შესაძლებელია ეს დღეს?

-რა მნიშვნელობა აქვს რეფორმას, თუ ადამიანმა საკუთარ თავში არ მოახდინა რეფორმა. ყოველთვის იყო პრობლემა და შესაბამისად არსებობდა გამოსავალიც. უსაშველო არაფერია, უბრალოდ, მოვდუნდით და ზეციურ ნიშანს ველოდებით გამოფხიზლებისათვის. არ არის აუცილებელი მეტეორე დაგეცეს, ისედაც უნდა მიხვდე, რომ რაღაც გტკივა.დასაწყისში მკურნალობა ადვილია. დაგვიანების შემთხვევაში,  ქირურგიული ჩარევაა საჭირო. ჩვენ მეორე შემთხვევა ავირჩიეთ, სამწუხაროდ, მაგრამ უფრო სამწუხარო ის იქნება, თუ კვეთას გადავყვებით...

-წმინდა სინოდის მიერ ეპარქიების დაყოფაში მისი დაქუცმაცების საშიშროება დაინახეს. თქვენი კომენტარი.

-ისტორიულად მეტი ეპარქია იყო, ვიდრე დღეს გვაქვს. ალბათ გონივრული ნაბიჯია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი უწმინდესობა ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.

 საშიშროება, რომელზეც თქვენ ამბობთ, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. პირიქით, რაც უფრო მეტი იქნება, მით მეტად მიექცევა ყურადღება პერიფერიებსა და ყველას თბილისის ტაძრებში არ მოუნდება ღვთივსათნო მოსაგრე ცხოვრება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა...

-ძალიან ბევრიქართველი ლუკმა პურის საშოვნელად გახიზნულია საზღვარგარეთ. ზრუნავენ თუ არა იქ მოღვაწე ბერები მათ სამშობლოში დაბრუნებაზე?

უცხოეთში არსებობს ქართული საეპისკოპოსოები და ემიგრაციაში მყოფ ქართველობას აქვს იმის ფუფუნება, დაესწროს  წირვა-ლოცვას. ღმერთი ყველგან არის, ჩვენ კი, სადაც არ უნდა ვიყოთ, მას აუცილებლად ვიპოვით.

 საერთოდ არ მესმის, როცა უცხოეთიდან მირეკავენ და მეუბნებიან, აქ ვერ ვახერხებთ, გვიჭირს სულიერი ცხოვრებაო. გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა. ლოტი სოდომში გადარჩა, ადამი სამოთხეში დაეცა...

-თქვენი აქტუალური წერილებისა და ინტერვიუების გამო, დევნილობისა და განსხვავებულობის განცდა ხომ არ გიპყრობთ?

-ჯერ არავის შევუწუხებივარ. მსგავსი საფრთხე თუ ვიგრძენი, გაძლევთ პირობას, აუცილებლად შეგატყობინებთ და არა მარტო თქვენ...

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: