უჩა ნანუაშვილი: - „იძულებით გადაადგილების თემა ჩვენი ქვეყნისთვის კარგად ნაცნობია“

უჩა ნანუაშვილი: - „იძულებით გადაადგილების თემა ჩვენი ქვეყნისთვის კარგად ნაცნობია“


დღეს მსოფლიო ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

 
-"20 ივნისს მსოფლიო ლტოლვილთა დღეს აღნიშნავს, რათა ყურადღება მივაპყროთ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და მოეთხოვათ თავშესაფარი სხვა ქვეყნებში. შეიარაღებული თუ სხვა სახის დაპირისპირებების შედეგად, ყველაზე მეტად მშვიდობიანი მოსახლეობა ზარალდება. ხშირად ადამიანები რამდენიმე საათში კარგავენ ყველაფერს, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ქმნიდნენ.
 

ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებელი პირები საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიაა. აუცილებელია დაცული იყოს ამ პირთა საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით აღიარებული უფლებები. საქართველოს სახალხო დამცველი მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან და ამასთან, ზედამხედველობს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებრივ მდგომარეობას. სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშის ერთი თავი ეთმობა იმ პრობლემების განხილვას, რომელებიც გვაქვს ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელ პირთა უფლებების სფეროში. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შედეგად საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირთა რაოდენობამ იმატა, თუმცა ლტოლვილის სტატუსის მიმღებთა რიცხვი კვლავ მცირეა.


სამწუხაროდ, იძულებით გადაადგილების თემა ჩვენი ქვეყნისთვი სკარგად ნაცნობია. დღეს საქართველოში მრავალი ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს შეიარაღებული კონფლიქტის სიმძიმე და საკუთარი სახლები იძულებით დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2014 წლის 29 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 26-ე სესიაზე განსახილველად წარადგინა წერილობითი მოსაზრება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ.


საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ლტოლვილთა მსოფლიო დღი საღნიშვნას და მონაწილეობას მიიღებს პანკისში, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ გამართულ ღონისძიებაში,  სადაც სკოლის მოსწავლეებს საჩუქრებს გადასცემს. ამასთან, სახალხო დამცველი გააგრძელებს ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას და გამოთქვამს იმედს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული იქნება ამ კატეგორიის პირთა, როგორც ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრთა, უფლებების ეფექტური დაცვა" -  ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: