ცოლ-ქმრის ჩხუბი თუ აღვირახსნილი სიძულვილის დემონსტრირება ქართულ მწერლობაში?

ცოლ-ქმრის ჩხუბი თუ აღვირახსნილი სიძულვილის დემონსტრირება ქართულ მწერლობაში?

კოლმეურნეობის ფერმის თავშეყრა, დავრდომილ ავადმყოფთა შეკრება, სამარცხვინო სპექტაკლი..._ ასე შეაფასეს ქართველმა მწერლებმა მწერალთა 24–ე ყრილობა, რომელიც 20 ივნისს გაიმართა. ყრილობა, სადაც მწერალთა კავშირის ახალი თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, ურთიერთდაპირისპირებისა და ურთიერთშეურაცხმყოფელი გამოსვლების ფონზე წარიმართა. წლების წინ დაპირისპირებული ორი გუნდის, _ მწერალთა კავშირისა და მწერალთა აკადემიის წევრების შერიგება ვერ ამჯერად მოხერხდა. მწერალთა აკადემიის წევრებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვეს. აწ უკვე მწერალთა ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ რევაზ მიშველაძემ შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა სცადა და დარბაზში მსხდომთ აგვიხსნა, რომ მათ ყველას ერთმანეთი უყვართ და მასსა და თამაზ წივწივაძეს შორის მრავალწლიანი უთანხმოება, ცოლ–ქმრის ჩხუბს უფრო ჰგავს, რომელიც მხოლოდ სულელს ჰგონია მართალი.

განახლებული წესდებით სამდივნოს ხუთი წევრი შეირჩა, რომლებიც ხუთი წლის მანძილზე უხელმძღვანელებენ მწერალთა კავშირს. თითოეული მათგანი მხოლოდ ერთი წლით დაიკავებს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის პოსტს. ამჯერად ეს სტატუსი რევაზ მიშველაძეს ერგო.

როგორ შეაფასებენ ყრილობის შედეგებს, რა მოლოდინი ჰქონდათ და რამ გაუცრუათ იმედი, თავად მწერლები ისაუბრებენ:     

 

მაყვალა გონაშვილი, მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე:

_  ძალიან მინდოდა, რომ ახალი თაობა გამოჩენილიყო ასპარეზზე, მაგრამ მივხვდი, შეიძლება ისეთი ადამიანები გამხდარიყვნენ ხელმძღვანელები, რომ სრულიად დაეშალათ ორგანიზაცია და სამსახურამდეც კი არ მოსულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ აკადემია  გასულია მწერალთა კავშირიდან, სიამოვნებით დავთანხმდი, მიეღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში მათაც და ახალი თაობის მწერლებსაც, მაგრამ ბატონ თამაზ წივწივაძეს ერთპიროვნულად უნდოდა ორგანიზაციის მართვა და გუნდური პრინციპით მუშაობის წინააღმდეგი იყო. მე კი ვთვლი, რომ ხუთი კაცის ერთიანობა, მწერალთა კავშირის მომავალს სასიკეთოდ წაადგება.

ორი თვის მანძილზე ვმუშაობდი მწერლებთან მომავალი ყრილობის საკითხებზე და ვთხოვდი, ერთხელ მაინც მოგვეხერხებინა, ვყოფილიყავით ღირსეულები. იმისათვის, რომ თავმჯდომარეობა გინდა, ხომ არ შეიძლება ყველანაირი ხერხით იბრძოლო? გული მწყდება, რომ ყრილობაზე პრობლემატური საკითხები დავსვით განსახილველად, მაგრამ ამაზე ყურადღება არავინ გაამახვილა. თუ რამე საეჭვოა შენთვის, დოკუმენტაცია არსებობს, გაწერილია ყველაფერი სად, როდის, რა თანხა დაიხარჯა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს. ყვირილი და წივილი კი არ უნდა ატეხოს, რომ საბოლოოდ შელახოს და ლაფში ამოსვაროს მწერლის იმიჯი საზოგადოების თვალში.

კანონი ღია კენჭისყრას არ გვიკრძალავს, მაგრამ მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი წავედი, რადგან მინდოდა, ყველას თამამად დაეფიქსირებინა თავისი არჩევანი. შევჩერდით ძალიან საინტერესო მოდელზე, _ ხუთეულში შევიდოდა სამივე მხარე, ყველა ჩვენგანი იქნებოდა წარმოდგენილი და ერთიანობის სახეს მივიღებდით. 5 კაცი მწერალთა კავშირიდან იქნებოდა დასახელებული, 5 კაცი _ აკადემიიდან, დანარჩენ ხუთს კი _ დარბაზი დაასახელებდა, მაგრამ როცა აკადემიიდან წარმოდგენილი კანდიდატი, ლაშა გვასალია არ აირჩია დარბაზმა კრების თავმჯდომარედ, იმ წუთიდან დაიწყო არეულობა, რადგან მიხვდნენ რომ დარბაზი მათ ხმას არ მისცემდა. ამიტომაც მწერალთა აკადემიის 50 კაციანმა ჯგუფმა ყრილობა დატოვა, მაგრამ კენჭისყრა ლეგიტიმურად წარიმართა, რადგან დარბაზში 250 კაცი დარჩა. ყველაფერი კამერით არის დაფიქსირებული.

თავმჯდომარე ერთი წლით იმიტომ ავირჩიეთ, რომ აღარ გვქონდეს ამბიცია, მაინცდამაინც, ხუთი წელი ვმართოთ ორგანიზაცია და ერთპიროვნული მმართველი ვიყოთ. ამ ხუთკაციან ჯგუფში ყველა თანაბარი უფლებით ისარგებლებს, ხელფასიც კი თანაბარი გვექნება, გუნდური პრინციპით, პასუხისმგებლობის თანაბრად გადანაწილების პრინციპით ვიმუშავებთ.

სექტემბრიდან რუსთაველის საიუბილეო თარიღისთვის ვიწყებთ მზადებას, ეს დღე მსოფლიო მნიშვნელობისა უნდა იყოს, სადაც იუნესკო, კულტურის სამინისტრო და რუსთაველის პრემიის ლაურეატები იქნებიან ჩართული. წინ ბევრი რთული და საინტერესო სამუშაო გველის, კინკლაობისთვის ნამდვილად არ გვცალია და ძალიან მტკივა გული, რომ დღეს მწერალთა ყრილობაზე, კიდევ ერთხელ, ნულამდე დაეცა ქართული მწერლობის იმიჯი. 

 


კობა არაბული, მწერალთა აკადემიის წევრი:

_ ეს ყრილობაც, როგორც მწერალთა ბოლოდროინდელი ყველა ყრილობა, იყო სრული აბსურდი და ვაქხანალია, რომელიც კოლმეურნეობის ფერმის თავშეყრას უფრო ჰგავდა, ვიდრე ზნემაღალი საზოგადოების შეკრებას, ქართული ცნობიერების დაცვისა და გადარჩენისთვის. მათ რაღაც სხვა უნდათ, სხვა ამბიცია აქვთ, მაგრამ რა დროს სკამისთვის ბრძოლაა, როცა ხედავ რომ ქვეყანა თავზე გვექცევა, როცა მასონური და იეღოვური სივცე გვაქვს ყელზე მობჯენილი, მაგრამ ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს ხალხი, ვინც მწერალთა ყრილობაზე აბსურდის წარმოდგენა გვიჩვენა, მასონებზე უარესები და უფრო საშიშნიც არიან. ისეთ ხასიათზე ვარ, დავიფიცე, რომ აღარავის გავეკარები, არავისთან ურთიერთობა აღარ მინდა.

ჩემი აზრით, აკადემიის პოზიციაც არასწორი იყო, რადგან თუ მიდიხარ, უნდა შეხვიდე, უნდა იბრძოლო ბოლომდე და უნდა გაიმარჯვო. ხუთეულში ჩვენი ჯგუფი აუცილებლად შევიდოდა და შეიძლება ძალიან საინტერესო შემადგენლობაც მიგვეღო, მაგრამ რეზო მიშველაძის ფაქტორი იწვევს ასეთ რეაქციას. ეს კაცი ცოცხალი თავით არ თმობს სკამს და მასთან თანამშრომლობა აკადემიის წევრებისთვის, ფაქტიურად, შეუძლებელია. მომეჩვენა, რომ მაყვალა გონაშვილის მხრიდან იყო შერიგების მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, _ თუნდაც რეზო მიშველაძის და იმ ფაქტორის გამო, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 100 ისეთი კაცი მიიყვანეს და გააწევერიანეს, რომლებსაც მწერლობასთან არანაირი შეხება არა აქვთ. ამ ადამიანებს მხოლოდ არჩევნებისთვის იყენებენ ბრმა მხარდამჭერებად.

მაინც ვერ ვხვდები, ასე ძალიან რატომ აინტერესებთ იქ ჯდომა, რა დარჩა კიდევ იმ მწერალთა კავშირში ისეთი, რის გამოც ცოცხალი თავით სკამს არ თმობენ. 15 წელი შეიძლება ერთი და იგივე ხალხი მართავდეს ორგანიზაციას და არაფერი იცვლებოდეს?!

ეს იყო სრულიად უნაყოფო, უშედეგო ყრილობა, სადაც ვერ დაიბადა ვერც ერთი საღი აზრი, მწერლობა დარჩა იმავე ჩიხში, სადაც იყო და ასე, ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.

 


რევაზ მიშველაძე, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე:

_ ზუსტად ის მოლოდინი მქონდა, როგორი სურათიც ყრილობაზე შეიქმნა. მწერალთა კავშირი ბოლო დროს რამდენიმე პოლუსიანი გახდა, რამდენიმე ასოციაცია გამოგვეყო, რაც, ბუნებრივიცაა, რადგან გარკვეულ ჯგუფს, შესაძლოა, ჰქონდეს სურვილი, ცალკე გავიდეს, თავიანთი მსოფლმხედველობისა და ლიტერატურული შეხედულებების შესაბამისად. ჩვენ ვცადეთ, გამოგვსვლოდა გამაერთიანებელი ყრილობა და ამ სულისკვეთებით მოვედით.

ელემენტარული გაუგებრობა იყო ჩვენსა და აკადემიის წევრებს შორის, რომელსაც დრო აუცილებლად განკურნავს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მივეცით მათ ბურთი და მოედანი, მივეცით ფარული კენჭისყრის საშუალება. მეც, მაყვალაც და ბაღათერიც, უკვე 9 წელია მწერალთა კავშირს ვხელმძღვანელობთ, და, სიმართლე გითხრათ, დიდი სიამოვნებით გადავულოცავდით ამ მისიას მწერალთა აკადემიის წარმომადგენლებს, მაგრამ იცით რა? _ ისე არ დაწეროთ, თითქოს მთელი აკადემია წამოდგა და გავიდა, ეს არ არის მართალი. რამდენიმე კაცი გავიდა და ვინც დარჩა, მათ კენჭი იყარეს. ასე, რომ, ფაქტიურად, შერიგება შედგა. მალე ის განაწყენებული ათიოდე კაციც შემოგვიერთდება, _ ასეთია ჩვენი სურვილი, _  და გავხდებით ერთიანი მონოლითური მწერალთა კავშირი. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მწერალი რომელი ასოციაციის წევრია, მთავარია, ეროვნული საქმე ვაკეთოთ, ვწეროთ კარგი ნაწარმოებები და ვიაროთ ილიას გზით. ასეთი პატარ–პატარა გაუგებრობები ლიტერატურის ისტორიას ახსოვს, აქ არაფერია საგანგაშო.

 

 

ეკა ბაქრაძე, პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი:

_ დიდი იმედი არც მქონდა, რადგან ის, რაც ყრილობაზე ხდებოდა, ძალიან ჰგავს იმ სიტუაციას, რაც ბოლო წლებში საქართველოში ხდება. ერთმანეთის გაუტანლობა, დაუნდობლობა, ქიშპი, შუღლი, ჩასაფრება, თავის მართლება, სხვაზე გადაბრალება და ა.შ. ისეთივე აქტუალურია ქართული მწერლობაში, როგორც მთლიანად ქვეყანაში. მაგრამ მაინც გინდა, რომ რაღაცის გჯეროდეს და რაღაცის იმედი გქონდეს. ძალიან მინდოდა მომესმინა, რომ იყო შეცდომები, ორად გაყოფა, გულის ტკენა, მაგრამ ამას გადავუსვათ ხაზი და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, მინდოდა, რომ ეს დღე ურთიერთმიტევების დღე ყოფილიყო, მაგრამ მსგავსი, სამწუხაროდ, არაფერი მომისმენია. მე ჩამოვედი იმ სცენიდან, სადაც ხმები უნდა დამეთვალა და კარგა ხანს ვიჯექი დარბაზში, როგორც რიგითი მსმენელი, რადგან არჩევნებში მონაწილეობის ყოველგვარი სურვილი დავკარგე. მათ წინასწარ იცოდნენ, რომ რაც მოხდა, ის უნდა მომხდარიყო. ბუმბერაზი მწერლების გარემოცვაში გავიზარდე: ირაკლი აბაშიძის, ლევან სანიკიძის, მორის ფოცხიშვილის, ჯანსუღ ჩარკვიანის, რეზო ამაშუკელის... ბავშვი ვიყავი და არ მახსოვს, ქართული შუღლი ალბათ, იმხანადაც იყო ქართულ მწერლობაში, მაგრამ დავიჯერო, ასეთი ნაპირს გადმოსული ზიზღით ურთიერთობდნენ მწერლები ერთმანეთთან?
მუდამ მესმის, რომ მწერალი, დედა ეკლესიასთან ერთად, ერის წინამძღვარი უნდა იყოს. რა უნდა ვუქადაგოთ ჩვენ დანარჩენ ადამიანებს, რომელი სულიერებისა და ღირსებისკენ უნდა მოვუწოდოთ, როცა ერთმანეთს არ ვინდობთ? გასაგებია, ყველას ~ძაფზე გვაქვს ნერვები~, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებით რამე გვეშველება? მწერლობა ერის სახეა და ნამდვილად არ არის ლამაზი, ასეთი ამღვრეული სახე აჩვენო ადამიანებს. ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი.    

 



გივი სიხარულიძე, მწერალთა აკადემიის წევრი:

_ ეს იყო მორიგი დადგმა, დავრდომილ ავადმყოფთა შეკრება, სადაც სატანისტური წარმოშობის ვითომ მწერალმა, რეზო მიშველაძემ მასხრად აიგდო საზოგადოება. მხოლოდ იმის გამო, რომ კენჭისყრის დროს ხელი აეწიათ, 200–მდე ისეთი კაცი მიიღეს მწერალთა კავშირში, ახლოს რომ არ გაუვლიათ მწერლობასთან. თუმცა, ძველი მწერლები, ვინც იქ არიან, ნიჭიერი ხალხია, ვერც იმას დავუკარგავ, რომ ახლახან საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდა მწერლებიც მიიღეს.

მაყვალა გონაშვილი ძალიან ჭკვიანი ქალია, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ავანტიურისტი, ყველაფერზე წამსვლელი მიშველაძის ეშინია. მაგრამ ამის დროც მალე დადგება, დავწერ რა დაუპირა მან თავის ალალ ნათესავს, დავწერ მამამისზე, დავწერ როგორ იყო შეკრული მიშა სააკაშვილის ხალხთან და რა საქმეები აკეთა.  ვითომ მიშას ებრძოდნენ, მაგრამ კარგად ვიცი, როგორ იყვნენ მოლაპარაკებულები ქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან, როგორ გაყიდეს მწერალთა კავშირი, როგორ მიიღეს დიდძალი ფული, ჩააჩუმეს მწერლები და მწერალთა სახლი მთავრობას დაუთმეს. ეს ყველაფერი გაყიდული საქმე იყო, მიშველაძე არის კაცი, რომელიც სულს ყიდის, სატანისტია, ასე დაწერეთ ზუსტად!

ქობულეთში რომ სასტუმრო „ივერია“ იყო, ხომ გახსოვთ? _ ერთხელ მან გამიყვანა ამ სასტუმროში და ქრისტეს დედა აგინა! რეზო მიშველაძე არის კაცი, რომელსაც ქრისტე არ სწამს, რომელიც მასხრად იგდებს პატრიარქს და ეკლესიას... ეს კაცი ერის მტერია.

დღეს დილის 6 საათზე დამირეკა ( არ ეძინა ალბათ მთელი ღამე) და მითხრა, რაც ყრილობაზე ჩემზე ილაპარაკე, იმის გამო თუ ბოდიშს არ მომიხდი საჯაროდ,  თამაზ წივწივაძის გაზეთში, _ სიკვდილს გამოგიგზავნიო. სიკვდილს არ დავპირებივარ მაგრამ.. მკვდარი და ცოცხალი კი ვაგინე.

ისე, მე ვარ მოსაკლავი, მეგობრის თხოვნით ამ ლოქოს რომ დავუჭირე მხარი, თავის დროზე, და თავმჯდომარის მოადგილედ გავიყვანე, თორემ მაგის დანახვა არ უნდოდა არავის. მე მაშინ კომისიის წევრი ვიყავი. მალე ყველაფერს ვიტყვი მასზე, ისეთ საქმეებს გავუხსნი, დედას ვუტირებ!  

 


მზია ხეთაგური, მწერალი, საზოგადო მოღვაწე:

_ რაც მოხდა, ზუსტად იმას ველოდი. ბუნებრივია, ყველა ცდილობს, თავისი გუნდის ინტერესები დაიცვას და დემოკრატიის მაგვარი გაითამაშოს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ არაფერი შეცვლილიყო. მე ამას კეთილმოსურნის პოზიციიდან ვლაპარაკობ, რადგან ვერ ვეგუები არაობიექტურობას, მლიქვნელობას, სიყალბესა და პირფერობას. გასაგებია, რომ ძალიან რთული წლებია, მაგრამ რაღაცნაირი უცნაური განუკითხაობაა დღეს ქართულ მწერლობაში. ბოლო წლებში ძალიან ბევრი მწერალი მიიღეს. მწერლებს კი უნდა ღებულობდნენ, მაგრამ ხომ არ შეიძლება, მხოლოდ იმის გამო მიიღო ისინი, რომ  მომხრეები მოიმრავლო? რაოდენობის ზრდა ხომ არ ნიშნავს მწერლობის ხარისხის ზრდას?

ბევრი შეცდომაა დაშვებული ამ წლების მანძილზე, მიზანმიმართულად თუ არამიზანმიმართულად.ურთულესი წლები იყო და არ იყო იოლი ყველა პრობლემასთან გამკლავება, მაგრამ ფეოდალურ–საბჭოური სტრუქტურა უფრო იკვეთება დღეს ქართულ მწერლობაში, ვიდრე დემოკრატია.

 

მაყვალა გონაშვილი ჩემი მეგობარია, მაგრამ ვეტყვი, რომ მანაც დაუშვა შეცდომები. როგორ შეიძლება ვიზეიმოთ, რომ მწერალთა კავშირის შენობა დავიბრუნეთ, მაშინ როცა ერთმანეთი გვძულს და ერთმანეთს ამდენ ტალახსა და ლაფს ვესვრით, როცა მწერალი შიმშილით გვიკვდება სადღაც, თავშესაფარში, როგორ შეიძლება იფიქრო, რომ გამარჯვებული ხარ, როცა ორიოდ ადამიანს აქვს ზურნა და დაფდაფი, ძალიან ბევრი ნიჭიერი მწერალი კი ჩრდილში დგას და მონაწილეობასაც ვერაფერში ღებულობს. მესმის, არანაირი შემოსავალი აღარ აქვს მწერალთა კავშირს, მაგრამ რაღაც მექანიზმი მაინც უნდა გამოძებნო მწერალთა უკეთესი ცხოვრებისთვის, ან უნდა აღიარო, რომ ვერ უდგახარ მათ მხარში და ფორმალური ორგანიზაცია ხარ, მხოლოდ.
არ მომწონს, რომ მაყვალამ და რეზო მიშველაძემ გუგული და მამალივით ერთმანეთს მეფისა და დედოფლის წოდებები დაურიგეს. ეს საქციელი, მათ მომხრე ადამიანებშიც კი ფარულ გულისწყრომას იწვევს. არა მგონია, რევაზ მიშველაძეს რაიმე წოდება სჭირდებოდეს, რადგან ის ნამდვილად გამოკვეთილი სახეა ქართულ მწერლობაში. ხელმძღვანელი პირების მიერ ერთმანეთის თავზე დადგმული გვირგვინები უხერხულად მიმაჩნია და მხოლოდ გულს მტკენს, რადგან ეს ყველაფერი პროვინციული, არაკულტურული და ფეოდალური საქციელია. მაყვალას ძალიან კარგი ორგანიზატორული ნიჭი აქვს, მაგრამ თავგანწირვაა საჭირო ამ შემთხვევაში და სხვა მიმართულებით სიარული, თავგანწირვა _ მწერლებისათვის და არა დედოფლის გვირგვინის მოსაპოვებლად! თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ეს გვირგვინები წინასაყრილობო ხუმრობა იყო.

ეს ყრილობა იყო აღვირახსნილი სიძულვილის დემონსტრირება.  მე დავინახე გაბოროტებული ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ როგორმე თავიანთ პოზიციებზე დარჩენილიყვნენ,  მეორე მხარეს კი იდგნენ სიძულვილით სავსე კრიტიკოსები, რომლებმაც თავი არანაკლებ ნეგატიურად წარმოაჩინეს.

 

  

ვახტანგ ხარჩილავა, მწერალთა აკადემიის წევრი:

_ წინაწარ იყო მოლაპარაკებები, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდებოდა, მაგრამ მათ ეს პირობა დაარღვიეს და ჩვეული სამარცხვინო მეთოდებით იმუშავეს. ჩვენ იქ კონფრონტაციისთვის არ მივსულვართ, გვინდოდა ღირსეულად გამოვსულიყავით, მაგრამ როცა დარბაზში შევედით და ასამდე ქუჩიდან მიყვანილი ადამიანი დავინახეთ, მივხვდით _ ყველაფერი წინასწარ დადგმული სპექტაკლი იყო და ამ თამაშში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებდით. სიტყვით კი ამბობდნენ, მაგრამ რომელ შერიგებაზე იყო საუბარი, როცა ასეთი ამაზრზენი და აღმაშფოთებელი სურათი დაგვახვედრეს.

ეს გუნდი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, კერძოდ, _ გიგი უგულავასთან, მათ ერთად გაძარცვეს და გააპარტახეს მწერალთა საერთო ქონება. გვეგონა, რომ რაღაცას მაინც გაიგებდნენ, მიხვდებოდნენ და მშვიდობიანად წავიდოდნენ იქიდან. კომპარტიის დროსაც არ ხდებოდა ასეთი რამ, რომ 10–15 წელი ერთ გუნდს ემართა ორგანიზაცია, მაგრამ, ოკუპირებულია დღეს მწერალთა კავშირი, მიტაცებულია ორი ადამიანის _ რეზო მიშველაძისა და მაყვალა გონაშვილის მიერ და არ თმობენ პოზიციებს, რადგან ის კონკრეტული დანაშაულებები, ის მიუტევებელი უზნეობები არ გამომჟღავნდეს, რაც მათ ათი წლის განმავლობაში ჩაიდინეს.

მაგრამ გპირდებით კაპიკ–კაპიკ დავუთვლით ყველაფერს და პასუხს ვაგებინებთ იქ, სადაც საჭიროა _ განიავებული მწერალთა ქონებისთვის, მიტაცებული თანხებისთვის, მორალურად და ფიზიკურად გაპარტახებული მწერალთა კავშირისთვის, ყველა დანაშაულისთვის!

 

ნონა ქარქაშაძე

       

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: