"ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ორ საქმეს ერთად ვერ აკეთებს"

"ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ორ საქმეს ერთად ვერ აკეთებს"

   კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ როდესაც ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა შექმნილი ცხინვალში მოსალოდნელ რეფერენდუმთან დაკავშირებით, ხელისუფლება მხოლოდ ასოცირების ხელმოწერითაა დაკავებული:

   -"გუშინ საგანგებო განცხადებით მივმართე ჩვენს ხელისუფლებას იმ საგანგაშო ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, ცხინვალის რეფერენდუმთან დაკავშირებით.  დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ვხედავ აბსოლუტურ არაკომპეტენტურ და უუნარო დამოკიდებულებას ამ პრობლემის მიმართ. ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა განცხადება გაკეთდება ცხინვალში და როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ხელისუფლებაში არიან ის პოლიტიკური ძალები,  რომელთაც ადრე არაერთგზის აქვთ ნათქვამი, რომ აფხაზეთსა  და სამაჩაბლოს, საქართველომ დამოუკიდებლობა უნდა მისცეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, და გარწმუნებთ, რომ არავითარ შემთხვევაში შემდგომ არჩევნებში არ გაიმარჯვებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აპატიებს წინა ხელისუფლებას ხალხის და ქვეყნის წინაშე ჩადენილ დანაშაულს, ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვას.

   ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელიც 2 საქმეს ერთად ვერ აკეთებს. მთელი მთავრობა გადართულია ასოცირების ხელმოწერაზე და აბსოლუტურად არანაირი ყურადღება არ ექცევა იმ საგანგაშო ვითარებას, რომელიც ახლა ცხინვალშია შექმნილი. ამდენი ხნის მანძილზე გვეუბნებოდნენ, რომ სექტემბერში მაპი გვექნებოდა, დღეს კი თავდაცვის მინისტრი ადასტურებს იმას, რომ თურმე საქართველო ნატოში შესასვლელად მზად არ არის. გუშინ ბატონმა დიმიტროვმა განაცხადა, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, თუ ხელისუფლება დროულად არ მიიღებს ზომებს, თუ სასწრაფიდ არ დაიწყებს მოლაპარაკების პროცესს რუსეთთან, მაშინ როდესაც გადაყოლილია დასავლეთთან ვირტუალური რეალობის შექმნას, ჩვენ კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე დავდგებით და საბოლოოდ დავკარგავთ ტერიტორიებს. საშიშროება იმისა, რომ საზღვარი გორიდან იქნება რამდნიმე კილომეტრის მოშორებით, არის ძალიან რეალური და მე ვალდებული ვარ ამის შესახებ საზოგადოება გავაფრთხილო.

   რაც შეეხება ბატონ დავით უსუფაშვილის კომენტარს - ჭკუას ნუ გვარიგებთო, როცა სააკაშვილმა დაიწყო ლაპარაკი ჭკუას ნუ მარიგებთო, სწორედ მაშინ დაიწყო მისი რეჟიმის დასასრული. ასე რომ ჭკუის დარიგება, რჩევა და სწავლება მიიღეთ, არც იმდენი იცით და გაგიკეთებიათ, რომ არავისგან არ იღებდეთ ელემენტარულ მინიშნებას, როდესაც ქვეყანა დაქცევის პირასაა."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: