მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს "ასოცირების დღის წესრიგის" დოკუმენტის მიღება

მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს "ასოცირების დღის წესრიგის" დოკუმენტის მიღება

   საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიერ  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

   "დღეს, საქართველო- ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს მთავარ მომლაპარაკებელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თამარ ბერუჩაშვილსა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, "აღმოსავლეთ პარტნიორობის", ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს საკითხების დირექტორს გუნარ ვიგანდს შორის გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს "ასოცირების დღის წესრიგის" დოკუმენტის მიღება.

   "ასოცირების დღის წესრიგი" წარმოადგენს ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების ნუსხას 2014-2016 წლებისთვის, ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (Dჩ FთA) იმპლემენტაციისთვის.

   "ასოცირების დღის წესრიგი" ჩაანაცვლებს 2006 წლიდან მოქმედ საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას და ჩამოაყალიბებს პრაქტიკულ ჩარჩოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დოკუმენტი შეიცავს პოლიტიკურ კომპონენტს, მათ შორის ისეთ თემებს როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმები, კანონის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებათა პატივისცემა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობა, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და თანამშრომლობა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე. "ასოცირების დღის წესრიგი" ასევე, მოიცავს ეკონომიკურ და ვაჭრობის თემებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პრიორიტეტებს და დარგობრივ, მაგ. ენერგეტიკის, ტრანსპორტის, დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებს.

   ევროკავშირი სხვადასხვა ინსტრუმენტებით დაეხმარება საქართველოს "ასოცირების დღის წესრიგის" განხორციელებაში, მათ შორისაა ფინანსური მხარდაჭერა, ტექნიკური ექსპერტიზა და გამოცდილების გაზიარება."- აღნიშნულია განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: