ილია მეორე-"ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს"

ილია მეორე-"ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს"

   მიწების გასხვისების მორატორიუმის გაუქმებაზე პატრიარქის განცხადებამ დიდი დაინტერესება და გამოხმაურება ჰპოვა. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე "ივერიონი" კიდევ ერთხელ გთავაზობთ პარტიარქის განცხადებას, რომელიც მედიას მისმა პრესმდივანმა მიხეილ ბოტკოველმა გააცნო.

   "დღეს, როდესაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა და ბევრ შემთხვევაში, იძულებულია თავისი ქონება ძალზე იაფად გაასხვისოს, ახალი რეალობა დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს სახელმწიფოს. თავისთავად უცხოური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრება მისასალმებელია, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე ქვეყნის განვითარება. მაგრამ ეს პროცესი უმართავი არ უნდა გახდეს. მან არ უნდა განაპირობოს ყველაზე დიდი მატერიალური სიმდიდრის, ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მოსამსახურე პერსონალად გადაქცევა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც, პირველ რიგში, ეკუთვნით აქაური სიკეთე და დოვლათი, აღარ ჰქონდეს შიდასამეწარმეო რესურსების გამოყენების საშუალება", - აღნიშნულია განცხადებაში.

   ამასთან, პატრიარქი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ერთი წელია სერიოზული ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობაში არსებული სიტუაციის გამოსწორებისათვის. მაგრამ ამჟამად შექმნილი ვითარება სხვა ქმედებების განხორციელებასაც საჭიროებს. მათ შორის, შეღავათიან და გრძელვადიანი სესხების გაცემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პატრიარქი განცხადებაში მიმართავს ხელისუფლებას, ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს, ასევე ბიზნესმენებს. კერძოდ, პატრიარქი მიმართავს ხელისუფლებას, სწრაფად მიიღოს ზომები და ევროპის რიგი ქვეყნების მსგავსად შეიმუშაოს სათანადო რეგულაციები, "რათა განეიტრალდეს ფრიად ნეგატიური მოსალოდნელი შედეგები, მით უმეტეს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლის დღევანდელი რედაქცია ამის შესაძლებლობას იძლევა".      პატრიარქი ასევე მიმართავს ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციების დადგენამდე, შეაჩერონ სესხების დაფარვის მიზნით მიწის გასხვისების პროცესი ან შეღავათიანი გადახდის პირობები დააწესონ. პატრიარქი მიმართავს ბიზნესმენებს, გაააქტიურონ საქმიანობა სოფლის მეურნეობის სფეროში და დააბანდონ თავიანთი კაპიტალი ახალ ტექნოლოგიებსა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. ხელი შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას. რათა მათი ექსპორტი მოხდეს საზღვარგარეთ. ასევე მიმართავს მიწათმოქმედებს, მეტი სიყვარული გამოიჩინონ შრომისადმი, დაამუშაონ ნაკვეთები, მოუარონ მათ და შვილებს შეუნახონ ეს ქონება. "მიწაზე მომუშავე ადამიანებმა უნდა იცოდნენ ისიც, რომ მის საქმიანობას დალოცვა სჭირდება. სოფლად მოღვაწე სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა უფასოდ, ყოველწლიურად უკურთხონ ხალხს ნაკვეთები, თესლი და მოსავალი, აგრეთვე, სახლ-კარი, საქონელი და პირუტყვი, რომ ხალხის შრომამ ნაყოფი გამოიღოს და დაცული იყოს სხვადასხვა საშიშროებისაგან. ეს უძველესი ტრადიცია უნდა აღდგეს და მოსახლეობამ გაითავისოს. საერთოდაც, ყველანი უნდა გავერთიანდეთ და სამშობლოს შევეხიდოთ, განსაკუთრებით ვთხოვ ამას ჩვენს ახალგაზრდებს. მსგავსი პრობლემების წინაშე ჩვენი ქვეყანა მე-19 საუკუნის დასასრულსაც იდგა, სწორედ ამიტომ დააარსა მაშინ წმინდა ილია მართალმა საადგილმამულო ბანკი. დღეს დიდი ილიას ჭაპანი თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალისამებრ ჩვენისა უნდა გავწიოთ"-ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: