მანანა ნაჭყებია:-"აშკარად იკვეთება, რომ სრულდება ვიღაც ერთი ადამიანის სურვილი"

მანანა ნაჭყებია:-"აშკარად იკვეთება, რომ სრულდება ვიღაც ერთი ადამიანის სურვილი"

   გიგი უგულავას დაკავებას "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მანანა ნაჭყებია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია, რომელზეც პასუხის გაცემაა საჭირო. მისივე თქმით ღონიშვილის საქმეზე ძიება დიდი ხანია მიმდინარეობს და გაუგებარია გიგი უგულავასთვის ხელბორკილების დადება რატომ გახდა გადაუდებელი აუცილებლობა.

   -"ახალი მემარჯვნეები" და პირადად მე 12 წლის განმავლობაში ვიყავით ოპოზიციაში და ვუპირისპირდებოდი იმას, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის ძირითადი ღირებულებების ფეხქვეშ გათელვა. ჩვენ ცვლილებები გვინდოდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარებოდა და ქვეყანა დადგომოდა დემოკრატიული განვითარების გზას. რასაც დღეს, გუშინ ვუყურებთ, ნამდვილად არ მგონია, რომ არის დემოკრატიის განვითარება. ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია, რომელი ხელისუფლება დაარღვევს კანონის უზენაესობის პრინციპს - "ნაციონალური მოძრაობა" თუ "ქართული ოცნება". არ მინდა, სიღრმეებში შევიდე, მაგრამ აშკარად ვხედავ, რომ ყველაფერი ის, რასაც ორი დღეა, ვუყურებთ, არის ძალიან თეთრი ძაფით ნაკერი და აშკარად იკვეთება, რომ სრულდება ვიღაც ერთი ადამიანის სურვილი. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის სურვილი სრულდებოდა თუ "ქართული ოცნების" ყოფილი თუ დღევანდელი ლიდერის - ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: