ლია რუსიაშვილი: ჩვენ ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკისკენ მივდივართ!

ლია რუსიაშვილი: ჩვენ ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკისკენ მივდივართ!

აქტუალურ საკითხებზე „ივერიონს“ პოეტი ლია რუსიაშვილი ესაუბრება.

- ქალბატონო ლია, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა განცხადება, რომ 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს აიდიზაციის პროცესი, ანუ, არაბიომეტრიული მოწმობები მთლიანად ბიომეტრიულმა უნდა ჩაანაცვლოს. ეს აუცილებელია ევროპასთან უვიზო რეჟიმზე გადასვლის გამო!

თქვენ თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად იბრძოდით მასობრივი აიდიზაციის წინააღმდეგ და აცხადებდით, რომ ამ ჩიპიანი პირადობის მოწმობის აღება ნებაყოფლობითი უნდა გახდეს.

ოგორ ფიქრობთ, დაემორჩილება თუ არა ევროკავშირის მოთხოვნას ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც გარკვეული მოსაზრებით უარს ამბობს ბიომეტრიულ პირადობის მოწმობებზე და ირღვევა თუ არა ამ შემთხვევაში მოქალაქის თავისუფლება?

- ამ საკითხთან დაკავშირებით ამ გაზაფხულზე, „რეაქციაში“ განვაცხადე: - „ვისაც არ გვსურს ID ბართის აღება, ხელისუფლება ასე ისტერიულად რატომ გვაიძულებს? იმიტომ ხომ არა, რომ საქართველო ზემდგომი ქვეყნების მიერ საცდელ ლაბორატორიადაა მიჩნეული?!“ ეს ეჭვი ჰაიჰარად არ გამჩენია. სწორედ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, კერძოდ, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიაში, ხორვატიაში, ბულგარეთში დაშვებულია ალტერნატიული საბუთები, ზოგან კი საერთოდ არ არსებობს აიდი-ბარათი.

გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ დღესდღეობით, მსოფლიოში საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც ლამის როზგით ანხორციელებენ მასობრივ აიდიზაციას. ხოლო, არის თუ არა ამგვარი მეთოდური იძულება საცდელი ლაბორატორიისთვის დამახასიათებელი უტყუარი ნიშანი, ამის მიხვედრა საშუალო გონების ადამიანს არ გაუჭირდება.

მეთოდური იძულებაა, როცა წლების განმავლობაში არ აძლევენ მოქალაქეებს ალტერნატულ საბუთს და ხაზგასმით რიყავენ ამ ქვეყნის საზოგადოებიდან, მანამ, სანამ არ მიაღებინებენ აიდი ბარათს. ...

რაც შეეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც, ჯერ კიდევ, როგორღაც ახერხებს იმის ვერმიხვედრას, თუ რა საფრთხე იმალება ელექტრონული ბარათების მიღმა, გულისტკივილით განვუმარტავ, რომ ID ბარათის მფლობელი ავტომატურად ერთვება კომპიუტერულ სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი მოქალაქის შესახებ კუდ-ში მოიპოვება ნებისმიერი ინფორმაცია - დაწყებული მგზავრობიდან, დამთავრებული საბანკო ანგარიშებით. და, რომ, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დაინტერესებულ პირებს თავისუფლად შეეძლებათ ID ბარათის მფლობელს შეუცვალონ ბიოგრაფიული მონაცემები და საბანკო ანგარიში. და არა მხოლოდ მათ -არამედ არსებობს რეალური საშიშროება, რომ ჩვენს პირად მონაცემებზე ხელი მიუწვდებათ ჰაკერებს! იმ უზარმაზარი ინფორმაციების გაცნობის შემდეგ, რაც აიდი ბარათს ეხება, თუ მავანთ მაინც მოსწონთ ელექტრონული ტყვეობა, ვინმე უშლით ამას? აიღონ და იცხოვრონ ბედნიერად თუკი, ამის საშუალება მიეცემათ, თუმცაღა, ვეჭვობ. სამწუხაროდ, გამართლდა საფრთხის მოლოდინი და უკვე დაიწყო ამოქმედება ამ შენელებულმა ბომბმა: - რატომ დააპატიმრეს ახლახან შარდენზე მდებარე კაფის მეპატრონე?! მომყავს ნაწყვეტი: (საინფორმაციო პორტალი „კვირა“ 2014წ. 16 ივნისი) სტატიიდან: -„სქემა იყო ასეთი: ორი პიროვნება მოქმედებდა ერთმანეთთან შეთანხმებით. მამაკაცი გახლავთ ამ ბარის თანამფლობელი, გოგონა კი მიმტანად მუშაობდა. იქიდან გამომდინარე, რომ მიმტანს უშუალოდ ჰქონდა შეხება კლიენტთან და შესაბამისად, პლასტიკურ ბარათთანაც. სპეციალური მოწყობილობის - “რიდერის”, ანუ წამკითხავის საშუალებით (ეს არის დაახლოებით ასანთის კოლოფის სიდიდის მოწყობილობა) ხდებოდა სხვისი ბარათის მონაცემების მოპოვება. ანგარიშსწორების დროს მიმტანი ამ “რიდერზე” ფარულად ატარებდა პლასტიკურ ბარათს. ეს მოწყობილობა შესაძლებლობას იძლევა, ბარათის მაგნიტურ ზოლზე არსებული ინფორმაციის მოპოვების. შემდეგ “რიდერი” ე.წ. USB კაბელის მეშვებით ერთდება კომპიუტერში და ხდება ამ მონაცემების კომპიუტერში გადატანა. კომპიუტერში სპეციალური პროგრამა არსებობს, საიდანაც ეს მონაცემები უკვე “რაითერზე” გადაიტვირთებოდა. მარტივად რომ ვთქვათ: ერთი მხრივ, “რიდერი” უერთდება კომპიუტერს, გადადის მონაცემები კომპიუტერში, კომპიუტერს ასევე უერთდება “რაითერი”, სადაც გადადის ეს მონაცემები და სპეციალური პროგრამის გამოყენებით იტვირთება ცარიელ პლასტიკურ ბარათებზე. შემდეგ უკვე მიდიან ბანკომატთან და გააქვთ თანხა”...

ასე რომ, მიუხედავად თეა წულუკიანის მტკიცებისა, რომ ეს ბარათი საამისოდ „უხიფათოა“, რადგან „დაუხვეწავია“ და „სულელი“(ეს მისი სიტყვები გახლავთ), მანაც და ყველა დაინტერესებულმა პირმა კარგად იცის, რომ დღეს ამ „უხიფათო“ და „სულელი“ აიდი ბარათის მხოლოდ 3 პროცენტია დატვირთული, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ, ბარათის დატვირთვისდა გაზრდის კვალობაზე, (რაც აუცილებლად მოხდება), ყველას, ვისაც როგორ მოუნდება, ისე შეუძლია შეცვალოს მფლობელის პირადი მონაცემები, იქნება ეს ბარათიდან თანხის მოხსნა თუ ბარათის მფლობელის კრიმინალად და ანტისახელმწიფოებრივ სუბიექტად შერაცხვა - აღარაფერს ვამბობ მორწმუნეთათვის მიუღებელი სიმბოლოების შეტანაზე!

- შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა მართლმადიდებლობა მუსულმანურ ფუნდამენტალიზმს შეადარა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საფრთხეს უქმნის ცივილიზაციას. როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ეს განცხადება?

- იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, სადაც მოსახლეობის 50 პროცენტი კათოლიკეა, ხოლო 40 პროცენტი პროტესტანტი, მართლმადიდებლობის ამგვარი შეფასება გასაკვირია?

დიახ, მართლმადიდებლობა მათ „ცივილიზაციას“ მართლაც საფრთხეს უქმნის, რადგან გზას უღობავს ანტიქრისტეს ტახტის მომზადებაში. ხოლო, მართლმადიდებლობის შედარება მუსულმანურ ფუნდამენტალიზმთან იმდენად აბსურდულია, (რაც გამომდინარეობს ამ ორი რელიგიის აშკარა უცოდინარობიდან), რომ კომენტარის გაკეთება ძნელია. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ისეთ მდგომარეობაში გვაყენებენ, ძალაუნებურად ვცდილობთ თავი დავიცვათ და სწორედ ამას ეძახიან „აგრესიულ ფუნდამენტალიზმს“...

- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მორატორიუმი, რომელიც კრძალავდა უცხოელებზე მიწის გასხვისებას. ამ საკითხს მტკივნეულად გამოეხმაური მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე და აღნიშნა, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვით მარჩენალის გარეშე ვტოვებთ მომავალ თაობებს და ეს ის რესურსია, რომლის გაყიდვა არ შეიძლება... როგორ ფიქრობთ, უნდა აზვირთდეს თუ არა საზოგადოება ამ მოღალატური გადაწყვეტილების წინააღმდეგ?

- ილიას სიტყვები მახსენდება - „ჩვენი ძალღონე, ჩვენი ცხოვრებისა და ვინაობის, ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი, ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე--მიწა და გუთანია...“ მიწა ყველა ქვეყნისთვის ყველაზე ძვირფასი და სისხლით დასაცავი განძი იყო, რადგან უიმისოდ, სულ იოლად გაცამტვერდებოდნენ.

იბადება კითხვა: ვის ინტერესებში შედის ბოლო ოცწლეულის განმავლობაში უამრავი შემოტევით ისედაც დასუსტებულ-დაუძლურებული საქართველოს საბოლოო წაქცევა? ფაქტია, რომ აშკარად მტრული იერიში მიდის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ! ლოგიკურად ვიფიქროთ: - არსებული კანონმდებლობით, თუ რაიმე საკუთრება მთელი ოჯახისაა, მაშინ მის გასხვისებაზე საჭიროა ოჯახის ყველა წევრის თანხმობა. და თუ ეს ასეა, მაშინ, მითუმეტეს, ვის აქვს უფლება გაასხვისოს საქართველოს ტერიტორია, რომელიც ქართველ ერს ეკუთვნის?! ვის აქვს უფლება ერის ნებართვის გარეშე გაყიდოს წინაპართაგან სისხლით შენარჩუნებული მიწები? სადაა ხალხის რეფერენდუმი?

ვგონებ, სხვა ქვეყნებში ასეთ საკითხზე ხალხს ეკითხება ხელისუფლება, როგორ მოვიქცეთო. აქ კი რახანია, არც აღარაფერს გვეკითხებიან, ისე სჭრიან და ჰკერავენ ჩვენს მიწაწყალს... საინტერესოა, რომელი ქართველთმოძულის თავში დაიბადა მიწების უცხოელებზე გაყიდვის სულისწარმწმედი იდეა? ვითომდა, სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად სხვა გზა ვერ გამოიძებნა?.. თითქოსდა, ოცწლიანი იჯარით რომ მიეცათ მიწის ნაწილი უცხოელებისთვის დასამუშავებლად, ცეკვა-ცეკვით კი არ აიღებდნენ - სადღაა ჯანსაღი, ათასგვარი შხამისგან შეუჭმელ-გამოუფიტავი მიწა მსოფლიოში? აქ, საქართველოშიღა შემორჩა და იმასაც უყიდიან ერს, რათა საკუთარ ქვეყანაში სხვის მოსამსახურედ აქციონ სამუდამოდ...

- და ბოლოს: თქვენი გადასახედიდან, როგორ შეაფასებთ ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, საით მივდივართ?

- სანუგეშოს ვერაფერს ვხედავ - რაც დრო გადის, მით უფრო ავიწროებენ ქვეყანაზე შემოჭდობილ ჯაჭვს... ისევ ღვთის გული უნდა მოვიგოთ ისე, როგორც ეს თამარის, დავითის, გიორგი ბრწყინვალის დროს მოახერხა მეფემ, ერმა და ბერმა და მაშინ კი უეჭველად გამოგვიჩნდება საშველი!

ზემოთ რომ ვისაუბრეთ, ეს პრობლემა ჩვენი უთავბოლობის ბრალიცაა, რაც დავთესეთ სამოციანი წლებიდან მოყოლებული, როცა მთა და ბარი დაიცალა და ყველამ ქალაქელობა მოისურვა, ხოლო სოფლები მოხუცებულთა ამარა დარჩა - აი, ასეთი გაგებით „ცივილიზაციამ“ დატოვა ჩვენი მიწები უპატრონოდ და დღეს, როგორც უპატრონო ეკლესიას ეპატრონებიან ეშმაკები, ისე მოიწევენ უცხოელები ჩვენი მიწების დასასაკუთრებლად. ასე რომ, რანაირი ხალხიცაა - ისეთია მთავრობაც. საით მივდივართ და - ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკისკენ! კომპიუტერებში ვხნავთ და ვთესავთ...

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: