ვახტანგ ჟორდანია:-"ხალხი პიკზეა მისული, ლიდერი არ სჭირდება, თავად გამოვა ქუჩაში"

ვახტანგ ჟორდანია:-"ხალხი პიკზეა მისული, ლიდერი არ სჭირდება, თავად გამოვა ქუჩაში"

   "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ვარხტანგ ჟორდანია მიიჩნევს, რომ მოსახლეობას არ მოსწონს სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაგვიანება და უგულავას დაჭერა სწორედ რომ ხელისუფლებისადმი ხალხის იმ ნაწილის მობრუნების დასაწყისი იქნება, რომელიც "ამინდს ქმნის".

   -"სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლების სათავეში და ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა, ძალიან ბევრი ადამიანი კმაყოფილი იყო და ტაშს უკრავდა შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკების დაჭერას, ამბობდნენ ბანდიტები არიან და უნდა დაიჭირონო. დღევანდელ დღეს, რაც საზოგადოების უმეტესი ნაწილის მოთხოვნაა მოქმედი ხელისუფლების მიმართ, ეს არის-რატომ არ იჭერს სააკაშვილისდროინდელ ჩინოვნიკებს. აი, ნახეთ, კოჰაბიტაციას უფრო აპროტესტებენ, ვიდრე იმას, რომ ეკონომიკურად ვერ გაძლიერდა საზოგადოება და იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდე იყო, სწორედ ამიტომ ახლა უგულავას დაკავებას ყველა სამართლიანობის აღდგენის დაწყებად მიიჩნევს და შესაძლებელია ბევრი საკითხი ამ თემით გადაიფაროს".

    მეორე ტურისგან არაფერს ელის და ამბობს, რომ "ნარმანიაც და მელიაც ერთიდაიგივეა" არა მარტო ხალხისთვის, არამედ თავად ამ პოლიტიკური ძალებისთვის.

   -"საკანონმდებლო ორგანოა პარლამენტი, სახელისუფლებო რგოლსაც დღევანდელი კანონმდებლობით ამტკიცებს პარლამენტი, ახალი მოცემულობით თუ მივიღებთ პარლამენტს, ოღონდ ქმედით პარლამენტს და არა ისეთს, დღეს რომ გვყავს, რეალურად იქნება ორიენტივი ფუნდამენტურად შეცვალონ კანონმდებლობაში ის კანონები, რომელიც ეხება საარჩევნო კანონს, სიებს და სხვა საკითხებს, მაშინ შესაძლებელია ქვეყანაში სიტუაციები დალაგდეს. 

   -ვინ უნდა შეცვალოს ეს კანონები? თუნდაც ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, როგორ ფიქრობ, ისევ ეს ძალა არ მოვა უმრავლესობაში? ჩვენთან ხომ წესად არის ქცეული, რომ ყოველთვის იმარჯვებს სახელისუფლებო პარტია და ის ძალა, რომელიც სწორედ რომ ამინდს ქმნის პოლიტიკაში. თუნდაც  ვადამდელი არჩევნების მერე არ გამოვა ოპოზიცია და არ იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა? ყველას ახსოვს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები რომ დაინიშნა აქციებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის შემდეგ, ისევ სააკაშვილმა გაიმარჯვა, ახლა რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ვადამდელ არჩევნებს შედეგი ექნება?

   -ამ არჩევნებში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება თუ ვადაზე დანიშნული, ვერც "ქართული ოცნება" მოიგებს და მითუმეტეს ვერც "ნაციონალური მოძრაობა". თვითმმართველობის არჩევნებმა ამის ნათელი მაგალითი გვიჩვენა, ახლა ხალხმა გამოხატა პროტესტი იმით, რომ არ მივიდა არჩევნებზე, შემდგომი პროტესტი იქნება ძალიან მძიმე და მწარე.

   -და რა გარანტიაა, რომ იმ არჩევნებზე ხალხი მივა?

   -მივა, მივა იმიტომ, რომ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება თუ არ იქნა ხალხის პროტესტი, საქართველოში ასე ხდება-რაღაც პერიოდი პოლიტიკური ტემპერატურა დაწეულია, მერე, თუ ერთი ავარდა ტემპერატურა ქუჩაში გამოდის თითქმის ნახევარი საქართველო, აი, ეს თუ მოხდა და ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ისე, როგორც ეს 2012 წელს მოხდა, ან როგორც ლევან გაჩეჩილაძის დროს იყო, მაშინ ამ ორივე პარტიას აქვს შანსი- ნული.

   -თქვენ ამბობთ, "ეს ხალხი თუ გამოვიდა" და ვინ უნდა გამოიყვანოს ხალხი? 2012 წელს ხალხი ქუჩაში "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად გამოვიდა და ახლა თავიანთ საწინააღმდეგოდ ხომ არ გამოიყვანენ ხალხს, "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებამ შერაცხა დანაშაულებრივ რეჟიმად და ძნელი დასაჯერებელია, რომ შეძლოს ხალხის მასის აყოლიება, არც სხვა ძალა ჩანს ისეთი, რომელსაც ხალხი გაყვება?

   -ხალხი თვითონ გამოვა, არ სჭირდება ლიდერი, არავის დაძახება არ დასჭირდება, რადგან ხალხი პიკზეა მისული. მე ყოველდღე ვხვდები ადამიანებს, რომლებიც დანის პირზე დადიან, ზღვარზე არიან და იმის გარჩევა აღარ იქნება, ვის რა სარგებელი მოუტანა ამა თუ იმ ძალის მოსვლამ, აი, ლიდერი მერე იმ ხალხში გამოიკვეთება.

  -როგორ ფიქრობთ, ხომ არ მოვიდა დრო, რომ ახალი ლიდერები და ახალი სახეები გამოიკვეთონ?

  -ეს აუცილებლად მასეც მოხდება, უბრალოდ ყველაფერს აქვს თავისი დრო. 

  -თქვენ ხართ პოლიტიკოსი, როფორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უკვე ყოფილ ოპოზიციას ავიწყდება ყველა დანაპირები და ნათქვამი სიტყვა? რა აქვს ხელისუფლების რბილ სავარძლებს ასეთი, რომ ცვლის პოლიტიკოსს?

   -ოპოზიციის სადგომიდან ბევრი რაღაც უფრო გამჭვირვალედ ჩანს, მერე, როცა საკუთარ თავთან რჩები, ძნელია შენი სისუსტეები დაინახო, ეს ცხოვრებაშიც ასე ხდება, უბრალოდ ჩემი აზრით, არასდროს მოხდა ისე, რომ ხელისუფლებაში ერთიანად მოვიდეს კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც იმისთვის კი არ იბრძოლებენ, მე რა მექნება, არამედ იმისთვის-ქვეყანას რა ექნება. ერთი და ორი ადამიანი კი არ უნდა იყოს ასეთი, არამედ უმრავლესობა და მაშინ სურათი აბსოლუტურად სხვა იქნება. აუცილებელია მთავრობა ხალხზე ორიენტირებული იყოს. 

   -რა გარანტიაა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვენც არ დაგემართოთ ამნეზია?

   -დღემდე ისე მოვედი, სულ ვცდილობ ცუდი არავინ თქვას ჩემზე, ეს შორეული გეგმებია და არა აქვს მნიშვნელობა მოვალთ თუ არა ხელისუფლებაში, მაგრამ თუ მოვედით, მინიმუმ ხალხს თავს არ ვაგინებინებ და არ ჩამითვალოთ მაღალფარდოვან სიტყვებად, მაგრამ შევაკვდები, რომ ქვეყანა უფსკრულის პირას არ მივიდეს. ერთი ვიცი, რომ საჭიროა ისეთი ძალა მოვიდეს, რომელიც მაღალ მატერიალებზე კი არ ისაუბრებს, არამედ ხალხზე იზრუნებს, პოპულიზმზე კი არ გააკეთებს ორიენტაციას, არამედ ქვეყნის შიგნით არსებულ თემატურ პრობლემებზე. არის ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომელთა გვერდით არასდროს დავდგებით, უნდა ვიყოთ ხალხთან!

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: