ჩქარა, ვაზელინები! ანუ, გაშოუმენებული საქართველო!

ჩქარა, ვაზელინები! ანუ, გაშოუმენებული საქართველო!

ესეც ასე - ოქტომბრიდან საქართველოს არაორდინალური შოუმენი შეემატება - ბიძინა ივანიშვილი ბერას ტელეკომპანია GDS-ზე ახალ პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს.

ქ-ნ მანანა ნაჭყებიას თქმისა არ იყოს, ჟურნალისტებს სერიოზული კონკურენტი გამოგვიჩნდა - ბატონი ბიძინა იმდენად მძიმეწონიანი ფიგურაა, ჩვენ უფულო და „ურეიტინგო“ ჟურნალისტებმა კალამი ძირს უნდა დავდოთ და გზა ახალგაჟურნალისტებულ მილიარდერს უნდა დავუთმოთ.

ეს გაფრთხილება განსაკუთრებით ტელეჟურნალისტებს ეხებათ, რომლებსაც უახლოეს მომავალში სახუმაროდ ნამდვილად არ ექნებათ საქმე.

აქსიომაა: ხალხს პური და სანახაობა სჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოში ისევ პურის დეფიციტია. რაც შეეხება შოუს, ანუ სანახაობას, სააკაშვილთან განშორებით გამოწვეულ სიცარიელეს, ეტყობა, რამდენიმე თვეში ივანიშვილი შეავსებს! ოღონდ, მოთმინება უნდა ვიქონიოთ.

ივანიშვილი პოლიტიკიდან ისე წავიდა, სულ იმას იძახდა: მე პოლიტიკოსი არ ვარ და პოლიტიკოსობას არც მომავალში ვაპირებო, მაგრამ თავისი საქმე მაინც გააკეთა - სააკაშვილი „ჩამოაგდო“, „ნაციონალების“ რეჟიმი განზე გაწია, „კარგი“ პარლამენტი და „კარგი“ მთავრობა დაგვიტოვა, თან წასვლისას დაიმუქრა: თუ ესენი ვერ გაამართლებენ, ჩემსავე გუნდს ოპოზიციაში ჩავუდგები და კუდით ქვას ვასროლინებო!

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ პრემიერს დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ, ბოლო დაპირებას მაინც ასრულებს - ახალი პოლიტიკური თოქ-შოუ სამოქალაქო საზოგადოების და „დემოკრატიული პლურალიზმის“ ფორმირებას აშკარად შეუწყობს ხელს. ყოველ შემთხვევაში, ამის იმიტაცია დაიწყო და არ არის გამორიცხული, ნამდვილი შოუს მონაწილეც გავხდეთ!

არ ვიცი, დანანებით წამოსცდა თუ არა ინგა გრიგოლიას, მაგრამ მან უკვე დააანონსა, რომ ივანიშვილის პოლიტიკური თოქ-შოუ ძალიან რეიტინგული იქნება!

იქნება, აბა არ იქნება?!
 იმასაც დავინახავთ, ვაზელინების დეფიციტი როგორ გაჩნდება ქვეყანაში და რა აურზაური ატყდება GDS-ის კარზე - მილიარდერის პირდაპირ დაჯდომა ხომ პრესტიჟის საქმეა!

უკვე გარკვეულია თოქ-შოუს სახელწოდებაც. როგორც ჩანს, საკმაოდ მაგიურია ივანიშვილისთვის სიტყვა „მოქალაქე“, რომელიც მან თავის დროზე საკუთარ ენჯეოს დაარქვა. „მოქალაქეთა კავშირი“, „მოქალაქე“ - ეს ის სიტყვებია, რომელიც თავის თავში არაორდინალურ მუხტს ინახავს!

ისტორიას ახსოვს ასეთი მაგალითი: ამერიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო პრეზიდენტი რონალდ რეიგანი დიდი სცენიდან დიდ პოლიტიკაში წავიდა და ნოვატორი პრეზიდენტის სახელი დატოვა. სხვათაშორის, მას მსახიობის გამოცდილება ძალიან გამოადგა პოლიტიკურ ავანსცენაზეც წარმატებული ყოფილიყო.

აქ კი პირიქითაა - სწორუპოვარი ბიზნესმენი და პოლიტიკური ავანსცენიდან ფორმალურად წასული ივანიშვილი ჟურნალისტიკაში მიდის და პოლიტიკურ თოქ-შოუს გვთავაზობს.

არ გამიკვირდება, მან ძალით გაშოუმენებული ქართველი ჟურნალისტები ჩამოიტოვოს და რეიტინის სათავეში მოექცეს.

არც ის გამოკვირდება, მისმა თავგადაკლულმა ფანმა, ცნობილმა რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ივანიშვილისთვის საგანგებო სცენარი დაწეროს და მთავარ როლში მილიარდერი მოგვივლინოს.

ასე იცის დიდმა ფულმა და დიდმა გავლენებმა!

P.S. შევარდნაძის შვილიშვილმა, ცნობილმა ტელეჟურნალისტმა  სოფო შევარდნაძემ ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გაამხილა ბაბუას დანაბარები, რომ იგი არ ენდობოდა, მიხეილ სააკაშვილს, კახა თარგამაძეს და ბიძინა ივანიშვილს.
განსაკუთრებით ამ უკანასკნელში „შორსმხედველს“ ხედავდა. ბოლო წლები აშკარად ადასტურებს, რომ ექს-პრეზიდენტი არ ცდებოდა.

ახალი პოლიტიკური შოუც იქნებ იმ სცენარის ნაწილია, რითაც ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში!...

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: