სოლიდარობის ფონდში პირველი შენატანები მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განახორციელეს

სოლიდარობის ფონდში პირველი შენატანები მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განახორციელეს

   მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სოლიდარობის ფონდში ხელფასიდან ყოველთვიური შენატანის განხორციელების სურვილი გამოთქვეს. ინიციატივას თანამშრომელთა უმრავლესობა შეუერთდა. თანხის ყოველთვიურად გადარიცხვას ასევე განახორციელებენ ეკონომიკური საბჭოსა და კრიზისების მართვის საბჭოს წევრები.

   სოლიდარობის ფონდი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ფინანსური რესურსების მობილიზებასა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას ისახავს მიზნად.

   საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების, ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. პაციენტები საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას ხშირად სათანადო სახსრების არქონის გამო ვერ ახერხებენ. 

   თუ სოლიდარობის ფონდში ყოველთვიური შენატანი 170 000 ლარს მიაღწევს, 18 წლამდე ონკოჰემატოლოგიური პაციენტების მკურნალობის პრობლემა გადაიჭრება. ყოველთვიური 1 400 000 ლარიანი შემოსავლის პირობებში კი ონკოლოგიური სერვისების მიწოდება ზრდასრულ მოსახლეობაშიც სრულად იქნება უზრუნველყოფილი. საწყის ეტაპზე ფონდი ბენეფიციარებს სამკურნალოდ გამგზავრებაში დაეხმარება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მკურნალობის ანალოგიური სერვისების საქართველოში უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

   სოციალური პრობლემების გადასაჭრელად საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, IFFIm, UNITAID, Product (Red) და სხვა, ბოლო წლებში აქტიურად იყენებენ დაფინანსების ინოვაციურ, არასაბიუჯეტო მექანიზმებს.

სოლიდარობის ფონდის პროექტი საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა.

   პროექტის ადმინისტრაციულ ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს. ფინანსური გამჭვირვალობისა და თანხების მიზნობრივად განკარგვის უზრუნველსაყოფად კი სპეციალური კომისია იმუშავებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: