ნინო ბორჩხაძე:-"უცნაური ფსიქიკის მქონე ღარიბაშვილი თავისი გუნდით ძალიან საშიშია"

ნინო ბორჩხაძე:-"უცნაური ფსიქიკის მქონე ღარიბაშვილი თავისი გუნდით ძალიან საშიშია"

   "არასაპარლამენტო ოპოზიციის" მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა ნინო ბორჩხაძემ ხმამაღლა დააფიქსირა თავისი არჩევანი და განაცხადა, რომ მეორე ტურში ხმას ნიკა მელიას აძლევს, რამაც საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მძაფრი რეაქცია გამოიწვის. დღეს ბორჩხაძემ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" კი არა, უშუალოდ ნიკა მელიას მხარდამჭერია.

   -"ნიკა მელია იქნება საკმაოდ დამოუკიდებელი, საქმიანი, კონსტრუქციული და არა საბოტაჟის მომწყობი, როგორც მისი წინამორბედები იყვნენ, თბილისს სჭირდება მერი და არა ბელადი ან პარტიული ლიდერი. ვნახეთ უკვე რას გვიშვება აბსოლუტური ხელისუფლება და რა ხდება მაშინ, როცა მთელი ძალაუფლება ერთ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს ხელში ჩაგდებული. მეორე ტურში უმჯობესი იქნება, თუ ოპოზიციის კანდიდატი გაიმარჯვებს. კარგი იქნება თუ არ ავირჩევთ ისეთ მერს, რომელიც გადაწყვეტილებას თავისი ნებით ვერ მიიღებს და შეეკითხება უცნაური ფსიქიკის მქონე პრემიერ-მინისტრს, რომელიც მხოლოდ იმითია დაკავებული, როგორ შეუმციროს პრეზიდენტს უფლებები. მე ვთვლი, რომ ღარიბაშვილი თავისი გუნდით ძალიან საშიშია. მან წელიწადნახევარში მოახერხა ის, რაც ვერ შეძლო სააკაშვილმაც კი. 

    რატომ უნდა ჩავუდგე ჯიბრში მელიას? მხოლოდ იმიტომ, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატია? თუ იმისთვის, რომ ნარმანიაა "ქართული ოცნების" კანდიდატი? ზუსტად "ოცნებამ" დატოვა ყველა ის ადამიანი თანამდებობებზე, ფარცხალაძე-შოთაძეების თამადობით, რის გამოც "ნაციონალები" დღეს არსებულ ძალად იქცნენ, "ქართულმა ოცნებამ" ციხის არც ერთი ჯალათი არ გაათავისუფლა სამსახურიდან და არ დასაჯა შესაბამისად, ამის შემდეგ ვისთან უნდა ჰქონდეს საზოგადოებას პრეტენზია, ჩემთან თუ "ოცნებასთან", რომელმაც კარგად იხეირა "ნაციონალების" მანკიერებით. რომელი დანაშაული იქნა გამოძიებული? "ნაციონალებმა" აღიარეს, რომ პროკურორები დანაშაულს სჩადიოდნენ და მითხარით, რომელი ასეთი კანონდამრღვევი გაათავისუფლა ახალმა ხელისუფლებამ? მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი ამ ძალის რეანიმირების და ვინ ცდილობს ამას, კარგად ხედავს საზოგადოება".

   ბორჩხაძე თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნარმანიამ საკმაოდ ბევრი ტყუილი თქვა და არც ერთი დაპირება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მისცა ხალხს, არ შესრულებულა. მისივე თქმით აგრესიული იყო მელია და ამ დებატების მერე ამომრჩეველს კიდევ უფრო გაუჭირდება იმის გადაწყვეტა, თუ ვის აძლევს ხმას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: