დავით უსუფაშვილი:-"ჩვენ უნდა დავნერგოთ ევროპული სტანდარტები იქ, სადაც დასანერგია და შევინარჩუნოთ ქართული იდენტობა სადაც შესანარჩუნებელია"

დავით უსუფაშვილი:-"ჩვენ უნდა დავნერგოთ ევროპული სტანდარტები იქ, სადაც დასანერგია და შევინარჩუნოთ ქართული იდენტობა სადაც შესანარჩუნებელია"

   "საქართველოს ევროპული გზის" მე-11 საერთაშორისო კონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ ეტაპებზე ისაუბრა და ის პოლიტიკოსებიც გაიხსენა, რომლებმაც თავის დროზე საფუძველი დაუდეს ევროინტეგრაციის პროცესებს.

   -"საქართველოს მთავრობას სრული მხარდაჭერა აქვს პარლამენტის მხრიდან. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოში, რომელიც საქართველოს გახდის უფრო ფართო ევროპის ნაწილს. ჩვენ დოკუმენტის რატიფიცირებას მოვახდენთ შემდეგ კვირას და ამით ჩვენ ყველაფერი გვექნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვიმუშაოთ, რაც სჭირდება ამ ხელშეკრულების განხორციელებას.

ამავდროულად, საქართველოს გზა ევროპისაკენ არის გაცილებით უფრო რთული. ეს დაიწყო საუკუნეების წინ და არც კი შევეცდები გავიხსენო ყველა ადამიანი, ვინც თამაშობდა ძალიან მნიშვნელოვან როლს ამ გზის მიმართულებით.

   დღეს მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ექსპრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ოჯახს. მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მისი პრეზიდენტობის დროს განისაზღვრა სტრატეგია, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, რასაც ჩვენ მის პოლიტიკურ გზას ვუწევდით, მაინც უნდა ვაღიაროთ მისი მიღწევები. ზურაბ ჟვანიას თავისი ისტორიული სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანი იყო".

    მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან კონფერენციის თაობაზე კომენტარი გააკეთა და მისი ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

   -"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მე-11 საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება დაემთხვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე ყველაზე ეფექტური ერთი წლის გასვლას. მე მახსოვს შარშან, როდესაც ამ კონფერენციაზე ვიყავით შეკრებილები ვსაუბრობდით იმ საფრთხეებზე, რაც საქართველოს ჰქონდა ვილნიუსის სამიტამდე და მოგვეცემოდა თუ არა საშუალება გაგვეკეთებინა თავისუფალი არჩევანი ევროპისკენ. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ ეს შევძელით, ეს შევძელით ქართველი ხალხის, საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრის ერთიანობის შედეგად და ჩვენი მეგობრების, კოლეგების უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად, როგორც ევროპიდან ასევე აშშ-დან. დღევანდელი კონფერენცია უკვე იყურება წინ. წინ არის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია და უკვე ამ თემებზე ვსაუბრობთ".

   კომენტირებისას დავით უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ცალმხრივად არ მიმდინარეობს და როგორც საქართველო ასევე ევროპა დაინტერესებულია ურთიერთდაახლოებით. 

-"ეს არის ორმხრივი გზა და ევროპაც უახლოვდება საქართველოს და თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ, რომ ევროპა არის მრავალფეროვანთა ერთობა და თითოეულ ერს და სახელმწიფოს თავისი წვლილი შეაქვს ამ მრავალფეროვნებაში. ევროპას არ სჭირდება დამატებითი 70 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 5 მლნ. მოქალაქე, ევროპა დაინტერესებულია საქართველოთი, მისი კულტურით, ტრადიციებით, თვითმყოფადობით და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ახლა ძალიან სერიოზული ამოცანის შესრულება - დავნერგოთ ევროპული სტანდარტები იქ სადაც დასანერგია და შევინარჩუნოთ ქართული კულტურა და იდენტობა სადაც შესანარჩუნებელია. უახლესი 2-3 წელი ამ საქმისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: