ცეესკოში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

ცეესკოში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

12 ივლისს, 08:30-ზე ცესკოში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დილის 8:00 სთ-იდან ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

 

დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველ ორ საათში ერთხელ მიაწვდის ამომრჩევლებს დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ამომრჩეველთა აქტივობის პირველ მონაცემებს ცესკო 10:30- ზე გამოაქვეყნებს.

 

თამარ ჟვანიამ კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება 8 თვითმმართველ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, მცხეთა, გორი, თელავი, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი) და 13 მუნიციპალიტეტში (ახმეტა, თელავი, ყვარელი, გორი, თიანეთი, ხონი, ბაღდათი, ტყიბული, თერჯოლა, მარტვილი, ლანჩხუთი, ქობულეთი, ხულო).

 

ცესკოს თავმჯდომარემ ასევე შეახსენა არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია და აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.

 

არჩევნების დღეს 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მედია ცენტრი და ცხელი ხაზი 2 51 00 51, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი (www.cesko.ge). ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ მოგვაწოდონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

 

ბრიფინგის ბოლოს, თამარ ჟვანიამ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: