საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიალს დაესწრო

  საქართველოს პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში ქვეყნის ყოფილი მეთაურის, საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

   გიორგი მარგველაშვილი იქ შეკრებილი საზოგადოების წინაშე გამოსამშვიდობებელი სიტყვით წარსდგა და მადლობა გადაუხადა მათ, ვინც პატივი მიაგო საქართველოს მეორე პრეზიდენტის ხსოვნას და სამძიმარი გამოუცხადა ქვეყანას და მის ოჯახს. სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ედუარდ შევარდნაძის დამსახურებებზე გაამახვილა.      

   გამოსამშვიდობებელი სიტყვა ასევე წარმოთქვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა და გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა ჰანს დიტრიხ გენშერმა.  

   სამების ტაძრიდან ქვეყნის მეორე პრეზიდენტის ცხედარი სამგლოვიარო პროცესიით  კრწანისის რეზიდენციაში გადაასვენეს და რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.   

   გიორგი მარგველაშვილი ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას მაკა ჩიჩუასთან ერთად ესწრებოდა.

სამგლოვიარო ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, საერთაშორისო დელეგაციები და უცხოელი სტუმრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: