დავით ლორთქიფანიძე:- "სითი პარკმა" თაღლითობის ახალი სქემა შეიმუშავა"

დავით ლორთქიფანიძე:- "სითი პარკმა" თაღლითობის ახალი სქემა შეიმუშავა"

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე "სითი პარკს" მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის გამო სასამართლოში უჩივლებს. მისი თქმით კომპანია გადახდილი ჯარიმის არ გადახდაში ადანაშაულებს, რის გამოც დაუყადაღდა საბანკო ანგარიშები და საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

   -"მათ გამო საკმაოდ დაზარალდა ჩემი რეპუტაცია, საქმე იმაშია, რომ კომპანიის ინფორმაციით მე თითქოს არ გადავიხადე ჯარიმა 10 ლარი, რის გამოც დამიყადაღდა საბანკო ანგარიში და წარმოიდგინეთ, რა უნდა იფიქროს ან ბანკმა ან სხვა ადამიანმა დეპუტატზე, რომელმაც 10 ლარი არ გადაიხადა. თბილისში ვერც ერთმა ლიბერთი ბანკმა ვერ დაადგინა მქონდა თუ არა გადახდილი ჯარიმა, მივმართე ვანის რაიონში მდებარე ფილიალებს და წამოვიღე ქვითარი, რომელიც აღმასრულებელს წარვუდგინე.  საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი.

   მე "სითი პარკის" წინააღმდეგ შემაქვს სარჩელი, მოვითხოვ საჯაროდ მომიხადოს ბოდიში და მოვითხოვ ფინანსურ კომპენსაციას. 

გარდა ამისა, კომპანიამ შეიმუშავა თაღლითობის ახალი სქემა-შეიძლება საქარე მინაზე არც კი დაგხვდეთ ჯარიმის ფურცელი და რამდენიმე თვის შემდეგ მოგივიდეთ ცნობა, რომ თქვენ არ გადაგიხდიათ ჯარიმა. მერე მიდი და იხსენე, ჯარიმაში მითითებულ დროს იყავი თუ არა იმ ქუჩაზე.

   მივმართავ მერიას და საკრებულოს, ახლა მაინც მიხედონ ამ კომპანიას და შეაჩერონ მისი აღვირახსნილი ქმედებები.

   მე ვიქნები პირველი, ვინც "სითი პარკს" უჩივლებს და ამით იმ ასობით მოქალაქეს მივცემ მაგალითს, რომლებიც კომპანიის მიერ დაზარალდნენ. იმედი მაქვს სასამართლო სამაგალითოდ დასჯის ამ კომპანიას, რათა მომავალში დაეკარგოთ ასეთი მაქინაციების კეთების სურვილი" 

   უმრავლესობის დეპუტატი კომპანიისგან მოთხოვნილს თანხას  ვანის რაიონში ეკლესიის მშენებლობისთვის გამოიყენებს და როგორც თავად აცხადებს, დაეხმარება  ორი ვანელ მოქალაქეს, რომელთაც სამკურნალო თანხა სჭირდებათ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: