დავით უსუფაშვილი:-"ავსტრია საქართველოს კარგი მეგობარია"

დავით უსუფაშვილი:-"ავსტრია საქართველოს კარგი მეგობარია"

   პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თბილისის იუსტიციის სახლში ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე სპიკერი კარლჰაინს კოფვი მიიღო. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ეკონომიკურ სფეროში საქმიანობის პერსპექტივებზე.

   -,,ავსტრია საქართველოს კარგი მეგობარია. ავსტრია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც შესაძლოა სხვებზე ადრე განსჭვრიტა საქართველოს   დამოუკიდებლობა და ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ავსტრიელმა ბიზნესმენებმა საქართველოში დაიწყეს აქტიური მოღვაწეობა ტურიზმის სფეროში და სასტუმროების ბიზნესში. მოხარული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება და ფართოვდება. შევთანხმდით პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე. სულ ცოტა ხნის წინ ავსტრიის პარლამენტში პირველად შეიქმნა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი. ავსტრია, როგორც თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, გამოთქვამს მზადყოფნას იყოს ჩვენი მეგობარი ასოცირების პროცესშიც. ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვექნება და ეს ვიზიტიც ამის საწინდარია", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

   ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე სპიკერის, კარლჰაინს კოფვის თქმით, ავსტრია მოხარულია, რომ აქვს საშუალება მეგობარ ქვეყანას მხარი დაუჭიროს. ,,ავსტრია ნამდვილად იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა განსჭვრიტა და ამიტომაც მას, მისი დამოუკიდებლობის პროცესში, მისი ევროპისკენ წინსვლის პროცესში მხარს ვუჭერთ. ავსტრიის პარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მალე მოხდება. ავსტრია იყო საქართველოს ერთ-ერთი მუდმივი მხარდამჭერი და რა თქმა უნდა ამ ეტაპზეც ავსტრიას არ სურს დაყოვნება. ჩვენ ვთანამშრომლობთ მრავალ სფეროში, უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ სფეროში. ავსტრიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი რამდენიმე კვირის წინ უკვე იმყოფებოდა საქართველოში ვიზიტით. სექტემბერში იგეგმება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი", - განაცხადა კარლჰაინს კოფვმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე სპიკერმა აღნიშნა, რომ მეორე მნიშვნელოვანი სფერო, სადაც საქართველო და ავსტრია თანამშრომლობენ ეკონომიკური სფეროა. ,,განხორციელებულია რამდენიმე სერიოზული ინვესტიცია ენერგოსფეროში, ტურიზმის სფეროში, საქართველოს რეგიონების განვითარების მიმართულებით. მე დღეს ვეწვიე ერთ-ერთ ავსტრიულ კომპანიას ლოჯისტიკის სფეროში. კომპანიებს, ბიზნესებს არ სურთ ინვესტირება ისეთ ადგილებში, რომელიც მიიჩნევა არასტაბილურად და არაუსაფრთხოდ. საქართველო განიხილება როგორც უსაფრთხო, სანდო პარტნიორი და ეს კიდევ უფრო მეტ პერსპექტივას გვაძლევს განვითარებისთვის. საქართველო, როგორც კომპანიებში ამბობენ არის იდეალური ადგილი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად", - განაცხადა კარლჰაინს კოფვმა. 

   საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე სპიკერის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: