ინგა ჟღერია: ამ ლაქას იოლად ვერ ჩამოირეცხავთ!

ინგა ჟღერია: ამ ლაქას იოლად ვერ ჩამოირეცხავთ!

ამ რამდენიმე დღის წინ ჯგუფ „ბანის“ მიერ შესრულებულ „ვირტუოზულ“ ხელოვნებას („რაჭულის“ შესრულება უკანალის თანხმებით) მრავალი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოება ვერ მალავს აღშფოთებას ამ მეტად უზნეო „ნოვაციის“ გამო. გთავაზობთ „ივერიონის“ ერთგული მკითხველის ინგა ჟღერიას კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით.

 


,,თქვენი ქართული გარეგნობიდან და ჯგუფის ვაჟკაცური სახელწოდებიდან გამომდინარე, ვერ წარმოვიდგენდი რომ მსგავს მდაბიო სანახაობას შემოგვთავაზებდით, ქართულ ფოლკლორს სწორედ იმის გამო ჰქონდა კიდეც პეწი,რომ სუფთა, ქართული გულიდან ამომავალი ტრადიციული სიმღერებით იჩენდა თავს, მსმენელს სიამაყის ცრემლებს აღვრევინებდა და ქართული წარმომავლობის გამო სიხარულს უათკეცებდა.

ეს იგივეა, რომ ქართული ცეკვის ილეთებს უკაცრავად გამოთქმისთვის და „საცვალგამოჩენილი“ ქართველი მოცეკვავე გოგონები, ან ბოლო მოდის მიხედვით შარვალჩახდილი და უკანალის ხაზგამოჩენილი ბიჭები ასრულებდნენ!

ყველაფერი გადაგვარებულია უკვე ჩვენს ქვეყანაში, ეროვნული მუხტის მატარებელი ხელოვნება ფოლკლორის და ცეკვის სახით დარჩა მხოლოდ მტერს წაუბილწავი და ამასაც შეეხეთ?

უწმინდესი ყოველ სიტყვაში მოუწოდებს ოჯახებს,რომ შვილები ქართულ სიმღერასა და ცეკვაზე ვატაროთ ,მხოლოდ ასე შევინარჩუნებთ ეროვნულ სულს და თვითმყოფადობასო, ამ უღირსი ქმედებით თქვენ მთლიანად ქართველი ერი შეურაცხყავით! სირცხვილია! რა ბოდიში ჩამორეცხავს ამას? დასანანი ის გახლავთ, რომ ერთმანეთთან შეათავსეთ ქართული ღირსება და გარედან ხელოვნურად შემოძალებული ვულგარული მატერიალიზმი, რომელსაც საქართველოში ფეხის მოსაკიდებელი ადგილიც არ უნდა გამოჩენოდა, სამშობლოს სიწმინდის სადარაჯოზე კი სწორედ თქვენ უნდა მდგარიყავით!“

როგორც გასროლილ ისარს უკან ვერ დააბრუნებთ (რადგან, უკვე გასროლილია!), ისე ამ ლაქას იოლად ვერ ჩამოირეცხავთ!

უფალმა მოგიტევოთ, მაგრამ თქვენი „სითამამით“ ძალიან უზნეო პროპაგანდის პიონერები გახდით!

აწი მაინც გაითვალისწინეთ!..

 


"შეცდომები ყველას მოსდის, ასევე ჩვენც და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება"

"ზოგი სულ გაშიშვლდა კამერის წინ და ეს ამბავი არ ყოფილა, რაც ჩვენზეა"

"აზრადაც არ მოგვსვლია ქართული ფოლკლორისთვის შეურაცხყოფის მიყენება"

"რა თქმა უნდა, ვნანობთ, რადგან არ არის სასიამოვნო, ის ხალხი, რომელსაც ძალიან აფასებ და გიყვარს, ახლა ასეთი საშინელი განწყობით რომ არიან ჩვენს მიმართ... შეცდომები ყველას მოსდის, ასევე ჩვენც და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება"- ამბობს ანსამბლ "ბანის" სოლისტი - მათე ფირცხალავა... საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა აჟიოტაჟი მოჰყვა მათ მიერ შესრულებულ "რაჭულს"

მათე ფირცხალავა:

- ნამდვილად არ მოველოდით, ასეთ რეაქციას თუ გამოიწვევდა ხალხში ეს ნომერი. უბრალოდ, გასართობი გადაცემა იყო. არც კი გვიფიქრია ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება. ვისთვისაც ყოველივე ეს შეურაცხმყოფელი იყო, იმ ხალხს მინდა ბოდიში მოვუხადო მთელი ჯგუფის სახელით…

- ითქვა, რომ ეს პირველ რიგში ქართული ფოლკლორის დიდი შეურაცხყოფა იყო...

- აზრადაც არ მოგვსვლია ქართული ფოლკლორისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ყველაფერს ასეთი ცუდი კუთხით ნუ შევხედავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უბრალოდ გასართობი შოუ იყო, რაც ხალხმა ძალიან არასწორად მიიღო. ზოგი კამერის წინ გაშიშვლდა და ამას არ მოჰყოლია ისეთი აჟიოტაჟი, რაც ჩვენ შესრულებას მოჰყვა.

- ქართულ ფოლკლორში ასეთი თამამი ნაბიჯი ჯერ არ ყოფილა...

- რა გითხრათ შეიძლება არც იყო მისაღები ყოველივე ეს ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რაც კი მოესურვებათ ყველაფერი გვაკადრონ. გასაგებია, რომ არ მოეწონათ, მაგრამ ცენზურა მაინც დაიცვან.

- ახლა, როცა ხალხის დამოკიდებულება თქვენს მიმართ შეიცვალა, ხომ არ ნანობთ ამ ნაბიჯს?

- რა თქმა უნდ,ა ვნანობთ, რადგან არ არის სასიამოვნო, ის ხალხი, რომელსაც ძალიან აფასებ და გიყვარს, ახლა ასეთ საშინელი განწყობით რომ არის ჩვენს მიმართ...

- ასეთ ნაბიჯს ბევრი პოპულარობის მოსაპოვებლად დგამს. თქვენ ხომ ისედაც იყავით პოპულარულები?...

- ეს პოპულარობისთვის არ გაგვიკეთებია.…როგორც უკვე ავღნიშნე, ეს გასართობი გადაცემა იყო და ჩვენც უბრალოდ გასართობად მივედით. რას წარმოვიდგენდით, თუ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა?!

- როგორ აპირებთ ისევ დაიბრუნოთ ხალხის ნდობა და სიყვარული?.. ეს ძალიან რთული იქნება..

- კი ნამდვილად რთული იქნება... იმ ხალხს კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით, ვისთვისაც ყოველივე ეს შეურაცხმყოფელი იყო... ახლა ჩვენ ალბომზე ვმუშაობთ და ოქტომბრისთვის უკვე დავასრულებთ... იმედი გვაქვს, ხალხის რეაქცია ასეთი აღარ იქნება. შეცდომები ყველას მოსდის, ასევე ჩვენც და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება...

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: