გიგი უგულავა: „ჯოზეფ ქეი სასტიკად ცრუობს!“

გიგი უგულავა: „ჯოზეფ ქეი სასტიკად ცრუობს!“

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა   მატროსოვის საპყროვილიდან საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ.


,,იგი მზად იყო ჩამოხრჩობა მიესაჯა კაცისთვის ქუჩაში ხმამაღლა ცხვირის მოხოცვის გამო, მაგრამ განაჩენს შეცვლიდა, თუ ვერ დაადგენდა რომელი ხელით მოიხოცა ცხვირი’’. აბრაამ ლინკოლნის ირონიულად ნათქვამი ეს სიტყვები გამახსენდა სასამართლო პროცესზე, სადაც skype-ის საშუალებით ჩემ წინააღმდეგ იკითხებოდა ბრალდების მთავარი მოწმე ჯოზეფ ქეი, იგივე იოსებ კაკიაშვილი, იგივე იოსებ კაკლაშვილი, იგივე ჯოზეფ კეკელაშვილი, იგივე ჯოზეფ კეჟი, იგივე ჯოსეფ ქეი, იგივე ჯოზეფ კეი. გამახსენდა რადგან მან სამჯერ მთელს დარბაზს რიგიანად ,,დაგვახვიხვინა’’. ამერიკელი მოსამართლის მსგავსად იმოქმედებს თუ არა ეს ყველაფერი განმხილველ მოსამართლეზე, ძნელი სათქმელია, თუმცა ქეის ეს საქციელი ყველაზე შთამბეჭდავი იყო 6 საათიანი სიცრუის ტრიადაში. მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით მის ჩვენებას:


ქეი ცრუობს როდესაც ამბობს რომ 2001, 2006 ან 2007 წელს გამიცნო. მე ქეი რასაც ქვია გავიცანი, სწორედ იმ პერიოდში რომელზეც ის ჩვენებას აძლევს ანუ 2008 წლის დასაწყისში, უფრო ზუსტად კი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ. აქვე მოვყვები ერთ საინტერესო დეტალს, რომელიც ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ქეის მიმართ პატარკაციშვილის დამოკიდებულების გასაგებად.


მე ბადრი პატარკაციშვილთან საკმაოდ ხშირი საქმიანი ურთიერთობა მქონდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მის არკადიაში, ოთხად მოკეცილი მამაკაცი კარების უკან იყო ატუზული და ყოველ გაღებაზე (პერსონალს ყავა და ხილი დაქონდათ) ცდილობდა ბადრის ის შეემჩნია კარის მიკეტვამდე, ბადრი კი არ იმჩნევდა.


მე ვიკითხე, რომ იმ კაცს აშკარად უჭირს და გაისტუმრეთთქო, რადგან სალაპარაკო ბევრი გვქონდა და თან ვიცოდი, რომ ბადრი აუცილებლად დაიწყებდა ჩინეთის ჯარის, როგორც სამშვიდობო კონტიგენტის, შემოყვანის იდეაზე საუბარს, რაც დიდ დროს წაიღებდა. მეც შესაბამისად მთელი საღამო მქონდა გამონთავისუფლებული. არ იცი ეგ ვინაა? მკითხა ბადრიმ. ცნობილი არაფრის მაქნისი და აფერისტი - ჩემი გარე დეიდაშვილია. მისი ერთადერთო ღირსება, მისი ამერიკული პასპორტია - თქვა, გადაიხარხარა და თავი უკან გააქნია. (ასეთი ჩვევა ქონდა მას). ის კაცი ცხადია მთელი საღამო არ შემოსულა ოთახში, მაგრამ მოთმინებით განაგრძობდა მოთამაშე კარებთან დგომას. როგორც შემდგომში აღმოჩნდა სწორედ ეს ,,კაცი ამერიკული პასპორტით’’ იყო ჯოზეფ ქეი ანუ ჯოზეფა და როგორც მერე მას საკანში მჯდომმა უცნობმა შეარქვა ,,სოსკა მარადიორ’’.


ასე გავიგე ქეის არსებობა და არა როგორც იახტაზე დღეში ასოცი ათასი საწვავის მომხმარებელზე, როგორც ამას თავად ჰყვება.


პირადად ეს ადამიანი, როგორც ავღნიშნე გავიცანი ბადრის გარდაცვალების შემდეგ, როცა ის საზოგადოების წინაშე წარსდგა როგორც ბადრის სამკვიდროს ერთპიროვნული განმკარგველი. პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ბევრი ასეთი ,, ლეიტენანტ შმიტის შვილი’’ დარჩა. ქეი, ჯაოშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ავთო (ჭუტა) წერეთელი ეს არასრული ჩამონათვალია.


ამის შემდეგ ვურთიერთობ მე მასთან. ვურთიერთობ ხაზს ვუსვამ, ექსკლუზიურად იმ საკითხებზე, რომელიც მერისა და მერიის კომპეტენციაში შედიოდა. დინამო სტადიონი - რადგან ის კლუბ ,,დინამოს’’ მმართველია, სამშენებლო კომპანია ,,ლოტოსი’’ რომელიც ჭავჭავაძეზე ე.წ ,,ლეჩკომბინატის’’ გვერდზე სახლს აშენებდა (ძალიან არ მომწონს ეს კორპუსი), საპატრიარქოდან იჯარით აღებული ძველი ქარვასლა, სხვადასხვა სამშენებლო თუ რეალისთეით კომპანიები (სახელები არ მახსოვს). ყველა ეს პროექტი არეულ დარეული, აბლანდულ-დაბლანდული, ნახევრად აშენებული და ჰაერში გაჩერებული იყო. ასე დაიწყო ქეიმ ინტერესიური სიარული მერიაში. არა მარტო ჩემთან, არამედ სხვა სამსახურებში. აქვე ერთი დაკვირვება: საქართველოში მოღვაწე ყველა ოლიგარქი-მსხვილი, საშუალო, წვრილფეხა თუ საკუთარი თავის ოლიგარქად გამსაღებელი, ერთი საერთო ნიშანით გამოირჩევა, მათ არასდროს არაფერი არ აქვთ მოწესრიგებილი. მთელი მათი ქონება და ბიზნესი ძალიან ჰგავს იმ შენობას დღეს რომ ,,საქართველოს ბანკის’’ სათავო ოფისია განთავსებული. (სხვათა შორის არც ივანიშვილია გამონაკლისი, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა).


ერთხელ მახსოვს ქეის თავხედობა იქამდე მივიდა რომ ღამის სამ საათზე დამირეკა და მთხოვა გაზი გამეთიშაო. ეს ის შემთხვევა იყო როცა მთელი ჩემი იდეომატური არტილერია გამოვიყენე. არ ვიცი, ქეის სასარგებლოდ უნდა აღნიშნოს რომ, ის ამგვარ რამეს ადვილად იტანდა, ეტყობა ბადრის ,,შკოლა’’ ჰქონდა გავლილი. მეორე დღეს, ვითომც არაფერი თავიდან იწყებდა ფეხიდან თავის მიმართულებით მიზანმიმართულ ცოცვას.


დავუბრუნდეთ მის ჩვენებას. ამასობაში მას უკვე ერთხელ აქვს დარბაზისთვის ცხვირი დახოცებული. შემთხვევით არაა რომ, ის ვერც ერთ დეტალს ვერ იხსენებს. არ ახსოვს საკუთარი კომპანიებისა და თანამშრომლების სახელები, გვარები, რაც მთავარია თანხების ოდენობები, მიმოქცევის ფორმა (ქეშით, გადარიცხვთ). რა გასაკვირია, ის ხომ ჯოკერია პროკურატურისთვის. ვისაც ჯოკერი უთამაშია იცის: ჯოკერი ჭრის ყველას და ყველაფერს, ის შეიძლება ზემოდან დაარტყა ანუ მოჯოკრო ან ქვემოდან ამოუდო, მაგრამ ,,ცვეტების’’ კარტების თვლა მისი საქმე არაა. სწორედ აქ მოვედით მის უსუსურ არაკომპეტენტურობასთან, რომელსაც პროკურატურა ამ საქმეში ავლენს. პრინციპში მე უფრო პროფესიულ სიზარმაცეს დავარქმევდი. პროკურატურის საქმეა დამაჯერებლად მოჯოკროს. დამაჯერებლად მოსამართლისთვის და საზოგადეობისთვის. თუმცა აქვე ერთი დაუძლეველი წინააღმდეგობა უნდა აღინიშნოს, რომელსაც ოთხი პროკურორიდან მხოლოდ ერთი გრძნობს გიგა ძნელაძე. საქმეც მან უკეთ იცის და როგორც სჩანს ნამუსიც (პროფესიული) მეტი აქვს. საქმე იმაშია, რომ პროკურატურის ანუ მთავრობის მიზანია, რომ ბრალი ისე დაგვდოს, გაგვასამართლოს, ციხეში ჩაგვსვას, რომ ამასობაში ქეი პატიოსან მსხვერპლად გამოიყვანოს. ეს მისია შეუსრულებელია.


მოკლედ რომ ვთქვათ მანამ სანამ არ მიუზღავთ ქეის ქეისას არაფერი გამოვა.


რაში გვედავება პროკურატურა: თითქოს ჩემი ორგანიზებით რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის სანაცვლოდ ქეისგან შევისყიდეთ ტელეკომპანია იმედის 90% წილი.


აქ კი გულწრფელად მინდა შევაქო ის პირები ვინც განსაკუთრებული კრეატიულობით გამოირჩევა. პროკურატურამ ერთმანეთისგან ორი აბსოლიტურად დაუკავშირებელი მოვლენა რიყე და ტელეკომპანია იმედი დააკავშირა. მაშინ როცა არც ჩვენებებით, არც თანხების ოდენობით, არც თემატურად ეს ორი თემა ერთმანეთს არ ემთხვევა. მართლა დიდი კრეატიულობაა საჭირო რომ ეს ორი თემა შეკრა და ერთ ბრალად წარმოადგინო.


ერთხელ გერმანელ ფილოსოფოსს ჰეგელს ნიშნის მოგებით კითხეს: ,,თქვენი იდეები, ფაქტებს რომ ეწინააღმდეგება?’’ მით უარესი ფაქტებისთვის უპასუხა ჰეგელმა. იდეა, რომ ეს ორი თემა ერთმანეთს დაკავშირებოდა ისეთ მიმზიდველი აღმოჩნდა, პროკურატურა აყვა ცდუნებას და გაუყვა კუდიგორის გზას. (მართალია ჰეგელი პროკურატურაში არავის წაუკითხავს, მაგრამ ფაქტებისადმი დაიმახსოვრეთ: უნდობლობა კი ჩვევად აითვისეს).


1. ამოიღეთ ყველა თეორიულად საინტერესო პირის ტელეფონის დეტალურები. დასვით სტაჟიორი, მიეცით ფოსფორის ფერი მარკერი და თქვენთვის საინტერესო პირების ერთმანეთთან ნარეკი გახაზეთ. ამით გაიგებთ ადამიანების ერთმანეთთან კვეთას, ურთერთბის ინტენსივობას. დაადეთ ეს მონაცემები თქვენთვის საინტერესო პერიოდს. ასე გახვალთ გარკვეულ ურთერთობათა დიაგრამაზე.
2. ასეთივე მეთოდით გადაალაგეთ სხვა დანარჩენი მონაცემები მაგალითად: ქვეყნიდან გასვლა-შემოსვლა, საბანკო ოპერაციები და ასე შემდეგ.
3. ეს ყველაფერი სტაჟიორის წამებაა თუ ჯოკერი არ გყავს. ჯოკერს კი რიგითი პროკურორი ვერ მოიყვანს. აქ მძიმე არტილერიაა საჭირო. ჩვენ შემთხვევაში ეს მისია მთავარი პროკურორის მაშინდელმა (როცა გამოძიება დაიწყო) პირველმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა იკისრა. შეხვედრა ქეისთან სტამბოლში დაიგეგმა და პირველი ჩვენებაც იქ დაიწერა.


ამასობაში ქეიმ მეორეჯერ უფრო ხმამაღლა დაგვახოცა დარბაზს და თხრობა განაგრძო:


,,უგულავა შავი ანგელოზი თუ მახარობელია. მან ბადრის ამცნო ომის დაწყება და მე რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ბადრი პატარკაციშვილისთვის უნდა დამეთმო’’(ქეი). მანვე გაიხსენა ჩვენი ბოლო შეხვედრა 2012 წლის ზაფხულში სადაც მეტალურგიულ ქარხანაზე მართლაც გვქონდა საუბარი. ეშმაკი აქაც დეტალებშია.....
2012 წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება საქართველოს მთავრობასა (წარმომადგენელი იუსტიციის სამინისტრო) და პატარკაციშვილის ოჯახს შორის მორიგების ხელშეკრულებაზე, რაც ორივე მხარის ინტერესებში შედიოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე არბიტრაჟში, ლონდონის სასამართლოში, წლები გაიწელებოდა. მე ამ პროცესში ჩართული ვიყავი, რადგან ერთ-ერთი სადაო საკითხი, მთაწმინდის პარკი იყო, რომლის მესაკუთრე თბილისის თვითმმართველობაა.


ქეი მისი ჩვეული აბეზრობით დაჟინებით ითხოვდა შეხვედრას. მე მას შევხვდი. შევპირდი რომ ყველა დეტალს გავარკვევდი და გავაცნობდი საქმის ვითარებას. შევხვდი და პირდაპირ ყველაფერი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვუთხარი, რომ ყველა მოძიებული საბუთი, დოკუმენტი, ტრანზაქცია ჩვენება ადასტურებდა რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ბადრის ეკუთვნოდა და რომ ის მორიგი შირმა იყო, რასაც ბადრი ხშირად იყენებდა სხვადასხვა ბიზნეს სტრუქტურებში (მაგ; ჩხატარაშვილი, ჯაოშვილი, ჭუტა წერეტელი და კიდევ ბევრი სხვა). არ დავმალავ ჩვენი საუბარი მძიმედ დასრულდა. რას იზამ ფაქტი ჯიუტი იყო. არ ეკუთვნოდა მას ეს ქარხანა და ყოველი მცდელობა დღეს სასამართლოს ძალით მას მიაკუთვნონ ქარხანა არის დღევანდელი მთავრობის და ჯოზეფ ქეის ჩემს წინააღმდეგ გარიგების საფასური. მე კი იმით შემიძლია ვიამაყო რომ 200 მილიონი დოლარის მქონე ქარხანაში ვიცვლები. არაა მგონი ცუდი ფასი დასაწყისისთვის.


ის რაც დღეს ამ ქარხანასთან დაკავშირებით ხდება მარაზმია. არაა საჭირო იყო იურისტი რომ მიხვდე ამას. ქეი გამოძიებაში ჩვენების პარალელურად იგებს ქარხნის წილების დავას I და II ინსტანციაში. შედეგ საარჩევნოდ იმედის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად თემიდა III ინსტანციაში პატარკაციშვილებისაკენ იხრება. ხოლო ახლა უკვე სასამართლოზე ჩვენების საფასურად წიდა. ეს ის ნედლეულია, რომლის გარეშეც ქარხნა უბრალოდ ,,ტრუბებია’’. დაკავშირებლ დავას (რომელიც ქარხანის წილების პარალელურად ჯოზებ ქეის I და II ინსტანციაში მოგებული ჰქონდა) ქეი აუცილებლად მოიგებს უზენაეს სასამართლოში. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, უბრალოდ ჩემი განცხადების გამო მისი გამოცხადება სექტემბრამდე გადაიო. ანუ გამოვა, რომ ერთი და იგივე ქარხანა ეკუთვნის პატარკაციშვილების ოჯახს, ხოლო ამ ქარხნის ტერიტორიაზე 30 წლის განმავლობაში ნაგროვები წიდა რატომრაც ჯოზეფ ქეის. ქეი მშვენიერ აფიორას ხარშავს. ვერაფერს იტყვი ოსტაპ ბენდერსაც შეშურდებოდა.
ასეთ ინფორმაცია მქონდა ვიდრე 28 ივლისს შევიტყობდი რომ იმედის საქმეზე პრეზიდენტ სააკაშვილით დაწყებული მთელ მთავრობას ბრალს წაგვიყენებდნენ. სავარაუდოდ მატროსოვიდან უეცრად განთავისუფლებულმა ჩხატარაშვილმა თხზულებათა ორი ტომი შექემნა და თავისუფლება მოიპოვა. დღეს არ გამოვრიცხავ რომ ივანიშვილმა მას შემდეგ რაც ქეის ჩვენება სასამართლოზე გაინაღდა ჯოზეფიც გადააგდოს. ქეის სავარაუდოდ ეტყვიან რომ განრიდებას გაგიკეთებთ და ეგეც შენი ჯილდოო. მოკლედ როგორც ჩანს ივანიშვილმა ჩვეულ სტილში ყველა გადააგდო. ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება. ახალი ბრალის ანატომიაა საინტერესო თორე შინაარსი, რომ პოლიტიკურია ეს ბავშვსაც კი ესმის.


დავესესხები პრემიერს: ,,საქართველოში მართლმსაჯულების ზეიმია’’.


(პროკურატურას შ.პ.ს ,,ახალი რიყის’’ მფლობელი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი არც კი დაუკითხავს, ხოლო მისი კომპანიის დირექტორი ნინო ბაქრაძე ხუთჯერ დაკითხეს და მხოლოდ მეხუთეჯერ მისცა ისეთი ჩვენება საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად პროკურატურას როგორიც ,,საჭირო იყო’’).
ქეი აგრძელებს ჩვენების მიცემას და უკვე მიწურულს შეთხელებულ და გადაღლილ დარბაზს არც კი შეუმჩნევია თუ როგორ მესამეჯერ რიხიანად და დამამცირებლად დაახოცა ცხვირი.


ქეის ჩვენების მესამე ნაწილი ეხება იმ დეტალს როცა ის ყვება რომ პრესკონფერენცია იმედის გასხვისებასთან დაკავშირებით მისივე თხოვნით მე დავაორგანიზე. თითქოს მევე ვიპოვე ვინმე არაბი სახელად მარკ მონე. საყურადთრებო დეტალია, რომ პრესკონფერენციის ორგანიზებაში ხელშეწყობას ახსენებს ასევე პროკურატურის მოწმე გელა მიქძე (რაკიინ დეველოპმენტის დირექტორი). იგი პატიმრობაში იმყოფებოდა და ამ ჩვენებას საპატიმროდან მოულოდნელად გამოსვლის მერე ერთ კვირაში იძლევა. ,,რაკიინ დეველოპნმენტი’’ ასევე ერთ-ერთი მსხვილი ბიზნეს სტრუქტურაა რომელიც თბილისში მოღვაწეობდა. მასთანაც მე როგორც მერს აქტიური ურთიერთობა მქონდა. იმ პერიოდში მიდიოდა ,,თბილისი მოლის’’ მშენებლობა. მიუხედავად იმისა რომ ცალკე აღებული პრესკონფერენციის ორგანიზებაში დახმარება არ წარმოადგენს რაიმე ტიპის დანაშაულს, მე არ მახსენდება რომ ეს დახმარება მათთვის გამეწია.


ტელეიმედისა და რიყის საქმე პირველი ბრალი იყო რომელიც მე 2013 წლის თებერვალში წამიყენეს. პროკურატურა გირაოს, თანამდებობიდან გადაყენებას და ქვეყნიდან გაუსვლელობას ითხოვდა. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღკვეთი ღონისძიების გარეშე დამტოვა. მახსოვს უმრავლესობის გულანთებული წევრის ხიდაშელის განცხადება ,,პროკურატურის სირცხვილი იქნება და ბრალდება ნაკლებად დამაჯერებელით თუ ის მხოლოდ ჯოზეფ ქეის ჩვენებას ეფუძნმება. იმედი მაქვს ის იქნება ფაქტებითაც გამყარებული’’. მას შემდეგ წელიწად ნახევარმა განვლო და პროკურატურა ვერ გასცდა ჯოზეფ ქეის სამგვერდიან ჩვენებას. რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვით იმას რომ მან ცხვირით სამჯერ გვარიანად მოისაქმა.


არ დაგიმალავთ კიდევ სამჯერაც ავიტანდი ქეის უსაქციელობას, რადგან 6 საათის განმავლობაში მისი წყალობით ვიყავი ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში და სულ არ მანაღვლება, რომელი ხელით იხოცავდა ჯოზეფ ქეი ცხვირს",- წერს გიგი უგულავა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: