პრემიერ–მინისტრის განცხადება გაეროს პერიოდული ანგარიშის შესახებ

პრემიერ–მინისტრის განცხადება გაეროს პერიოდული ანგარიშის შესახებ

    გაეროს პირდაპირი რეკომენდაცია და მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულებების გამოძიების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, მართალია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მეოთხე პერიოდული ანგარიში წარმოადგენს პირველად დასკვნას, მაგრამ ის საკმაოდ დასაფიქრებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რადგან საუბარია წარსულში ჩადენილ მძიმე დანაშაულებების - ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიების მნიშვნელობაზე.

   "გაეროს პირდაპირი რეკომენდაციაა და მოწოდება, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს წარსულში ჩადენილი მძიმე დანაშაულებების გამოძიების პროცესი. როგორც მათ პირველად დასკვნაშია აღნიშნული, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს. იქ საუბარი არის ისეთ მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა წამება, ქონების დატაცება და მრავალი სხვა... ეს არის მართლაც დასაფიქრებელი ჩვენი მთავრობისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პროცესი იყოს გამჭვირვალე. პროცესი არის ღია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დაინტერესების შემთხვევაში ჩაერთონ ამ პროცესში. მით უმეტეს, რომ საუბარია მძიმე დანაშაულებების გამოძიებაზე და ჩვენ მაქსიმალურად ვუზრუნველყობთ პროცესების გამჭვირვალობას და გახსნილობას,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: