რამ შეაშფოთა შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლება?

რამ შეაშფოთა შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლება?

პირველივე შეხვედრაზე გაერთიანების დაფუძნებას მხარი 100-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა. გაერთიანების ინიციატორები უკვე აღმასრულებელი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს დაფუძნებაზე ფიქრობენ. თავდაპირველი ვარიანტით საზოგადოებრივ გაერთიანებას "გორის დარბაზიეწოდა.

 

გაერთიანებამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება დაისახა მიზნად. დარბაზი ასევე იზრუნებს მოქალაქეთა უფლებებისდა თავისუფლებების დაცვაზე. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ გაერთიანებამ მიზნად საარჩევნო პროცესების მონიტორინგიც დაისახა.

 

2012 წლის 28 ოქტომბერს გორში საზოგადოებრივ გაერთიანებას ჩაეყარა საფუძველი. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

იდეის ერთ-ერთმა ინიციატორმა თამაზ მაყაშვილმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მძლავრი და ეფექტური იქნება. მასში წევრობა ნებისმიერ აქტიურ მოქალაქეს შეუძლია. უახლოეს მომავალში დარბაზის დამფუძნებლები აღმასრულებელ ორგანოსგამგეობას აირჩევს, რომელთა საქმიანობას ასევე წესდების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო გააკონტროლებს. დარბაზის ინიციატორების გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოში წარმომადგენლებს ეპარქიდან და მედიიდან (მათ შორის, რადიო თავისუფლებიდან და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრიდან) შეიყვანენ.

 

დარბაზის დაფუძნებას საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს შიდა ქართლის წინამძღოლი ნუგზარ მაჭავარიანი მიესალმა. მისი თქმით, გაერთიანებას სათავეში, სწორედ, მისი ინიციატორები უნდა ჩაუდგნენ, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ისინი იქნებიან საკუთარი იდეების გამტარებლები და დამცველები. მაჭავარიანმა გაიხსენა, რომ წინა წლებშიც გორში მსხავსი სახის და მიზნების დარბაზები დაფუძნდა, თუმცა დღეს ისინი ფაქტიურად აღარ მუშაობენ. ამიტომ მაჭავარიანმა ისურვა, რომ დღევანდელ გაერთიანებას მსგავსი ბედი არ ეწიოს.

 

გორისა და სამთავისის ეპარქიის ხელმძღვანელს მეუფე ანდრიას ბევრი გაერთიანება ახსოვს, რომელთა დასაწყისი კარგი იყო, თუმცა მერე შეწყვიტეს მუშაობა. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოებას უმჯობესია ზნეობრივი საზოგადოება ერქვას. "საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში და ქალაქში ამის დიდი პოტენციალი არსებობს. მართალია, სამოქალაქო საზოგადოება ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ იმ ტრადიციებიდან და ჩვევებიდან გამომდინარე, რომელიც გაგვაჩნია, ამას განხორციელება უწერია,აღნიშნა მეუფე ანდრიამ.

 

გაერთიანებაში ბიზნესმენებიც შევლენ. შეხვედრაზე ამ სფეროს რამდენიმე წარმომადგენელიც იმყოფებოდა. ტყვიავის ხილის გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელი გივი ჯამელაშვილი გაერთიანებას სრულ მხარდაჭერას და თანადგომას უცხადებს.

 

ამჯერად სამუშაო ჯგუფი წესდების დამატებით დეტალებზე და ფუნქციების განაწილების საკითხზე მუშაობს. რამდენიმე დღეში აღმასრულებელი ორგანო და სამეთვალყურეო საბჭო აირჩევა.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გორში მიმდინარე საზოგადოებრივ საქმიანობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს. თუმცა, ჯერჯერობით, მათ აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: