გიორგი მარგველაშვილი პედაგოგებს მიმართავს

გიორგი მარგველაშვილი პედაგოგებს მიმართავს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც განათლების სისტემიდან გათავისუფლებულთა დავების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს , - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის მიმართვაშია ნათქვამი. 

 

მიმართვაში მარგველაშვილი ყურადღებას ამახვილებს სამსახურიდან სხვადასხვა დროს გათავისუფლებული პედაგოგების, ლექტორების, დირექტორებისა და განათლების სისტემაში მომუშავე სხვა წარმომადგენლების პრობლემაზე. მინისტრის თქმით, მის სახელზე დაზარალებულთაგან არაერთი წერილია შესული.  მისივე განმარტებით, მომჩივანთა უმრავლესობა მათი დათხოვნის საფუძვლად პოლიტიკურ შეხედულებას ასახელებს და სამუშაო ადგილზე აღდგენას ითხოვს.

 

"ვთვლი, რომ იმ ავტორიტატულ სისტემაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფებოდა, ყველა მხარე სისტემის მსხვერპლია. ჩვენი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია და გვინდა, რომ მთელ საზოგადოებაში და განსაკუთრებით განათლების სფეროში, აღარ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას, და ისინი უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში. ამ მდგომარეობიდან ყველაზე ეფექტურ გამოსავლად მიმაჩნია, რომ თითოეულმა თქვენგანმა არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, გამონახოთ ყველანაირი საშუალება, რათა შეძლოთ ერთმანეთში მორიგება და თავიდან დაიწყოთ თანამშრომლობა. ჩემი აზრით, ეს იქნება საუკეთესო გზა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად. მათ კი, ვინც უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას, მე ვთავაზობ მეორე საშუალებას, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უშუალოდ მინისტრის ბრძანებით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც არსებულ დავებს გაეცნობა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ჩემთან ერთად. კომისიის მიზანი საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული დავის სასამართლო უწყებაში გადატანის თავიდან აცილებაა", - აღნიშნავს მარგველაშვილი.

 

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ პედაგოგები გაგებით მოეკიდებიან და გაითვალისწინებენ მის რჩევას და მალე დაუბრუნდებით საკუთარ საქმიანობას. "პროფესიონალი პედაგოგები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საზოგადეობისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენ უნდა მოახმაროთ და გადასცეთ თქვენი ცოდნა ჩვენს მომავალ თაობას",- აღნიშნულია მარგველაშვილის მიმართვაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: