მერაბ შათირიშვილი: როცა ექს-პრემიერი და ექს-თავდაცვის მინისტრი საკანში გყავს გამომწყვდეული და ექს-პრეზიდენტიც დასაჭერად გამზადებული, როგორ შეიძლება მათი "ნარჩენები" პარლამენტში ერთადერთ ოპოზიციად გეჯდეს?!

მერაბ შათირიშვილი: როცა ექს-პრემიერი და ექს-თავდაცვის მინისტრი საკანში გყავს გამომწყვდეული და ექს-პრეზიდენტიც დასაჭერად გამზადებული, როგორ შეიძლება მათი "ნარჩენები" პარლამენტში ერთადერთ ოპოზიციად გეჯდეს?!

 მწერალმა  მერაბ შათირიშვილმა, რომელმაც ახალი საზოგადოებრივი მოძრაობიხ "ერისკაცობა ახალი რეალობა" დაფუძნება დაანონსა, Facebook-ის საკუთარ გვერდზე  სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იგი ცდილობს პასუხი გასცეს ოპონენტებს რამდენიმე  დეფინიციასთან  დაკავშირებით.
  "ივერიონი"  გთავაზობთ ინტერვიუს  ბატონ მერაბ შათირიშვილთან.
  -ბატონო მერაბ, თქვენს   Facebook სტატუსში ცდილობთ პასუხი გასცეთ ოპონენტებს, თუ როგორ გესმით "ერისკაცობა" და ვინ შეიძლება ჩაითვალოს ერისკაცად .ეტყობა, ისინი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეტენზიულმა სახელწოდებამ გააღიზიანა ...
 - სამწუხაროდ, ასეა. ჩემი გაგებით, ერისკაცი  სახელმწიფოებრივად მოაზროვნე  ადამიანია, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად დაიხარჯოს ერის ინტერესებისთვის და საჭიროების  შემთხვევაში მსხვერპლად  შეეწიროს კიდეც მას.
  ილია ჭავჭავაძემ, ნიკო ნიკოლაძემ, მერაბ კოსტავამ, ექვთიმე თაყაიშვილმა და სხვებმა (ალბათ ყველას ჩამოთვლა გაგვიჭირდება) დამსახურებულად მოირგეს ერისკაცობის მანტია  და ამ გადმოსახედიდან  შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანები მათ არ გავუტოლოთ, მაგრამ, როცა ერის ყოფნა-არყოფნის პრობლემა დგება , ბევრი მზადყოფნას გამოთქვამს დადგეს იქ ; "სადაც ქარიშხალია".  მე ამ კატეგორიის ადამიანებსაც ერისკაცებად ჩავთვლიდი.
  ეტყობა, საზოგადოების ცნობიერება ჯერჯერობით არ არის იმ სიმაღლეზე, რომ ჩვენს ინიციატივაში ჯანსაღი ამბიციები დაინახოს.  ვთვლით, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც აცდა სასურველ რეალობას  (ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს)  და ამდენად , საჭიროა ბრძოლა (მე არ მეშინია ამ სიტყვის) ახალი რეალობისთვის!..
ჩემს თანამოაზრეებთან კონსულტაციის შემდეგ შევთანხმდით, რომ მოძრაობას "ერისკაცობა ახალი რეალობა" სახელწოდება შეეცვალოს და დავრეგისტირდეთ როგორც, საზოგადოებრივი მოძრაობა  "ახალი რეალობისთვის".
  ეს ყველაზე მეტად გამოხატავს ჩვენს მისწრაფებებს . დიახ, უნდა ვიბრძოლოთ ახალი რეალობისთვის .
 დარწმუნებული ვარ, ამ მოძრაობას ბევრი მხარდამჭერი  ეყოლება - ესენი ის ადამიანები იქნებიან, ვინც თავის დროზე მხარს უჭერდა "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური"  რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ, იმედგაცრუებულნი დარჩნენ.
   დრომ დაადასტურა, რომ "ნაციონალებთან" იძულებითი თუ ნებაყოფლობითი კოჰაბიტაციით განზე დარჩა სახელმწიფოს ინტერესები. ამის საილუსტრაციოდ თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე მიყიდვის მორატორიუმის გაუქმება და მოსალოდნელი ჯოჯოხეთი - კაზანტიპის ფესტივალიც კმარა!...
  -როგორც თქვენი Facebook  სტატუსიდან  ირკვევა, მავანნი და მავანნი  გსაყვედურობენ, რომ მოძრაობისთვის არ გყავთ ე.წ  ცნობადი სახეები...
  - ეს ყველაზე დიდი გულუბრყვილობაა. ერთი ჰკითხეთ ჩემს  ოპონენტებს, როგორ ესმით სიტყვა "ცნობადის" დეფინიცია?!
 ადამიანები ცნობადებად არ იბადებიან - ცნობადები  საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე ხდებიან . ჩვენში "ცნობადი"  იმ ადამიანებზე ითქმის, ვინც რაღაც კომბინაციით   მაღალ საფეხურზე ავიდა, ან , თავისი გამაყრუებელი, არაფრისმთქმელი რიტორიკით საზოგადოების ყურადღება მიიპყრო... ასეთი ადამიანები ბევრია, - თუ ისინი თავის დროზე შევარდნაძის ან სააკაშვილის ნავში ისხნენ, დღეს ივანიშვილის ნავში არიან და ამით     თავიანთ "ცნობადობასაც" იხანგრძლივებენ!
 გეკითხებით, გია აბესაძე  ან გიორგი ანწუხელიძე დღეს ვისზე ნაკლებად ცნობადები არიან?! მათ თავიანთი ვაჯკაცობით ჭეშმარიტად დაიმსახურეს ერის სიყვარული.
   ასე, რომ  ჩვენ გაცვეთილ ცნობად სახეებზე არ გვექნება ორიენტაცია. მოძრაობის მხარდამჭერი შეიძლება გახდეს ყველა ის მოქალაქე, რომელსაც აქვს სურვილი იბრძოლოს ახალი რეალობისთვის!
 - და მაინც , როგორ წარმოგიდგენიათ ახალი რეალობა?!
  სადავო არ არის, რომ დღევანდელი პარლამენტი არსებითად არ გამოხატავს საზოგადოების ინტერესებს. ხელისუფლებას ერთადერთ ოპოზიციად პარლამენტში უზის  ის მარგინალიზებული ძალა, რომლის "ვერხუშკები ან დაჭერილია, ან, დასაჭერად გამზადებული ...
   როცა  ექს-პრემიერი  და ექს-თავდაცვის მინისტრი საკანში გყავს გამომწყვდეული  , როცა ექს -პრეზიდენტს და სხვა მაღალჩინოსნებს ბრალი წაუყენე და მათი ექსტრადიციის  აუცილელობის წინაშე დგები, როგორ შეიძლება მათი "ნარჩენები" მეორე ძალად გყავდეს  საკანონმდებლო ორგანოში?!
   ჩვენი უმთავრესი მიზანი იქნება ვაიძულოთ ხელისუფლება დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო  არჩევნები.
 - და  ასეც მოხდეს, რამდენად შეიცვლება ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი, მითუმეტეს, რისი იმედი უნდა ჰქონდეს  ახლადდაფუძნებულ საზოგადოებას?!
   ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი არჩევნებში გამარჯვება  კი არ არის, არამედ, იმ რეალობის შეცვლა, რა რეალობაშიც დღეს ვიმყოფებით.
  რაც შეეხება საზოგადოებრივი მოძრაობის პერსპექტივას, ვნახოთ, რამდენად მასშტაბური იქნება თვით საზოგადოების მხარდაჭერა.
   თუმცა, აქედანვე აშკარად ჩანს, რომ ასეთი ტიპის გაერთიანებაზე მოთხოვნილება დიდია.
   ესაუბრა ნათია ხარბედია.         

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: