ოთარ დანელია: საქართველოდან რუსეთში გასატან პროდუქტთა სია შეიძლება გაიზარდოს

ოთარ დანელია: საქართველოდან რუსეთში გასატან პროდუქტთა სია შეიძლება გაიზარდოს

 საქართველოს  სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტის სია შესაძლებელია გაიზარდოს და მას დაემატოს ცხვარი, თევზი და თაფლი. ეს ინფორმაცია მინისტრმა   ბათუმში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააჟღერა.
  "რამდენიმე თვის წინ რუსეთიდან ჩამოსულები იყვნენ და ადგილზე შეამოწმეს ჩვენი მეთოდოლოგიები, რომელზეც შემდგომ შეჯერებულად მომზადდა მემორანდუმი და დავიწყეთ ექსპორტი.
 შესაძლებელია, ჩვენი ექსპორტის ობიექტს კიდევ რამდენიმე დაემატოს, ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის სავაჭრო ურთიერთობა.
   მოგეხსენებათ, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს. შესაბამისად, თუ კითხვა ექვემდებარება იმას, თუ რა ემბარგოები დაწესდა, ჩვენთან ალბათ ყველაზე დიდი ემბარგოა იმიტომ, რომ რეალურად არა გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ სავაჭრო ურთიერთობა არის და ამ მიმართულებით არის პროგრესი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ ვაჭრობის ობიექტები რუსეთთან მიმართებაში. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ევროპასთან ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. ეს ფორსირებულად მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ბაზრის დივერსიფიცირება ასევე არის სახელმწიფოს პრიორიტეტი", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: