ირაკლი ღარიბაშვილი:-"ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ მუცოს რეაბილიტაციას ვიწყებთ"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ მუცოს რეაბილიტაციას ვიწყებთ"

   მთავრობის მეთაური დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და მუცოში მცხოვრები ერთადერთი ოჯახის უფროსს გაესაუბრა.

   -"მუცო - ჩვენი სიამაყე, უნიკალური ციხე-ქალაქი, რომელსაც ოდითგანვე უწოდებდნენ ხევსურეთისა და საქართველოს დარაჯს, ნახევარ საუკუნეზე მეტია განახლებას ელოდება და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ მუცოს რეაბილიტაციას ვიწყებთ"-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუცოში სტუმრობისას განაცხადა.

   ირაკლი ღარიბაშვილმა ნუგზარ დაიაურს განუმარტა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფ ციხე-სახლებს რეაბილიტაცია წლის ბოლომდე ჩაუტარდება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ძეგლი ინტენსიურად ინგრეოდა და საქართველოს ძეგლთა შორის ყველაზე კრიტიკული მდგომარეობით გამოირჩეოდა, თუმცა ხელისუფლებამ მუცოს რეაბილიტაციისთვის საჭირო სახსრები გამონახა.

   მან მადლობა გადაუხადა ნუგზარ დაიაურს, რომელიც 3 წელია, ოჯახთან ერთად მუცოს ფერდზე ცხოვრობს და ძეგლის ერთადერთი მცველია.

   -"მთავრობას კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და შენარჩუნების საქმეში. ეს ძეგლები მსოფლიო კულტურის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ვალია, არა მარტო ჩვენს მომავალ თაობებს, არამედ მთელ კაცობრიობას შემოვუნახოთ ისინი, როგორც უძველესი კულტურის უნიკალური ნიმუშები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

   მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მომავალი წლისთვის დაგეგმილია ელექტროსადგურის მოწყობა, რომელიც 2015 წლის სეზონიდან მუცოსთვის დენის მომარაგების უწყვეტი წყარო გახდება.

   -"მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, მუცოში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება და აქ ელექტროენერგია იქნება. სატელეფონო კავშირზეც გვაქვს მოლაპარაკება, რათა მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებმა აქ განათავსონ შესაბამისი გადამცემი ანტენები და იმედი მაქვს, რომ ისინიც ჩაერთვებიან ამ პროცესში",–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: