ზვიად სეხნიაშვილი:-"ვიდრე ილიამდე მისასვლელი კიბე არ აშენდება, ჩვენ ტაძრამდე ვერ მივალთ!"

ზვიად სეხნიაშვილი:-"ვიდრე ილიამდე მისასვლელი კიბე არ აშენდება, ჩვენ ტაძრამდე ვერ მივალთ!"

   მას შემდეგ, რაც ზვიად სეხნიაშვილმა ეს წერილი "კვირის პალიტრაში" გამოაქვეყნა, 7 წელი გავიდა, მაგრამ წლებს არაფერი შეუცვლიათ და წერილი დღესაც აქტუალურია იმ პრობლემით, რომელიც ბევრი მოქალაქის აღშფოთებას იწვევს.

   "ივერიონი" დღეს კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამ წერილს იმისთვის, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ილია ჭავჭავაძის ძეგლის აღდგენა შეპირდნენ მოსახლეობას, კიდევ ერთი შეხსენება იყოს დანაპირების შესრულებისთვის. წერილს ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ, ქმედებას კი იმ ადამიანებისგან ველოდებით, რომლებსაც ევალებათ ამ პრობლემის გადაჭრა.

 

"მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად!"

   ავტორისაგან: 6 წელიწადი მიიწურა ამ მასალის გამოქვეყნების შემდეგ. შედეგი გაინტერესებთ? - გაიარეთ წიწამურში და შეხედეთ ილიას ძეგლს,როგორც ჩვენი უსულგულობის "ბრწყინვალე" ნიმუშს..გუშინ გახლდით იქ "გუთნელები"..ისევ ისე,მიტოვებული და აეკალბარდებული...იცით? - დიდმა ილიამ,როდესაც მისკენ მოშვერილი "ბერდენკის" ლულა და მკვლელთა ამღვრეული მზერა დაინახა,ეტლში წამოიმართა და დაიგრგვინა: "რას სჩადიხართ,ილია ვარ!!!..."...ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები და ახლაც გვეძახის იგივეს - "რას სჩადიხართ,ილია ვარ!!!..."

 

   P.S. გუშინ...გუშინ,30 აგვისტოს ილია მოვკალით ქართველებმა...

 

   "1907 წლის 30 აგვისტო იდგა და "ვიღაცამ" მოკლედ და მზაკვრულად გადაწყვიტა მოეკლა ერის მამა და მასთან ერთად სრულიად საქართველო...

საუკუნეების მანძილზე დაჩეხილი, იავარქმნილი და ნაწამები ქვეყანა კიდევ ერთხელ დახვრიტეს. განგმირეს სწორედ ის ნათელი შუბლი, სადაც იბადებოდა სულთმობრძავი ერის გადარჩენისა და აღორძინების ნიშატი, სადაც ფეთქავდა ერის ზნეობისა და სინდისის ძარღვი, სადაც თვით ბრმათათვისაც კი ნათლად ეწერა: "მამული, ენა და სარწმუნოება!"

   თოფი ქართველმა გაისროლა და ქვეყანას დიდი ხნით ჩაუქრო ცოდვის წყვდიადის მანათობელი, იმედის კელაპტარი. იმ თოფის ექო წიწამურთან საუკუნის მიღმა გაჰყვა სრულიად საქართველოს; ექო, რომელმაც დაახშო და დაგმანა ქართველთა სასმენელში ხმა სიკეთისა, რწმენისა და მოყვასის მარადიული სიყვარულისა...

ადრე თუ გვიან დრო ყველა ტკივილს აშუშებს, მაგრამ ტკივილს, უფლის მიერ ჩვენივე სიფხიზლისთვის მოგვრილს, ეკარგება აზრი და ფასი, თუკი ამ მწარე განცდას გულწრფელი მონანიება არ დაედება სულის მალამოდ...

   დღეს, ილიას მუხანათური მკვლელობიდან 100 წლის შემდეგ, საგურამოს გზაზე, წიწამურთან მოუნანიებლად, ორმაგი სიმძაფრით აღსავსე ტკივილად და ხელახლა გახსნილ იარად დგას ერის მამის ქვაში გაცოცხლებული სახე, თავის სათაყვანებელ მამულზე სევდიან-ცრემლიანად მოფიქრალი და ნარ-ეკლის ტყვეობაში ჩაკაწრულ-სისხლდამდინარი. თითქოს თავის მიწიერ ცხოვრებაში არ ეყოფოდა ეკლის გვირგვინი და "ქვათა ღაღადი", ჩვენც, მის "სახელოვან" შთამომავლებს არ დაგვიშურებია და დაგვიმადლებია მისთვის ძეძვისა და ნარის თაიგულები...

   სირცხვილი ჩვენ - დაუნახავებს, უმადურებს და გულგრილებს!

   სირცხვილი ჩვენ - ფლიდებს, ყრუებს და დამუნჯებულებს!

   ...და ვაი ჩვენ - ხელმრუდე "გუთნისდედებს", წინაპრების ხსოვნის გადამხნავებს და ამომგდებლებს!...

 

   დღეს საქართველო მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებში "პირველობს"...

   დღეს საქართველოში, რაც კი კეთდება, ყველაფერი "პირველად" ხდება ქვეყნის ისტორიაში...

   დღეს საქართველო "შენდება" და "მშვენდება", მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ ქვეყნის ჭეშმარიტი შენება წიწამურიდან უნდა დაიწყოს; იქ, სადაც ეკლის თაიგულები    "საპატიო" ყარაულად უდგას ილიასკენ მიმავალ დანგრეულ ბილიკებს...

   ჩვენი აღმშენებლობა მხოლოდ სასტუმროებით, პატრიოტული ბანაკებით, გზებით და შადრევნებით იწყება და მთავრდება. და კიდევ, მათ გახსნაზე ბუკ-ნაღარის შემოკვრით და გაუთავებელი, პომპეზური ზარ-ზეიმებით...

   და ფიქრად არავის მოსდის, რომ ერთი პატრიოტული ბანაკი წიწამურთან დასცეს, სადაც ლოცვითა და სინანულით მუხლმოყრილი ჩვენი შვილები ილიას ძეგლთან მოხშირებული ნარ-ეკლის ბუჩქებში გასართობად კი არ შეძვრებიან, არამედ გა(ნ)საწმენდად და ამ გა(ნ)წმენდაში დაკაწრული ხელ-ფეხით მცირედით მაინც ჩასწვდებიან იმ ეკლის გვირგვინის სიმძიმეს, რომელიც 1907 წლის 30 აგვისტოს დაადგეს ნათელ თავზე ერის სულიერ მამას!

   ვისთვის გვინდა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები? იქნებ იმ ტურისტებისთვის, რომლებმაც მხოლოდ "ხინკლის სახლებში" და "კაზინოებში" უნდა იარონ და საქართველო მარად განვითარებადი ჯუნგლები ეგონოთ, სადაც ცხოველური ინსტინქტები სჭარბობს სულიერ განცდებს? სადაც გმირული წარსული არაფრად უღირთ და მხოლოდ წუთი-სოფლის სიამეებს ეწაფებიან?

   ვისთვის გვინდა ეს შადრევნები, თუკი ჭეშმარიტად მაცოცხლებელი, მჩქეფარე "წყაროს" სათავე ჩვენივე ხელით ამოგვიშრია და შიგ ჭინჭარი და ჯაგნარი ასავსავებულა?

   რისთვის გვინდა ის ატრაქციონები, სადაც ჩვენი პატარები უსახსრობის გამო ვერასოდეს გაერთობიან და იქ ჩაყრილ-გადაყრილ ფულს ხვალ რომელიმე ჩინელი თუ არაბი ტურისტი შუბლზე შაბაშად მოგვაწებებს და თავის დუდუკზე "გვატინგიცებს?"

   რისთვის გვინდა ამ გზებში და ავტობანებში დახარჯული მილიონები, თუ ის გზები "წიწამურის ტაძართან" ვერ მიგვიყვანს?..

   შენება ცუდი როდია. ქართველი ყოველთვის აშენებდა, ააშენებს და ეს პროცესი არასოდეს იქნება "პირველად საქართველოში", მაგრამ ლევან გოთუასი არ იყოს, ერის უკუღმართი ბედი მის ნანგრევებში იკითხება უპირველესად და წიწამურში, ილიას ძეგლის შემხედვარე, როგორღა ვთქვათ, რომ "ჩვენისთანა ბედნიერი ერი" აღარსად არის და "აღმავალი" საქართველოს ბედს დანატრიან ჩვენი მოხერხებულობით "განცვიფრებული" დიდი ქვეყნები...

   რა უნდა ვუთხრათ იმ ტურისტს, რომელიც შემთხვევით წიწამურში შეჩერდება და გაპარტახებულ ძეგლზე იკითხავს, ვისიაო? რომელი ნორმალურად მოაზროვნე უცხოელი ჩათვლის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის პრეტენზია გააჩნია, როცა მეზობელი ქვეყნების მოღვაწეთა ძეგლები გამოსაჩენ ადგილას მოვლილ-ნაპატრონები აქვს და წმინდანად შერაცხული ერის მამის ქვაში განივთებული სიმბოლო უპატრონოდ და უღვთოდ მიგდებული და მიტოვებული? ათასიდან ერთ უცხოელს მაინც ხომ გაახსენდება, რომ საქართველოში, ამ უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის მქონე ქვეყანაში, თვით ელინი ბრძენნი და ფილოსოფოსნი ჩამოდიოდნენ, რათა აქაურ აკადემიებში მიღებული ცოდნით განეცვიფრებინათ ბებერი ევროპა?..

   ხალხო! ქართველო ერო! - "მტვერწაყრილნო, თავდახრილნო, ყოვლად უქმნო, უდიერნო, გზამრუდონო, არგამტანნო და ცბიერნო, მტრის არმცნობნო, მოყვრის მგმობნო, გარეთ მხდალნო, შინ ძლიერნო" - შეხედეთ იქ გავლისას ერის მამის ძეგლს წიწამურში, დააკვირდით და გაიაზრეთ, რატომ ვართ დღეს ამ ყოფაში, ან რა მოგველის ხვალ! ნუთუ ვერ ვგრძნობთ, რომ ვიდრე ილიამდე მისასვლელი კიბე არ აშენდება, ჩვენ ტაძრამდე ვერ მივალთ! ნუთუ ვერ ვგრძნობთ, რომ სანამ ამ აღმართს ეკლისგან არ გავწმენდთ, არ მოვაპირკეთებთ და გავალამაზებთ, მანამდე დაგვიხშობს და დაგვიგმანავს სიკეთისა და რწმენის საგალობელს წიწამურში გასროლილი ტყვიის ექო!.. ნუთუ დაგავიწყდათ, რომ "ერს, რომელიც საკუთარ წარსულს ივიწყებს, მომავალი არ უწერია!"

   ილია უბრალო ხალხისთვის იღვწოდა, უბრალო ქართველებს აღმერთებდა. ხელისუფალნი მიდიან და მოდიან, ხალხი და ერი კი რჩება მარადიულად. მაინც ჩვენი მოსავლელი და გასაკეთებელი არ არის საერო და საქვეყნო საქმე? საუკუნეა, რაც ილია განგმირეს, მაგრამ მისი გული, ჩვენთვის მფეთქავი გული ვერ გააციეს, ლოცვითა და თავისი უკვდავი შემოქმედებით ჯერაც მხარში გვიდგას; ჩვენ კი ისე გაგვაბრუა წიწამურში გასროლილმა "ბერდენკამ", რომ ერთპირად გადაგვარების გზაზე შევმდგარვართ? ეს ხომ სწორედ მათი მიზანი იყო, ვინც ერის მამას საგურამოს გზაზე ჩაუსაფრდა. მაშ, ჩვენ ვინღა ვართ? მათ 100 წლის წინ მოკლეს ილია, ჩვენ 100 წლის მერე ხელმეორედ ვკლავთ! რა მნიშვნელობა აქვს, "ბერდენკის" ტყვიას ვესვრით თუ ნარ-ეკლის მარწუხებით მოვუსწრაფებთ არსებობას?..

ცოტა ხანში კი, ალბათ ამ მიწასაც გავყიდით (თუ უკვე არ გაგვიყიდია!), მთაწმინდაზე "მწუხარე საქართველოსაც" და აქედან ჩვენით თუ არ ავიბარგენით, სხვები აგვაბარგებენ (ბარგი სადღა გვექნება, თორემ კი!..).

   შეხედეთ ილიას ძეგლსს, დააკვირდით და კარგად გაიაზრეთ, ქართველნო: ოდესღაც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული, ნასამოთხარი ივერიის შვილებო,  ზოგიც მერე ვიამაყოთ და ვიძახოთ: "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!.."

   თქვენც შეხედეთ, ხელისუფალნო! თქვენ განსაკუთრებულად, ილიას იუბილედ რომ გამოგიცხადებიათ 2007 წელი! ნარ-ეკლის აყვავილებას თუ ტაძრის ბილიკების დანგრევას ვზეიმობთ? ამ მშენებლობის "საუკუნეში" რაღა ილიას ძეგლს ვანგრევთ? ერთი ვარსკვლავის ოდენად მაინც არ უკაშკაშია ილია მართალს საქართველოსთვის, რომ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების პარალელურად წიწამურის ერთი ძეგლიც გააშენოთ და გაალამაზოთ?

    უცხოელების უფრო გჯერათ და ისევ გენიალური უცხოელის სიტყვებს მოგაშველებთ, "მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად!" - გოეთემ თქვა დიდი ხნით ადრე და ეგებ ამ სიტყვებმა მაინც გაგრძნობინოთ, რომ ერთი საუკუნის წინ წიწამურში ჩასვენებული ქართული მზე მარადიული მნათობია საქართველოსთვის და მას ვერ დააბნელებს ძე-ხორციელი!

   ხალხი კი, უბრალო ქართველი ხალხი, თავის კუთვნილ გზას მაინც მიიყვანს ილიას ძეგლამდე, უფულო და გაჭირვებული ხალხი! ზურგით მიიტანს ქვას, შიშველი ხელით დაგლეჯს ეკლის ბუჩქებს, ტანჯვით, მაგრამ მაინც აივლის ამ კიბეს და ისევ მნათობად აიელვარებს ილიას უკვდავებას!

   ერთ სიბრძნესაც შევახსენებ ძლიერთა ამა ქვეყნისათა: "ეს ცხოვრება კიბე არის, ზოგი ადის, ზოგი ჩადის!" და "რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მძიმეა ჩამოვარდნა, თუ კეთილად არ წარმართა ადამიანმა საქმე!.."

   ამ ცრემლიანი სიტყვების შემდეგ კი ნურც ეს დაგვავიწყდება:"ერის უკუღმართი ბედი მის ნანგრევებში უფრო იკითხება, ვიდრე გადარჩენილ ძეგლებში!"

ზვიად სეხნიაშვილი

"კვირის პალიტრა".2007 წელი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: