ბესო საღარაძე:-"მე პროცესს არ წავაგებ, აქ რომ წავაგო, სტრასბურგში მაინც მოვიგებ და ვაიძულებ ხელისუფლებას ვალი გამისტუმროს"

ბესო საღარაძე:-"მე პროცესს არ წავაგებ, აქ რომ წავაგო, სტრასბურგში მაინც მოვიგებ და ვაიძულებ ხელისუფლებას ვალი გამისტუმროს"

   5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა.

   – მოსარჩელე: ბესარიონ საღარაძე

   – მოპასუხე / მოვალე / მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, 

   – დავის საგანი: კანონისმიერი ვალდებულების შესრულება (დაევალოთ მოპასუხეებს კანონისმიერი ვალდებულების შესრულება – "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის 48–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის "საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოშობილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი"–ს შემუშავება და დაუდგინდეთ მისი შემუშავებისა და სამოქმედოდ შემოღების ვადა არაუმეტეს იმ დროისა, რაც გათვალისწინებულია "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონის 48–ე მუხლის მე-4 პუნქტით).

   სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და საოქმო განჩინებით, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება და ძალაში შედის გამოცხადებისთანავე, საქმეში მოპასუხეებად დამატებით ჩართო საქართველოს მთავრობა და სახელმწიფო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია.

 

   ბესო საღარაძე, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულია. მისი თქმით მასსა  და ფინანსთა სამინისტროს შორის ეს დავა მიმდინარეობს 1992 წლიდან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დავა უამრავია...

 

   -"მე 2009 წლის ივნისამდე გავიარე საქართველოს სასამართლო ინსტანციები და 2009 წლის ოქტომბერში სარჩელი შევიტანე ევროსასამართლოში. სარჩელის შეტანიდან ორი წლის შემდეგ მე ვთხოვე ევროსასამართლოს ჩემი საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭება. სტრასბურგმა მაცნობა, რომ თხოვნა დაკმაყოფილდა და განხილვა დაიწყება 2012 წლის პირველ ნახევარში. პარალელურად არ ვასვენებდი ფინანსთა სამინისტროს. თებერვლის დასაწყისში, სამართლის, ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების მიმართულების სამუშაო ჯგუფების გაერთიანებულ შეხვედრაზე მე მოვითხოვე, რომ "ქართულ ოცნებას" საადვოკატო დახმარება გაეწია დაზარალებულთათვის მიმდინარე ადმინისტრაციულ საუწყებო და სასამართლო საქმისწარმოებაში. ბატონი მინდიას თხოვნის შემდეგ ქალბატონმა რუსუდან შველიძემ რეკომენდაცია გამიწია ქალბატონ მანანა კობახიძესთან. ქალბატონმა მანანა კობახიძემ სთხოვა "კონსტიტუციის 42-ე მუხლს", რომ ჩართულიყო საქმეში ჩემი წარმომადგენლის სტატუსით. მე მათ გადავუგზავნე მასალები. "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" გამგეობის სხდომაზე განიხილა, რატომღაც არ ჩათვალა ეს საქმე სტრატეგიული მნიშვნელობის საქმედ და უარი განაცხადა საადვოკატო მომსახურების გაწევაზე. ერთადერთი, რაც მათ გააკეთეს, თავიანთ სტაჟიორს დაავალეს, დამხმარებოდა სარჩელის მომზადებაში. სტაჟიორმა დავალების ფორმალური ხასიათიდან გამომდინარე, პატიოსნად, თავისი კვალიფიკაციის, გამოცდილების შესაბამისად, შეადგინა და გადმომიგზავნა სარჩელის ვარიანტი, სადაც მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებში სულ ერთი წინადადება იყო: "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლი და 33-ე პრიმა მუხლი". სარჩელი მე თვითონ დავწერე და 24 თებერვალს შევიტანე სასამართლოში. მანამდე მას გაეცნო ქალბატონი მანანა კობახიძე. ფინანსთა სამინისტროს გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლემ ჯერჯერობით ვერ გაბედა გადახტომოდა კანონს, სარჩელი დასაშვებად ცნო და ჩანიშნა მთავარი სხდომა. სასამართლო პროცესი შესაძლოა, განვითარდეს მხოლოდ ორი მიმართულებით: ნოტარიუსად გადაქცეული სასამართლო ჩემს კანონიერ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ან მოხდება სასწაული და მოვიგებ სასამართლო დავას. მე მოვიგებ პროცესს და ვაიძულებ ხელისუფლებას ვალი გამისტუმროს...-წერს ბესო საღარაძე იმ წერილში, რომელიც მან პირადად გადასცა ბიძინა ივანიშვილს.

 

 

   ბესო საღარაძე საკმაოდ იმედიანად არის განწყობილი და ამბობს:

-"მე პროცესს არ წავაგებ, აქ რომ წავაგო, სტრასბურგში მაინც მოვიგებ, ყველა ვარიანტში მოვიგებ, მაქსიმუმ 6 თვე გაჭიანურდება ეს სტრასბურგში. ბიუჯეტში ფული არის, მე ვითხოვ არა ეგრევე გასტუმრებას, არამედ წესს. მინდა გითხრათ, რომ მე და იურისტმა ზურაბ ნონიაშვილმა დავწერეთ პროექტი, როგორ უნდა მოხდეს ვალის გასტუმრება და მივაწოდეთ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსა და მთავრობას. ჩვენ დავურთეთ ამ პროექტს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მეცნიერების შეფასებები, 2012 წლის დეკემბერში მივეცით ეს წესი მათ, წაკითხულიც კი არ აქვთ. ანუ ის, რაშიც ხელფასს ვუხდით ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს, ჩვენ გავაკეთეთ და არც წაიკითხეს.

 

   ცნობისთვის, შემდეგი სხდომა ჩატარდება 2014 წლის 8 ოქტომბერს 13:00 სთ–ზე.

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: