რომან გოცირიძე : ,,ვალებით ცხოვრების ლიმიტი ამოწურულია. ახლა საკუთარი შემოსავლებით უნდა ვიცხოვროთ"

რომან გოცირიძე : ,,ვალებით ცხოვრების ლიმიტი ამოწურულია. ახლა საკუთარი შემოსავლებით უნდა ვიცხოვროთ"

   ,,ივერიონს" ესაუბრება ფინანსისტი რომან გოცირიძე.

 

   -ბატონო რომან, თქვენს ფეისბუქ-სტატუსში წერთ, რომ მერიის მიერ სესხის აღება შევარდნაძის პერიოდში დაბრუნებას გაგონებთ. ამ შენიშვნისას, ითვალისწინებთ თუ არა იმას, რომ დღევანდელმა ქალაქის მთავრობამ გამოხრული ბიუჯეტი ჩაიბარა? თბილისის მერს ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, როგორ გაიტანდა თავს წლის ბოლომდე ან როგორ შეასრულებდა იმ სოციალურ ვალდებულებებს, რომლებიც მოსახლეობის წინაშე აკისრია?

 

   -ვალის აღება, თავისთავად, ცოდვა  არ არის. აქ სხვა რამეა საქმე - ასეთი პრაქტიკა თბილისში არ გამოყენებულა აგერ უკვე 10 წელიწადია. ეს ბიუჯეტის დეზორგანიზებაზე, მის არარითმულ აღსრულებაზე მიუთითებს. არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ ვის გადააბრალებს ამას. თუ საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი მერიამ არ აღასრულა და, როგორც ამბობთ, გამოხრა, ეს უკვე კანონდარღვევაა. ეჭვი მეპარება, რომ ეს გაებედათ.  აქ უკვე საკრებულოს პასუხისმგებლობაა არასწორი ბიუჯეტის დამტკიცება გამო. ძველი და ახალი საკრებულოს დაპირისპირება აქაც არ გამოგვადგება არგუმენტად.

   არის უფრო მნიშვნელოვანი საკითხი: ადგილობრივი ბიუჯეტები, როგორც ასეთი, არც არსებობს შემოსავლის წყაროების თვალსაზრისით. ყველა დონეზე თანხების აბსოლუტური უმრავლესობა მოდის ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით. საკუთარი შემოსავლის წყარო არავის აქვს- არც თბილისს და არც ნებისმიერი დონის სხვა ბიუჯეტს. ეს არის სიმახინჯე და ამის გამოსასწორებლად უნდა იმუშაოს პარლამენტმა. 

   ბანკიდან სესხის აღება დამოუკიდებელი ბიუჯეტებისთვის დამახასიათებელი ატრიბუტია, როცა იგი პასუხისმგებელია საკუთარი შემოსავლით. ამ შემთხვევაში კი სესხი მაინც მთავრობის დასაბრუნებელი გახდება მომავალი წლის ბიუჯეტიდან. ამიტომ  ბანკში კი არ უნდა მიდიოდნენ ფულის სათხოვნელად, არამედ იმას უნდა მიაკითხონ, ვისგანაც სინამდვილეში იღებენ ფულს და დამოუკიდებლობანას თამაშს უნდა შეეშვან.

 

   -ანუ მთავრობას უნდა სთხოვონ ფული?

 

   -დიახ, მთავრობას და პარლამენტს.

 

   -ისე, თუ მთავრობა იღებს სესხს, მერიამ რა დააშავა? თხა თხაზე ნაკლებიო, როგორც ამბობენ...

 

   -კი. იმასაც ამბობენ, მგელმა შეჭამაო. მთავრობა უკვე შეჭამა ვალებმა. 2014 წლის ბიუჯეტის შემოსავლები დაგეგმილია 9,105 მილიარდი ლარის ოდენობით, აქედან 1,636 მილიარდი არის სესხი ( ანუ მთელი შემოსავლების 18 პროცენტი). 600 მილიონ ლარს იღებენ სესხად ქართული კომერციული ბანკებიდან,  1 მილიარდ ლარზე მეტს - უცხოეთიდან (საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად და სხვა საჭიროებებისათვის).   სხვათა შორის, ამ 600 მილიონი ლარის ოდენობის შიდა ვალის აღება  ჯანსაღი ბიზნესისთვის წართმეული სახსრებია. ამით ხელს უწყობენ ბანკების გაზარმაცებასაც. დღეს მეანაბრეებისაგან კომერციული ბანკები ფულს სესხულობენ დაახლოები 5  პროცენტად უცხოურ ვალუტაში და 8 პროცენტად ადგილობრივში ( საშუალო შეწონილი განაკვეთი დეპოზიტებზე 6,1 პროცენტია) და თავის მხრივ  გადაასესხებენ მთავრობაზე 6,5-10 -12 პროცენტად და უფრო მეტად ვადიანობის მიხედვით. ახლა თბილისის მერიასაც მოუნდა ვალებში გადავარდნა.

საგანგაშოა ის, რომ სახაზინო ვალდებულებების ემისიით აღებულმა სესხებმა( ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მთავრობის მიერ საქართველოს კომერციული ბანკებიდან აღებულმა სესხებმა), უკვე 1,2 მილიარდი ლარს გადააჭარბა.  ეს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების დაახლოებით 10 პროცენტია. მთავრობა გახდა საკრედიტო ბაზარზე ბიზნესის მთავარი კონკურენტი. ამიტომაც არ იკლებს სესხის სარგებლის პროცენტი.

რაც შეეხება ვალებს, მის პროცენტს ხომ გასტუმრება უნდა?!  ეს ყოველწლიურად ას მილიონამდე ლარია - მხოლოდ საპროცენტო გადასახდელი თანხა და მხოლოდ შიდა სესხებზე. არაფრს ვამბობ საგარეოზე.     

 

   -როგორც ჩანს, ბანკები მთავრობაზე უფრო იაფად გაასესხებენ ფულს, ვიდრე ბიზნესზე.

 

   -კი, ეს ასეა. ბანკებს არც არაფერი ენაღვლებათ. დაბრუნების ალბათობა თითქმის ასი პროცენტია. რატომ უნდა იწვალონ კარგი ბიზნესპროექტების მოძებნაზე?!

ყველა ქვეყანის მთავრობა იღებს სესხს კერძო სექტორისა და ფიზიკური პირებისაგან. სახაზინო ვალდებულებების ემისია კარგი ინსტრუმენტია ეროვნული ბანკისათვის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებისას, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზომა-წონა. არ შეიძლება, რომ ეს იყოს საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხების 10 პროცენტი და მეტი.

დღეს თბილისს მოუნდება, ხვალ ბათუმს, ზეგ კიდევ სხვას. სხვებსაც აქვთ ბიუჯეტში მეტი თანხის მიღების სურვილი. მაგრამ არა აქვთ იმდენივე პოლიტიკური წონა და ლობი, როგორიც დედაქალაქს. ამით ირღვევა საბიუჯეტო დისციპლინა. თუ თავიდან იქნება ჩადებული ბიუჯეტში და შესაბამისი წესით დამტკიცებული -კი ბატონო -თავისი მაკროეკონომიკური რისკების გათვალისწინებით.

 

   -რატომ არ აძლევს მთავრობა ფულს თბილისს. საბოლო ჯამში, ხომ მაინც მისი გასასტუმრებელია მომავალი წლის ბიუჯეტით?

 

   -ეს ხანგრძლივი, ძნელი და საჯარო  პროცედურაა. უნდა შეიცვალოს სახელმწიფო ბიუჯეტი, დაარწმუნოს მთავრობა და მთავრობამ, თავის მხრივ,  პარლამენტი იმაში, რომ ეს უფრო სჭირდება მერიას, ვიდრე თუნდაც იგივე პენსიონერებს ან მასწავლებლებს. ამიტომ უფრო მარტივი გზა აირჩიეს: საკებულოს დარწმუნება უფრო ადვილია, ვიდრე ასეთი რთული, მაგრამ ჯანსაღი კონკურენციული გზის გავლა.

 

   -სავალუტო ფონდი ახსენეთ თქვენს პოსტში. ანუ, ისინიც ურჩევენ მთავრობას, რომ ვალებს შეეშვან და ბიუჯეტიც დროულად შეასრულონ?

 

   -კი, ზუსტად ასეთი ჩანაწერი არსებობს ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტში. მათაც მიაჩნიათ, რომ შარშან ზამთარში ლარის მკვეთრი გაუფასურება სწორედ ბიუჯეტის არარიტმულმა ხარჯვამ განაპირობა. თუმცა რაღა შორს წავიდეთ, აგერ  ამონარიდა სავალუტო ფონდის პრესრელიზიდან, რომელიც 31 ივლისს გავრცელდა:

 

   "მაშინ როდესაც მოკლევადიან პერიოდში ფისკალური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, საშუალოვადიან პერიოდში პროგრამა მიზნად ისახავს დეფიციტის შემცირებას, იმისათვის რომ ფისკალურ პოლიტიკას ჰქონდეს საკმარისი არეალი ეკონომიკის დასასტაბილურებლად. საგადასახადო სისტემის მოდერნიზების გზით და ფონდის მხარდაჭერით გაუმჯობესდება შემოსავლების ამოღება. პროგრამის ფარგლებში მოხდება გამოშვებისა და გაცვლითი კურსის მერყეობის შემცირება, რასაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის უფრო თანაბარი შესრულება წლის განმავლობაში." ეს ყველაფერი ფონდის ოფიციალურ ენაზე ასე ჟღერს, გლეხურად კი ნიშნავს, რომ შეეშვით ვალებით ცხოვრებას და წლის ბოლო თვეებში ფულის მიყრით ნუ უქმნით საფრთხეს თქვენს ვალუტასო.

   ბიუჯეტის ცვლილებას არ უნდა შევხედოთ როგორც მხოლოდ რაღაც კონკრეტული   მიზნისთვის გასაწევ ხარჯებს. ფული წყალივითაა, დაასხამ აქ და გგონია  დარჩება აქვე,  არადა შეიძლება იქ ამოხეთქოს, სადაც ვერასდროს წარმოიდგენდი. ამას საბიუჯეტო დისციპლინს დაცვისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის კონტექსტისადმი ანგარიშგაწევის გამო ვამბობ, თორემ 20-30 მილიონი არც თბილისს ააშენებს და არც მთავრობას დაღუპავს!

 

                                                                                      ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: