გია ხუხაშვილი: ,,რესპუბლიკელებსა" და ,,თავისუფალ დემოკრატებს" ბუნებრივად აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია, თუმცა შანსის გარეშე"

გია ხუხაშვილი: ,,რესპუბლიკელებსა" და ,,თავისუფალ დემოკრატებს" ბუნებრივად აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია, თუმცა შანსის გარეშე"

   ,,ივერიონს" ესაუბრა ექსპერტი გია ხუხაშვილი

 

   -ბატონო გია, მისაღებია თქვენთვის თუ შეურაცხყოფს სახელმწიფოს იმიჯს უელსის სამიტზე ორი დელეგაციის მონაწილეობა?

 

  -სასურველია ერთი წავიდეს, თუმცა არც ორის წასვლაშია რამე დრამატული. აქ ის კი არ არის პრობლემა, ერთი დელეგაცია წავა თუ ორი, რადგან ორივეს განსხვავებიული ფუნქცია აქვს, ორივე განსხვავებული პროგრამით გამოდის, არამედ ის, რომ დამოკიდებულება მათ შორის სუბიექტურია, რაც პერსონალურ უხერხულობას ქმნის. ეს პრობლემები მათ სახლში უნდა დატოვონ ან უჯრაში გამოკეტონ. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია მთავრობის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელიც ამბობს, რომ თურმე მათ იმსჯელეს და გადაწყვიტეს სამიტზე პრემიერი გაგზავნონ.ეს წარმოუდგენელია. პრეზიდენტი არ არის მთავრობის წევრი და მთავრობა როგორ უწყვეტს სად წავა და სად არა?

  ვიდრე ასეთ სახიფათო განცხადებებს გააკეთებენ, კონსტიტუცია წაიკითხონ ბოლოს და ბოლოს!

 

  -რას მოუტანს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პრეზიდენტის ინსტიტუტს. გააძლიერებს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრეზიდენტს ბუტაფორიად აქცევს?  

 

  -პრეზიდენტი ბუტაფორიად ვერ გადაქცევა! მართალია, ჩვენს ქვეყანას ახალი კონსტიტუციის პირობებში უწევს მუშაობა, რაღაც კომპონენტები მართლაც შესაცვლელია მენეჯმენტის თვალსაზრისით, რაღაც უფლება- მოვალეობა შეიძლება პრემიერმა გადაიბაროს, მაგრამ ეს ხომ კოლეგიალურად უნდა გადაწყდეს?

   პრეზიდენტი ახალი მოდელით არ არის აღმასრულებელი, მაგრამ მას არც აქვს ამის პრეტენზია. ის მოიაზრება, როგორც დამზღვევი. თუ რაღაც არ შეესაბამება კანონს, ის უკანონოდ არ გადაწყვეტს. ბოლოს და ბოლოს მთავარსარდალია. მიუხედავად ზოგიერთების ირონიული განცხადებებისა ( რაც მე ძალიან მძაბავს), რომ ის მხოლოდ ,,იმოქმედეთს" გაიძახის, მას აქვს ბერკეტები. გამოსავალი ერთია, ქვეყანა სასწრაფოდ უნდა გადავიდეს ინსტიტუციურ მმართველობაზე! აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირებას ხელოვნურად ქმნიან არამკითხე ,,მხარდამჭერები", რითაც თავად შეიქმნიან მალე პრობლემებს!

 -ღიად საუბრობენ ალასანიას, რესპუბლიკელებისა და მარგველაშვილის კოალიციიდან შესაძლო ჩამოშორების შესახებ. რამდენად სავარაუდოა ,,საშემოდგომო გადატრიალება"?

 

 -ეს თითოეულისთვის დამღუპველი იქნება.მე ხშირად ვსაუბრობ მარგველაშვილთან და ვიცი, რომ მას არ აქვს პოლიტიკური ამბიციები, მისთვის მთავარი ქვეყნის ინსტიტუციურ მმართველობაზე გადასვლაა. რაც შეეხება ,,რესპუბლიკელებსა" და ,,თავისუფალ დემოკრატებს", მათ, როგორც პარტიებს, ბუნებრივად აქვს ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია, თუმცა შანსის გარეშე.

 

 -პოლიტიკურ არენაზე ჩნდებიან ახალი საზოგადოებრივი მოძრაობები, რომლებიც მოსახლეობას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისკენ მოუწოდებენ.  

    -ბუნებრივია, ხალხი აპროტესტებს პარლამენტში ,,ნაციონალური მოძრაობის" იმ რაოდენობით წარმოდგენას, რაც არის, თუმცა ამ ბოლო დროს გამოჩნდა, რომ პროტესტი მხოლოდ მათ მიმართ არ ჩნდება. მე მაინც მგონია, რომ ახლა რევოლუციის დრო არ არის, 2016 წლამდე უნდა ავიტანოთ ეს პარლამენტი.

 

  -როგორ შეაფასებთ ქვეყანაში ამ ბოლო პერიოდში მომხდარ კრიმინალურ მოვლენებსა და იმ მასობრივ რეიდებს, რომლებმაც მოსახლეობას ჯალათად წარმოუდგინა შსს და პოლიცია?

 

   -კრიმინალური ვითარება თვალშისაცემად არ გაუარესებულა. საბოტაჟსაც არ გამოვრიცხავ, რადგან იქ ჯერ კიდევ მუშაობენ ძველი სისტემის აპოლოგეტები. შსს-ს პრობლემა ავტორიტეტის არყოლაა. ჭიკაიძე თავდაუზოგავად მუშაობს, მაგრამ ის მძიმე წონის პოლიტიკოსი არ არის, არც ავტორიტეტია და ეს ქმნის სისუსტეს. დღეს კრიმინალურ ვითარებაზე მეტად შსს-ს უკონტროლობასთან გვაქვს პრობლემა. რაც შეეხება რეიდებს, ეს ფაქიზად შესასრულებელი საქმეა. უნდა შემოწმდეს ყველა ის საპატრულო პოლიციელი, რომელიც აწყობს ამ რეიდებს, რათა ადამიანის უფლება არ შელახოს. ვიღაცა ტაქსს აჩერებს, შენ მოგეწონება-არ მოგეწონება, ამის გამო რატომ უნდა გაჩხრიკო? თორემ მძღოლს კონტროლი რომ სჭირდება, ამაზე არ ვდაობ. ჩემი აზრით, უფრო ეფექტური იქნებოდა ოპერატიული სამუშაოების გააქტიურება.

 

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: