Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (10)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
10-09-2014, 18:19
ნანახია: 1566

მერაბ შათირიშვილი: ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!

„ივერიონს“ ესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი 

-ბატონო მერაბ, საზოგადოებრივმა მოძრაობამ ,,ახალი რეალობისთვის“,  რომლის დამფუძნებელიც თქვენ ბრძანდებით, ჭადრაკის სასახლეში უკვე გამართა პირველი შეკრება. თუმცა, დაინტერესება ისეთი არ მოჰყოლია,  როგორსაც თქვენ და თქვენი მხარდამჭერები მოელოდით.

რამ განაპირობა ეს, საზოგადოების მხარდაჭერა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ არც თუ ისე დიდია?!

- მართალია, ჩვენ დავაანონსეთ, რომ ქუთაისში ფართომასშტაბიან შეკრებას  ვგეგმავდით, მაგრამ  ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ   ჩვენ არ გვაქვს სახსრები და  ჩვენთვის ყველა ტელევიზია დაკეტილია...

 თქვენ იცით, რომ ფართო პოლიტიკური ბატალიების წარმმართველებმა ქართული საზოგადოება  მიაჩვიეს  დარბაზებში მიყვანას მანქანებით, მინი თუ სუპერავტობუსებით.

ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს, მაგრამ,  ვინც ჩვენთან  მოვიდა,  ყველა იყო გულანთებული, გულახდილი  და გაერთიანებული იმ პრობლემის ირგვლივ,  რასაც ჰქვია ვადამდელი საპარლამენტო არჩვენები!

 თქვენ მკითხეთ, იქნებ საზოგადოების მხრიდან ამის მოთხოვნა არ არისო, მე ასე გიპასუხებთ - ჩვენ ამ მოთხოვნას  საზოგადოებაში გამოვცდით. თუ ამის მოთხოვნა საზოგადოებაში არის, ამას მივხვდებით იმ ნაბიჯების შემდეგ, რასაც ამ მხრივ გადავდგამთ.

-თქვენ 6 სექტემბერს დააანონსეთ, რომ 15 სექტემბერს ქუთაისის პარლამენტთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით იწყებთ აქციას.იქნებ, ,,ივერიონის“ მკითხველს განუმარტოთ,  რას ნიშნავს ეს და რას მოელით ამ აქციისგან?

-გრანდიოზულ შეკრებას არ ვაანონსებთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ საამისო არც ფინანსები  გვაქვს  და არც   ხალხის ფინანსებით მოზიდვის სურვილი...  ვიმეორებ, რომ საზოგადოება შეაჩვიეს დაკვეთილ შეკრებებს. მცირეოდენი, მაგრამ,  გულწრფელი ადამიანების მოსვლა ქუთაისის პარლამენტთან საკმარისი იქნება!

 დიდი მადლობა, რომ მაძლევთ საშუალებას საზოგადოებას მივაწვდინოთ ხმა - შემოუერთდეს ჩვენს  აქციას. დიახ, 15 სექტემბერს ქუთაისში. გავმართავთ  სიმბოლურ შეკრებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით  და  დავიძრებით ფეხით თბილისისკენ.

ასეთი აქცია ჩვენ ადრეც ჩავატარეთ-გელათიდან სამებამდე, ჯაჭვლიანსა  და კურტანიძესთან ერთად ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. ეს  სამართალიანი მოთხოვნა იყო მაშინ. ახლა ამ გზას  მეორედ გავდივარ  და შევახსენებ  ბიძინა ივანიშვილს,  რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არის ხსნა ქვეყნისა და რევანშისტული ძალების განეიტრალებისა, რასაც ,,ნაციონალური მოძრაობა“  ჰქვია!

-არის თუ არა მომწიფებული საზოგადოება და, მით უმეტეს, პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. აქ ისმება ლოგიკური კითხვაც:  რომც დაინიშნოს, რას შეცვლის?!

-ვადამდელი  საპარლამენტო არჩევნები რომ არ დაინიშნოს, მაშინ ის მიღწევები და შედეგები, რასაც ,,ქართულმა ოცნებამ“  მიაღწია, საფრთხის ქვეშ დადგება. გარე და შიდა ძალები ხელს უწყობენ რევანშისტული ძალების გაცოცხლებას. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი აქცია არ უკავშირდება რაიმე პოლიტიკურ ამბიციას, რადგან ეს საზოგადოებრივი მოთხოვნაა. კიდებვ ვიმეორებ:  ეს ერთადერთი საშუალებაა ,,ნაციონალური მოძრაობის“  გასანეიტრალებლად,  რევანშისტული  ძალებისგან გასაწმენდად და იქ სხვა ოპოზიციური ძალების შესასვლელად.  თუ ხელისუფლება ამ გზით არ წავა,  აცილებლად ჩიხში შევა სიტუაცია.

 ზოგადად, ხელისუფლება მხოლოდ მაშინ უსმენს ხალხს, თუ მისი მუხტი  ძლიერია. პოლიტიკური მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა ფარსი იქნება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ორ შემთხვევაში ინიშნება - ბიუჯეტისა და მთავრობის დაუმტკიცებლობისას. ორივე დამტკიცებულია. ასე რომ,  თუ ჩვენ ვადამდელ საპარლამენტო  არჩევნებს  მოვითხოვთ პოლიტიკური ფორმით,  ამას პოლიტიკურად უპასუხებს ხელისუფლება და სწორიც იქნება.

-,,სახალხო კრებამ“ განაცხადა, რომ ისინიც აპირებენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით  აქციის გამართვას. თქვენ როგორ შეაფასებთ მათ განცხადებას?

-მიუხედავად იმისა, რომ პატივისცემით ვარ განწყობილი მათ მიმართ, ,,სახალხო კრებისა“  და მისი  იდეის შინაგანი  მატერებელი ვარ, უნდა ვთქვა, რომ მათ ვერ შეძლეს საზოგადოებაზე გავლენა მოეხდინათ.

,,სახალხო კრება“, არ ვამტკიცებ ეს სიმართლეა თუ არა,  ასოცირდება ბურჯანაძესთან.  იგი საზოგადოების თვალში პოლიტიზებულია და ამ შარმს ვერ იხსნის.

მიუხედავად იმისა, რომ   26 მაისის მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ნონა გაფრინდაშვილმა და მთელმა ,,სახალხო კრებამ“ (შეიძლება ასეც იყო), ის მაინც ბურჯანაძეს  დაბრალდა - მასთან გაიგივდა.

 მერე რა, მეც ვიყავი იქ 26-ში, ოღონდ,  არც  ,,სახალხო კრებელი“  ვიყავი და არც ნინოს მხარდამჭერი, ეს იყო მართლა სახალხო აქცია, მაგრამ მაინც პოლიტიზებული გახადეს. ვინაიდან დღევანდელი ხელისუფლება  მიდის იქით, რაც ამ ხელისუფლებამდე არსებობდა ქართულ საზოგადოებაში,  ამ აქციაში უნდა ჩაერთოს ,,სახალხო  კრებაც“,  ბურჯანაძეც, სხვებიც,  მაგრამ  მათი მოთხოვნა უნდა იყოს მხოლოდ საზოგადოებრივი. ვისაც ამის მორალური უფლება აქვს, იმის ეგიდით უნდა ჩატარდეს ეს აქცია.

ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს წინ,  გვერდით და უკან ვინმე დგას  ჩვენი სამშობლოს, გულის,   იდეისა  და ფიქრის გარდა.  დავასკვნი, რომ ყველა, ვისაც პარლამენტში შესვლა უნდა, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა დაემოჩილოს!

ღიად ვაცხადებ, ,,სახალხო კრებამ“  ეს ინიციატივა არ უნდა აიღოს თავის თავზე,  მიუხედავად იმისა, რომ ის საზოგადოებრივია  და სამოქალაქო სექტორია, მას გახდიან პოლიტიზებულს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი მათთან კრახს განიცდის და პასუხისმგებლობა მათვე  დაეკისრებათ და ჩვენ ამას გავემიჯნებით.

 15 სექტემბრის აქციას  პარლამენტის წინ თბილისში გავაგრძელებთ და  ველოდებით ყველას, ვინც ანტიდისკრიმინაციული კანონის, რევანშისტული ძალების წინააღმდეგია, ვინც ამ ძალების განეიტრალების მომხრეა. ჩვენ ვიღებთ  ამ ინიციატივას. თუ მოგვისმენენ სხვა ოპოზიციური  ძალები,  ამ ხელისუფლებას ვაიძულებთ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. მე მჯერა, რომ  ხელისუფლება ხალხის გამარჯვებაზე ორიენტირებული ხელისუფლებაა, ასე თუ არ იქნა, ის დამარცხდება. ბოლომდეა ,,ქართული  ოცნების“  დაწყებული საქმე მისაყვანი და მას ამაში ხალხი და სამოქალაქო სექტორი უნდა დაეხმარონ.

და კიდევ: არასამთავრობო ორგანიზაციები და  პოლიტიკოსები  აანონსებენ, რომ  ნებისმიერი აქცია გამოიწვევს ,,ნაციონალური მოძრაობის“  გააქტიურებას. ვფიქრობ, საზოგადოების მოთხოვნის წინააღმდეგ ნებისმიერი პროვოკაცია უძლურია. მთავარია, ხელისუფლებამ ხალხს მოუსმინოს და ყველაფერი დემოკრატიულად გადაწყდება. ის,  რომ ჩვენს აქციას ვინმე პროვოკაციისთვის გამოიყენებს,  აბსურდია!

-თქვენი აზრით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩაუტარებლობის შემთხვევაში, როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში?

-  ,,ნაციონალები“  ბევრს ვერაფერს გაბედავენ, მაგრამ  თუ არ მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, შესაძლებელია ეს რევანშისტები მომავალში გაორმაგებული ძალით ვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოსა თუ   ხელისუფლებაში.

 ,,ნაციონალების“  გაძლიერება კოალიციაში შემავალი ბევრი პარტიისთვის სახარბიელო იქნება. რა პოლიტიკურ გუნს მივიღებთ, არავინ იცის.  ეს რომ თავიდან ავიცილოთ, ვადამდელი არჩევნები აუცილებელია. პარლამენტში შევა ჯანსაღი ძალა, გარეოპოზიცია და ისინი არ დაუშვებენ მეორე საალტერნატივო ძალად ,,ნაციონალების“  არსებობას!

-დღეს საკმაოდ აქტუალურია, რატომ მიდის საქართველოდან გაეროში ორი დელეგაცია. როგორც ჩანს, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დაპირისპირება კულუარებს გასცდა. ეს პოლიტიკური კრიზისის წინაპირობაა?

-ეს პოლიტიკური კრიზისი უკვე არსებობს ქვეყანაში,   ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები კი  ასეთ კინკლაობასაც მოუღებს ბოლოს. ეს  კინკლაობა  უმნიშვნელო არ არის, ამის უკან გარეძალები დგანან, რომლებსაც სურთ სათავეში მოიყვანონ ის ძალა, ვინც გარედან მართავს ამ ქვეყანას. პრეზიდენტი საუბედუროდ ვიღაცის თამაშს აჰყვა და ეს ვადამდელი არჩევნები იმის დაფიქსირებაც  იქნება, რომ მოკინკლავეებს ალაგმავს.  2012 წლის მსგავსი ნება უნდა გამოხატოს ხალხმა, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა შეიგნონ, ეს ქვეყანა მხოლოდ მათ  და მათ უკან მდგარი მოთამაშეების ჭკუაზე ვერ გაივლის. მათი კინკლაობა იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ხალხისგან შორს არიან. 

-ქვეყანაში გამწვავდა კრიმინოგენული სიტუაცია, რომელსაც რეიდები მოჰყვა. ხალხი უკმაყოფილოა. ეს პროცესი მართული ხომ არ არის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვიოს?

-ეს პროცესი უნიათობისა და ბრიყვული მმართველობის შედეგია.( ლუდის მსმელ კაცს როგორ უნდა აუკრძალო ლუდის დალევა და დააჯარიმო?).  ,,ოცნებამ“  ვერ გააძევა თავისი რიგებიდან  ,,ჩანერგილი“  მუშაკები.  ,,ნაციონალები“  სისასტიკით ამყარებდნენ  წესრიგს. ,,ოცნება“  ცდილობს დემოკრატიულად მართოს ქვეყანა, მაგრამ,  როცა შენ ყოფილ ზონდერს სისასტიკეს უკრძალავ , ის პირდაღებული დაუნი პოლიციელი ხდება, მან სხვანაირად არ იცის დანაშაულთან ბრძოლა.  ამიტომ სასწრაფოდ მისაღებია ახალი პოლიციელები, რომელთა  მოტივი  იქნება  პატრიოტიზმი.

- ბატონო მერაბ, რა ძალებს ეყრდნობა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ახალი რეალობისათვის“?

- მისი იდეა აბსოლუტურად ქართულია, იგი ხალხის სიბრძნესა და გონიერებაზეა დამყარებული, რომელიც  ქართველში არსებობს. სწორედ გონიერებამ  და სიბრძნემ უნდა გადაარჩინოს საქართველო. ქვეყანა და ხელისუფლება უნდა მართოს ხალხმა, პოლიტიკა უნდა შეუკვეთოს ხალხმა და ჩვენ ამას გავაკეთებს. ივანიშვილმა თქვა, სამოქალაქო  სექტორი უნდა გაძლიერდესო და ჩვენ ჩვენი მოთხოვნით  ერთგვარი გამოცდის წინაშე დავაყენებთ ამ ქვეყნის ხელისუფალთ...

ნუ შეგვეშინდება ქართველობის! შემოგვიერთდით!


ესაუბრა ია ჯღარკავა