საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

   საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ივერიონი" უცვლელად გთავაზობთ:

 "დღეს, 12 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II საქართველოს საპატრიარქოში უმასპინძლა თურქეთის რესპუბლიკის რელიგიურ საკითხთა თავმჯდომარეს, პროფესორ, დოქტორ მეჰმედ გორმეზს და მის თანმხლებ პირებს.

  მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა და დიდი სურვილი ურთიერთთანამშრომლობისა და შექმნეს ერთობლივი კომისია, რომელიც იმუშავებს სხვა და სხვა პრობლემატურ საკითხებზე.

  მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ დააყენა თურქეთში საქართველოს ეკლესიის სტატუსის და ეკლესია-მონასტრების საკითხი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით, საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე, ცალმხრივად უკვე არის  განსაზღვრული.

  ასევე კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა თურქეთში რამდენიმე ქართული ტაძრის (არდაშენი, ხახული, იშხანი) ამოქმედების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთი მოქმედებს.

  პროფესორმა, დოქტორმა მეჰმედ გორმეზმა კი გამოთქვა იმედი, რომ აღდგება აზიზიესა და ახმედის მეჩეთები და დასძინა, რომ თურქეთში ქართველებს აქვთ საშუალება რელიგიური თავისუფლების გამოხატვისა.

  მისმა უწმინდესობამ გულისტკივილი გამოთქვა 10 სექტემბერს ქობულეთში მომხდარი მუსლიმების შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელი ფაქტის გამო, რასაც პროფესორი, დოქტორი მეჰმედ გორმეზიც დაეთანხმა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

  საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა სინანულით დასძინა ისიც, რომ თურქეთშიც ხდება აღმაშფოთებელი მოვლენები ქართულ ძეგლებთან მიმართებაში. განსაკუთრებით კი სამწუხაროა, რომ დღემდე არ არის გამოძიებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის წინა დღეებში ქართული ძველი სალოცავის დანგრევის დანაშაულებრივი ფაქტი ისტორიულ ლაზეთში, ქ.ფაზარის (სოფელი ოჩიგი, იგივე ათინა) გარეუბანში, რაც 2013 წლის 14 მაისს მოხდა და ამის შესახებ ხელისუფლებასაც ეცნობა. როგორც ქობულეთში, ისე ფაზარში მომხდარი ფაქტი შეფასდა პროვოკაციად.

  მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამგვარი შეხვედრები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებას,"- აღნიშნულია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: