დემურ გიორხელიძე:-"პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევანზე ახლა საუბარი პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა"

დემურ გიორხელიძე:-"პრეზიდენტის არაპირდაპირ  არჩევანზე ახლა საუბარი პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა"

   ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გარშემო დაგროვილი კითხვებით ივერიონმა ანალიტიკოსს დემურ გიორხელიძეს მიმართა:

 

-ბატონო დემურ, როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ვიზიტი სამიტზე ჩაიშალა. რამ განაპირობა ეს და ლახავს თუ არა ეს ფაქტი მის საშინაო და საგარეო იმიჯს?

-არა, არ ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს ე.წ. იმიჯს ლახავს - იგი ისედაც შელახულია მაქსიმალურად!  შელახულს უფრო ვეღარ შელახავ - არ დაეტყობა. მაგრამ წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ესაა გზა პოლიტიკური კრიზისისაკენ... აი, სად ამოჰყო თავი იმ პრობლემამ, რომელზეც წლებია ვამახვილებ ყურადღებას: საქართველოში კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდადაა ქცეული, ვერაფერს აწესრიგებს და, აი, მოუწესრიგებლობის და დაპირისპირების პრეცენდენტი შექმნა... აი, სად გამოიჩინა ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ახლომხედველობა, როცა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კონსტიტუციის სრული ცვლილება, სახელმწიფოს საძირკველის - კონსტიტუციის შეცვლაზე რომ არ იფიქრა,დატოვა მახინჯი სისტემა უცვლელად ("საპარლამენტო რესპუბლიკას" გავცდითო, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!) და... უვარგისი კონსტიტუციის თავის ჩოხის ზომაზე მორგება დაიწყო... ამ დეფექტური კონსტიტუციის შედეგია, რაც ახლა ხდება!

 -გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვახტანგ ხმალაძე ითხოვს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას. როგორ ფიქრობთ, მივდივართ თუ არა პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებამდე? 

-ვახტანგ ხმალაძე დამოუკიდებლად ვერაფერს მოითხოვს... პრეზიდენტის არაპირდაპირ  არჩევანზე ახლა საუბარი, როცა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები ახლახან დასრულდა, მაგარი პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა და ნიშნავს იმას, რომ ქართული პოლიტიკა საკუთარ, რუსები რომ იტყვიან, "შკურნი",  პარტიულ ინტერესებს არ სცილდება... 

   სანამ ახალი კონსტიტუციის პრინციპები არ იქნება შეთანხმებული ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, მანამ  საკონსტიტუციო ცვლილებები არაფრის მომტანი იქნება და მხოლოდ ხაზს გაუსვამს იმას, რაც 24 წელია კარგად ვიცით საქართველოში: ყველა ხელისუფლება, მოვა თუ არა ხელისუფლებაში, უპასუხისმგებლო ხდება და, გარდა ვიწრო პარტიული და პირადი ინტერესებისა,არაფერი აინტერესებს... 

   ამ მახინჯ კონსტიტუციაში კიდევ ერთი ცვლილება ნიშნავს იმას, რომ წინ ძალიან ძლიერი პოლიტიკური კრიზისი გველის... ეს ამორფული სახელისუფლებო კოალიცია პოლიტიკური სტაბილურობის დამჭერი და ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების გარანტი ვერ იქნება... როგორც ჩანს, შიდა ბრძოლა მიდის, ვინ შეძლებს მეტი გავლენის მოპოვებას და საკუთარი პოლიტიკური მომავლის უზრუნველყოფას... მე მგონი, ისინი იმავე შეცდომას უშვებენ, რასაც სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა! ამ უკანასკნელთ ქართველი ხალხი არაფრად მიაჩნდათ და სულ ფეხებზე ეკიდათ... მოიტეხეს კისერი... კოალიციის მოქმედებაში არ ჩანს, რომ ქართველ ხალხს ისინი უკეთესად ეპყრობიან... პირიქით, - აგრძელებენ წინამორბედების გზას...

   - მერაბ შათირიშვილის მიერ დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ახალი რეალობისათვის". რამდენად დიდი როლის შეარულება შეუძლია ასეთ მოძრაობას საქართველოში პოლიტიკური ამინდის შესაცვლელად? 

   - ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია, თუ იმოქმედებს პოლიტიკური მოღვაწეობისათვის საჭირო მეთოდებითა და ორგანიზებულობით, გახდეს პოლიტიკური პროცესის სუბიექტი... ჯერ-ჯერობით, ვერაფერს გეტყვით... ახალი შექმნილი ჯგუფია და ჯერ არ ჩანს მისი მოქმედება... ალბათ, მალე უნდა გააქტიურდნენ.

   -15 სექტემბერს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, ქუთაისიდან თბილისისკენ ფეხით მსვლელობა იგეგმება. როგორია საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით და შეუერთდება თუ არა მას არასაპარლამენტო ოპოზიცია? 

   -დღეს, 2014 წლის სექტემბერში,  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ჩემი თვალსაზრისით, არასერიოზულ პოლიტიკურ მოთხოვნად მიმაჩნია... 

2016-ში ისედაც არჩევნებია!!! არაფერი მზად სასწრაფოდ საპარლამენტო არჩევნებისთვის არ არის... არ ვიცი ვინ არის ამ მოთხოვნის ორგანიზატორი, მაგრამ, თუ რეალობას შევხედავთ, შელამაზების გარეშე, ახლა ეს არჩევნები მხოლოდ სახელისუფლებო კოალიციას აწყობს და... არ მინდა ვიფიქრო, რომ ამ მოთხოვნების უკან ხელისუფლება დგას... აბა, რა გამართლება აქვს ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას - მთავრობა რეალურს ვერაფერს აკეთებს, ხალხში საოცარი სისწრაფით ნეგატიური განწყობა იზრდება ხელისუფლებისადმი... შე კაი კაცო, პოლიტიკაში თუ ხარ და წარმატება გინდა, მიდი და პრესინგი და ზუსტი კრიტიკა არ მოაკლო ხელისუფლებას და ყველა მისი შეცდომა საჯარო გახადე და ალტერნატივები დასახე. რაღა ისეთ რამეს ითხოვ, ხელისუფლებას რომ აწყობს?!

,, ნაციონალური მოძრაობა" ამ  მოთხოვნას რატომ უნდა შეუერთდეს, კარგად არ მესმის - რა, იმაზე მეტს აიღებენ, ვიდრე აქვთ? მათი მხრიდან ამის მოთხოვნა პოლიტიკური სიბრიყვეა... ასე რომ, რაც შეიძლება 2014 წლის მაისი-ივნისისათვის იყო გამართლებული, პოლიტიკურად მიუღებელია 2015 წელს... ეს პოლიტიკური შეცდომაა და რატომ აკეთებენ პოლიტიკური ძალები საკუთარი თავის საწინააღმდეგო ქმედებებს, ძნელად ასახსნელია, თუმცა, ახსნა შეიძლება!

   - საქართველოს უკეთესი მომავლისათვის აუცილებელია თუ არა ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები?

   -ახლა არანაირი ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები საჭირო არ აროს. ერთადერთი ძალა,  ვისაც ეს აწყობს, რომ თავისი დაბალეფექტური  2-წლიანი საქმიანობა გადაფაროს, სახელისუფლებო კოალიცია "ქართილი ოცნებაა".

 

                                                                                  ესაუბრა ია ჯღარკავა

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: