ალექსი პეტრიაშვილი: რომელ კონსტიტუციაზეა საუბარი, როდესაც გამარჯობაც კი არ ემეტება!

ალექსი პეტრიაშვილი: რომელ კონსტიტუციაზეა საუბარი, როდესაც  გამარჯობაც კი არ ემეტება!

  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირების შესახებ faceboo"-ის საკუთარ გვედრზე  წერს. . მისი თქმით, პრეზიდენტს სჭირდება დროულად განმარტება, თუ ვინ რაზეა პასუხისმგებელი და რისი გარანტი.

  "ამ დილით დავბრუნდი ლატვიიდან. კონფერენციის შთაბეჭდილებები შეძლებისდაგვარად გაგიზიარეთ და ჩვენი ოპონენტების "საქმენი საგმირონიზეც" გამცნეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არა ქვეყნის იმიჯი, მე მათი "მწვავე კითხვები" ვერაფერს დამაკლებს. ვერც მე და ვერც მთავრობას. თავის თავს თუ ავნებენ. და თუ ჩემი გჯერათ, ნამდვილად ავნებენ.

   მაგრამ წასვლამდე იყო კიდევ ერთი საგანგაშო ფაქტი. მართლაც მძიმე მოსასმენი იყო ჩემთვის, როგორც დიპლომატიაში გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანისთვის. ვიზიტიდან გამოხმაურება ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ უყურადღებოდაც ვერ დავტოვებ. "ამ დილას მივიღე დადასტურებული ინფორმაცია, რომ გარკვეულმა ძალებმა ორგანიზებულად ჩაშალეს ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  რას ნიშნავს ეს? ვინ ჩაშალა? თუ ვინმე მისი მოქმედი, ყოფილი თუ არაფორმალური მრჩევლებიდან ჩართული იყო ამ "ჩაშლაში", უნდა განიმარტოს. თუ საგარეო უწყებას გულისხმობს, მაგაზე მე პირადად ძალიან მძაფრი რეაქცია მქონდა, მაქვს და არც ახლა დავმალავ: საგარეო უწყება აკეთებს მაქსიმუმს, რომ საუკეთესოდ წარმოაჩინოს ქვეყანა და არა პირიქით, როგორც ამის წარმოჩენას ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად "მოტალეირანო ელემენტები" (ტალეირანთან ბოდიში მომითხოვია) ცდილობენ. შედეგები სახეზეა და ამაზე თავიდან აღარ მოვყვები.

  ე.წ. ექსპერტების ქილიკიც მახსოვს, ვის გაუგია საგარეო საქმეთა მინისტრი უელსში მართავდეს კონსულტაციებს პრეზიდენტთან გაერო-ში გამგზავრების თაობაზეო. ასეთ შემთხვევაში, მე მიჩნდება შეკითხვა, ვიზიტის გაშუქებისას რატომ არცერთ ე.წ. ექსპერტს არ გაუჩნდა პრეტენზია: ვის გაუგია, ( და ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვანიჭებ ჩემს თავს განსაკუთრებულ მნიშვნელობას), ერთი კაციც კი ესწრებოდეს პრეზიდენტის მხრიდან უმაღლესი დონის შეხვედრას და ეს არ იყოს საგარეო საქმეთა მინისტრი? მაგარი გაუგებარი და მაგარი არასწორია. უელსში საქმიანი და გუნდური მუშაობა გვქონდა დელეგაციის წევრებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ერთად ვიმუშავებდით გასახმიანებელ პოზიციებს, მაგრამ მათგან განსხვავებით, სამწუხაროდ, პრეზიდენტისთვის თითქოს ეს ორი მინისტრი იქ საერთოდ არ არსებობდა. ეს ასეა. ეს თავად პრეზიდენტმაც კარგად იცის, მისმა გარემოცვამაც და სამწუხაროდ ბევრმა სხვამაც.

   ჯერ კიდევ გახსოვთ ალბათ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაც. იყო ერთი მითქმა მოთქმა, ვინ მივიდა, ვინ არ მივიდა. ვისაც ეგების და არ ეგების, დღეს ძალიან ბევრი დგას პრეზიდენტის ინსტიტუტის სადარაჯოზე. კი ბატონო. გჯერათ, არ გჯერათ, მეც გულწრფელად გიერთდებით. ჩემს მიმართაც გაისმა კრიტიკა, მაგრამ აქ მიჩნდება ერთი შეკითხვა: ჩემგან თუ მოითხოვება პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემა, პრეზიდენტი რომ ამბობს და გვარწმუნებს, მე ვარ კონსტიტუციის გარანტიო, რომელ კონსტიტუციის გარანტობაზეა საუბარი, როცა გამარჯობაც კი ძნელად ან საერთოდ არ ემეტება, როგორც თავად ბრძანებს, "სახელმწიფოს და არა მთავრობის მინისტრებისთვის". გამარჯობის თქმას და ხელის ჩამორთმევას რაღა უდგას წინ, მაგ. საბჭოს სხდომის დაწყებამდე? არც ხელის ჩამორთმევით ან არჩამორთმევით დამაკლდება ან მომეტაება მე პირადად რამე, მაგრამ აქ საკვანძო სიტყვა არის

უ რ თ ი ე რ თ პ ა ტ ი ვ ი ს ც ე მ ა - არსებობს ასეთი კარგი და მრავლისმეტყველი სიტყვა!

მე პირადული ბევრი მომითმენია და ამ თმენის ვალდებულებასაც ნამდვილად ვგრძნობ, მაგრამ ეგრე არ გამოვა და დიდხანსაც ვერ გასტანს. ცალმხრივი არაფერი არ ვარგა. პრეზიდენტი კი არა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები წავიდნენ ამ ქვეყნიდან (ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი ამყოფოს საქართველოს პრეზიდენტი თავის ცოლ-შვილთან ერთად. ამას ხაზგასმით იმიტომ ვწერ, რომ ვინმე "ენამოსწრებულს" და ჩასაფრებულს თავში აზრად არ მოუვიდეს, სიცოცხლეც კი ემეტება პრეზიდენტისთვისო); დღესაც განვიცდი, მაგრამ ცხოვრება მიდის.

  აი სახელმწიფოსთან და ქვეყნის ინტერესებთან როცა გვაქვს საქმე, სადაც სათქმელია იქ უნდა ითქვას და სანამ დროა, მაშინ უნდა ითქვას, რომ მერე სანანებელი არ გაუხდეს ქვეყანას. მე სხვა ტიპის პრეზიდენტს დავუჭირე მხარი და სხვას ვხედავ დღეს. "კონსილიერების", "ინსაიდერების", ამალის და ხალხურად "ჩორტის ჩამგდებების" ბრალია ეს თუ, ყველაფერთმცოდნე ექსპერტების, ფაქტია, რომ პრეზიდენტს სჭირდება დროულად განმარტება, და რაც მთავარია, სწორი განმარტება, გნებავთ დახმარებაც დაარქვით ამას, სად, ვინ, რაზეა პასუხისმგებელი და რისი გარანტი, თორემ კონკურენცია მე გამიგია ბიზნესში, გნებავთ სპორტულ გუნდში მსოფლიო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ადგილის დაკავებისთვის, მაგრამ არა პოლიტიკურში. მთავრობაში, მადლობა ღმერთს, ასეთი კონკურენცია არ არსებობს. სხვათაშორის, არც ჩემს პარტია "თავისუფალ დემოკრატებში". ყველაფერი შეთანხმებულია და გარკვეულია. მე ასე მესმის: ან არის გუნდი, ან არა/ვერა. თუ შეთანხმება შედგება მსოფლიო მედიის ჩარევის, აჟიოტაჟის და საყოველთაო ისტერიის გარეშე, ნამდვილად გამიხარდება. ჩემი აზრით, სწორი და მართებული ასე იქნება. მთავრობა ამისთვის მზად არის. პრეზიდენტი? არ ვიცი. მინდა, რომ იყოს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. ბოლო ბოლო გზებიც თუ გაიყოფა, არც ეს არის დიდი უბედურება. ასეც შესაძლებელია ცხოვრება, ოღონდ სიცხადით, და დროული სიცხადით. ძალიან ბევრი პრობლემაა მისახედი და არც ხალხი უნდა გავტანჯოთ და არც აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებებს აქვთ მაგაზე დროის ხარჯვის ფუფუნება.

  პ.ს. ბევრჯერ გადავიკითხე, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი უპატივცემლობაში დადანაშაულების მცირედი საშაულებაც კი არ მიმეცა არავისთვის. იმედია, გამომივიდა", - წერს პეტრიაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: