სირცხვილი თქვენ, "ქართულო ოცნებავ"! ანუ, რა ხდება სინამდვილეში ჩხოროწყუში?!

სირცხვილი თქვენ,  "ქართულო ოცნებავ"!  ანუ, რა ხდება სინამდვილეში ჩხოროწყუში?!

  გუშინ "ივერიონში" გამოქვეყნდა ია მეგრელიშვილის ინტერვიუ სათაურით პოლიტიკური "ქვის ხანა" ჩხოროწყუში და ადგილობრივი მაფიოზების მიერ დაჩმორებული "ქართული ოცნება"!  ჩხოროწყუს საკრებულოს წევრთან ანზორ სიჭინავასთან, სადაც იგი მწვავედ წარმოაჩენს  რაიონში შექმნილ არაჯანსაღ სიტუაციას და "ქართული ოცნების" დეპუტაციასა და საკრებულოს ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირების რეალურ მიზეზებზე საუბრობს.
მკითხველს შევპირდით, რომ მეორე მხარესაც მივცემდით სერიოზულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალებას.
  "ივერიონი" დაუკავშირდა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეს  ბესიკ ესებუას და რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით გოგუას, რომლებმაც პასუხი გასცეს ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს. 

 ბესიკ ესებუა: ჩემი საკრებულოს თავმჯომარედ დანიშვნა პოლიტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა!


-ბატონო ბესო, სააგენტო ,,ივერიონში" გამოქვეყნდა ინტერვიუ ჩხოროწყუს საკრებულოს წევრთან ანზორ სიჭინავასთან, რომელიც მწვავედ აკრიტიკებს საკრებულოში შექმნილ მდგომარეობას. ის ამბობს, რომ თქვენს მიერ მთლიანად უზურპირებულია საკრებულო და კოალიცია ,,ქართული ოცნება"  თამაშგარე  მდგომარეობაში დარჩა. თქვენმა ოპონენტმა კონკტრეტული გვარ-სახელებიც დაასახელა, ვინც შეუფერებელნი არიან საკრებულოში დაკავებული თანამდებობებისთვის. როგორ უპასუხებთ მის ამ ბრალდებას?


-ბატონი ანზორ სიჭინავა ის პიროვნებაა, 2012 წელს ქვეყნის ბედი რომ წყდებოდა, ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატად დასახელებულ ლევან იზორიას გვერდით რომ არ დაუდგა. საკრებულოს თავმჯდომარედ ჩემი დანიშვნა სწორედ "ქართული ოცნების"  პოლიტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა. ბატონი სიჭინავა ამ გადაწყვეტილებას არ სცნობს. სამწუხაროა, რომ ის საკრებულოს სხდომებს არ ესწრება, ან მოდის და დემონსტრაციულად ტოვებს დარბაზს. შეიძლება, ხალხისგან არჩეული პიროვნება სხდომებს არ ესწრებოდეს?! ეს , ფაქტობრივად, საბოტაჟი და ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯია.
მე ოპოზიციურ გუნდში ვიყავი ჯერ კიდევ  მაშინ, როცა არ მომწონდა შევარდნაძისა და სააკაშვილის პოლიტიკა. ეს ის დროა, საპროტესტო ომი რომ მიმდინარეობდა და მიტინგზე ერთ კაცს რომ ვერ გამოიყვანდი. მე მაშინ  ვიდექი ხალხის გვერდით და ანზორ სიჭინავასთანა ადამიანები ჩხოროწყუში 2012 წლის არჩევნების შემდეგ გამოჩნდნენ.


-ბატონო ბესო, ბატონი სიჭინავა ეჭვქვეშ აყენებს საკრებულოს თავმჯდომარედ თქვენს არჩევას. როცა თავმჯდომარედ აგირჩიეს ,არც  ერთი პარტიის წევრი არ ყოფილხართ, ხოლო წინა დღეს  საკრებულოში უმრავლესობით წარმოდგენილი  ,,ქართული ოცნება" სხვა კანდიდატს უჭერდა თურმე  მხარს.  თქვენი კომენტარი?


-ბატონმა სიჭინავამ ოქმი წაიკითხოს და საკრებულოს გადაწყვეტილებას გაეცნოს. თვითონ რომ არ ესწრება სხდომებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკრებულო ფუნქციონირებას მიატოვებს. მისი საქციელი კონსტიტუციის დარღვევა და მისი ამომრჩევლის უფლების შელახვაა!

სიჭინავა საკრებულოში შემთხვევით მოსული ადამიანია. 13 თვითმმართველობიდან 9 რომ წააგეს, ამ ამბავს ვის აბრალებენ?!

 

-იგი ამტკიცებს, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობასა" და ე.წ. საინიციატივო ჯგუფს შორის ალიანსი შეიკრა და მათ მიერ თქვენი  არჩევის მიღმა ბინძური გარიგება იმალება...


-საკრებულოს სხდომაზე  სიჭინავა და მისი გუნდი არ დადის  და ვინც დადის იმან დამიჭირა მხარი და რა ვქნა, როგორ მოვიქცე? მე საკრებულოს დირექტორი კი არ ვარ, ხელმძღვანელი ვარ და იქ მყოფ ხალხის რჩეულებს პატივი უნდა ვცე!


-სიჭინავა კიდევ ერთ ბრალდებას გიყენებთ. იგი ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონენტების კონკლაობა ქუჩურ გარჩევებში  გადაიზარდა და მასში პოლიციაცაა ჩარეული...


-არანაირი პოლიცია!  არანაირი ქუჩა! ჩვენ შევდივართ საკრებულოში და ვმუშაობთ, ქუჩაში და გარეთ ეგენი დარბიან. რაც არ უნდა საწინააღმდეგო აზრი გქონდეს, სხდომაზე მაინც უნდა მოხვიდე!
- როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება  საკრებულოს  მიმართ?
-მე კენჭი დაბაში ვიყარე და მოვიგე. ასე რომ, ხალხის დამოკიდებულება უკვე ყველასთვის გასაგები უნდა იყოს!
    
 დავით გოგუა: ანზორ სიჭინავას  ბრალდებები ხელოვნურად მართულ  პროცესს მაგონებს!
  -ბატონო დავით, რა ხდება ჩხოროწყუში? საკრებულოს ,,ქართული ოცნების"  წევრი ანზორ სიჭინავა აცხადებს, რომ რაიონი, ფაქტობრივად, პარალიზებულია, მმართველი კოალიცია, ფაქტობრივად, სხდომებს არ ესწრება. მან ისიც თქვა, რომ თქვენ ჩხოროწყუს გამგებლობის კანდიდატად კენჭი იყარეთ, როგორც ,,ქართული ოცნების" კანდიდატმა, მაგრამ მხარს სხვა პოლიტიკურ ფრთას უჭერთ.  ახლა კი თქვენი თანაგუნდელები გსაყვედურობენ, რომ ,,ოცნებას" უღალატეთ. რა იქნება თქვენი კომენტარი აღნიშნულ ბრალდებაზე?
-მე ,,ქართული ოცნების"  დამფუძნებელი ვიყავი ჩხოროწყუში.  დღესაც მის წევრად  ვრჩები. ვფიქრობ, ,,ქართული ოცნება" ის ძალაა, ვინც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.
რაც შეეხება ანზორ სიჭინავას, მას პატივს ვცემ და არ მინდა ვაკრიტიკო, თუმცა რაიონში რეალობა  სულ სხვაა - მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამოუკიდებელ კანდიდატებს  და ,ქართულ ოცნებას" დაუჭირა. საქმე ისაა, რომ ჩვენ არა მარტო ,,ქართულ ოცნებასთან ", არამედ, ყველა სხვა პარტიასთან ვთანამშრომლობთ, ვინც ხალხისთვის სიკეთეს გააკეთებს.
რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს,  ბესიკ ესებუას, მისი კანდიდატურა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ დაასახელა და მე მას მხარი დავუჭირე, როგორც კოალიციის რჩეულს. სად ხედავთ აქ ჩემს ღალატს?!
-ანზორ სიჭინავამ პირდაპირ დაგადანაშაულათ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლების დევნაში. კერძოდ, იგი ამბობს, რომ, არჩევნების შემდეგ, თქვენ თანამდებობებიდან გაათავისუფლეთ ,,ქართული ოცნების" წევრები და მათ ნაცვლად ,,ნაციონალები" დაასაქმეთ. ადგილი აქვს ნეპოტიზმსაც. როგორია თქვენი პასუხი ამ ბრალდებებზე?
-არანაირი ნეპოტიზმი! ჩემი არც ერთი ნათესავი თუ ახლობელი არ არის დასაქმებული. გამგებლობა მსხვერპლს მოითხოვს. მე პირადი ცხოვრებისთვისაც  არ მაქვს დრო, რადგან რაიონის საქმეები დიდ დროს მართმევს. 
მართალია, ზოგი განთავისუფლდა, ზოგიც ჩამოქვეითდა, მაგრამ  ამაში რა არის საგანგაშო? მე ის ხალხი მივიღე სამსახურებში, ვინც ,,ქართული ოცნების" აქტივისტები იყვნენ. რაიონებში რწმუნებულებიც გათავისუფლდნენ და ტესტირება-ატესტაციას ექვემდებარებიან.
მე ყველა დეპუტატთან მაქვს ურთიერთობა და თუ ვინმე თავს ამარიდებს, ეს მისი  პიროვნული ამბიციის პრობლემაა.
-ბატონი სიჭინავა კურიოზს და ისტორიულ სასწაულს უწოდებს მმართველი კოალიციის დევნილობას. ვინ მართავს სიტუაციას ჩხოროწყუში?
-ჩხოროწყუში არავინ იდევნება. ეს ბრალდებები ხელოვნურად მართულ პროცესს მაგონებს, რომლის უკან ვინ დგას, არ ვიცი.

                                                               ესაუბრა ია ჯღარკავა
                           
" ივერიონისგან"  ჩხოროწყუს რაიონის გამგებლის და საკრებულოს თავმჯდომარის პასუხებიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმენება, რომ თითქოს ყველაფერი რიგზეა და რაიონის "ქართული ოცნების" დეპუტატი საქმეს ხელოვნურად ართულებს!
  ჩვენ მედიატორის ფუნქციას ვერ ვიკისრებთ, თუმცა, ისიც ცხადია, რომ ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება . მითუმეტეს, რაიონში შექმნილ არაჯანსაღ სიტუაციას მოსახლეობა საკმაოდ უარყოფითად აფასებს. 
  დიახ, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ რაიონი მაფიოზური კლანების  მიერ იმართება და "ქართული ოცნება", "როგორც გუშინ ვთქვით ჩხოროწყუში დაჩმორებულია. თუმცა, ეს ჩხოროწყუელების ბრალი ნამდვილად არ არის - ამაზე "ქართული ოცნების"  ხელმძღვანელობამ, მისმა პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს  და სათანადო დასკვნებიც უნდა გამოიტანოს!..
  როგორც ბატონმა ანზორმა ჩვენთან პირად საუბარში განმარტა , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ  დავით უსუფაშვილის  თქმით პოლიტსაბჭომ უკვე იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე  და "ქართული ოცნების"  ჩხოროწყუს დეპუტაციას  სიტუაციის დარეგულირება აღუთქვა.
   არ ვიცით,  რა შედეგებს მოიტანს  ეს დაპირება, მაგრამ, რაიონში არსებული სიტუაცია არა მარტო მმართველი პარტიის  უსუსურობაზე და უნიათობაზე მეტყველებს, არამედ ...   უსირცხვილობაზეც! ღირსების გრძნობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია...
   ჩვენ მზად ვართ დაინტერესებულ პირებს მივცეთ საკუთარი  პოზიციის დაფიქსირების საშუალება  და მოვლენების განვითარების პროცესს ბოლომდე მივყვეთ!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: